დღის თემა
etaloni.ge
თამარ ივერი ბავშვობაში გამვლელებს აივნიდან კარტოფილებს ესროდა და მერე იმალებოდა - საოპერო მომღერლის სახალისო ამბები
24.07.2023

საოპერო მომღერალი, თამარ ივერი, ძალიან ცელქი ბავშვი ყოფილა. როგორც მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მისი ბავშვობის სიანცეზე საკუთარმა ბიძაშვილმა ერთხელ ჟურნალისტს უამბო.

თამარ ივერი ბიძაშვილის მიერ მოთხრობილ საკუთარ ოინებს ასე იხსენებს:

„ჟურნალისტმა ჩემს ბიძაშვილს ჰკითხა, თქვენს მამიდაშვილს როგორ დაახასიათებდით, როგორი ბავშვი იყო, როგორი ბავშვობა გქონდათ? გავიბადრე, ველოდები რომ უნდა მოყვეს თუ რა ფუმფულა და „საკალელი“ გოგო ვიყავი და უცებ იწყებს:

ერთად გავიზარდეთ, ზაფხულშიც სულ ერთად ვისვენებდით, ცნობისმოყვარე და ძალიან  ცელქი ბავშვი იყო. ერთხელ, კრუხს კვერცხები მოპარა და თვითონ შეიტენა ტანსაცმელში, ზემოდან „ადიალა“ დაიფარა და დილიდან საღამომდე ასე იწვა გატრუნული, რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და წიწილები თავად გამოეჩეკა. რომ არ განძრეულიყო, საჭმელიც საწოლში ჭამა, რომ არ იჩეკებოდნენ წიწილები, საშინლად ბრაზობდა - ჰა, დროზე გამოდით ახლა მაგ კვერცხებიდან, ამდენი ხანი გიწევართ სულ გავიოფლეო...

ერთხელ, კატის მჩხავანა კნუტი იპოვა და მითხრა, შია, დედიკო არ ჰყავს და ძუძუ მე რომ ვაჭამო, რა მოხდებაო? ცოტა ხნის მერე აწივლებული და ატირებული გამოვარდა - გამიძალიანდა  და სულ დამფხაჭნა ამ საძაგელმაო...

სოფელში ერთ ქალს ვირით ტყლაპები დაჰქონდა. გიჟდებოდა თამრიკო ტყლაპზე. ერთხელ ეს ქალი ერთი სახლის ეზოში შევიდა ტყლაპის მისაცემად, იხელთა დრო თამუნამ და ერთი ტყლაპი მოიპარა, მეც გამიყო. რომ ვუთხარი, ვაიმე, ახლა რაღა გვეშველება-მეთქი, გაიცინა, დაწყნარდი, ვირი ნამდვილად ვერ „ჩაგვიშვებსო“.

დოლიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, სულ აივანზე უყვარდა დგომა და ქვეშ, ტროტუარზე გამვლელებს ზემოდან კარტოფილებს ესროდა და მერე იმალებოდა ხოლმე... მერე, მერი მამიდამ სცემა, რომ აღარ დარჩა აივანზე აღარც  კარტოფილი, აღარც კაკალი და თხილეული...

თუ რომელიმე კაცი სახურავზე ავიდოდა რაიმის გასაკეთებლად, კიბეს  გამოაცლიდა...

ერთხელ, ჭარხალი საწოლში შედო, ნახევრად საბანი გადააფარა, ჭარხალს კუდი გამოაყოფინა, გაიქცა ბაბუამისთან  და ბაბუა, ნახე საწოლში ვირთხა შეძვრაო...“

იხილეთ ასევე:

რაზე ოცნებობს თბილისში საბავშვო ბაღის ერთადერთი მამაკაცი დირექტორი - „მინდა, გვქონდეს დიდი ზომის მანქანები, ტრაქტორები, ვეფხვები და ლომები“

„ამის გამო ბაღი მეჯავრებოდა“ - პოეტის ცუდი მოგონება საბავშვო ბაღზე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი