დღის თემა
etaloni.ge
როგორ გავუვარჯიშოთ პატარებს შემეცნებითი და ენობრივი უნარები - რეკომენდაციები
20.09.2023

პასუხისმგებლობის აღების უნარი და სოციალურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის განცდა,ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი დასაბამს ბავშვობიდან იღებს. ბავშვები, თუ ამის საშუალებას ვაძლევთ. უამრავ რამეს სწავლობენ ყოველდღიურ საოჯახო საქმიანობებში ჩართულობით, - აღნიშნულია სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“.

ამ თემაზე პუბლიკაციაში შემდეგი სახის რჩევებია მოცემული:

► გამოაცხვეთ ბავშვთან ერთად ნამცხვარი. მიეცით საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ინგრედიენტების მომზადებაში: რამდენი კვერცხი, შაქარი და ფქვილი გვჭირდება? როგორ გავადნოთ კარაქი? რა მოხდება, როცა ყვითელ კვერცხის გულებში თეთრ შაქარს ავურევთ?

► მიეცით ბავშვებს საშუალება, დაგეხმარონ ჭურჭლის გარეცხვაში. თბილი წყალი და ქაფი ამშვიდებს, რეცხვა ავითარებს მოტორულ უნარებს, ზრდის ბავშვში მნიშვნელოვანებისა და თვითშეფასების განცდას. გააწყვეთ სუფრა ბავშვებთან ერთად, ჰკითხეთ, მათი აზრით, რამდენი თეფში, ჭიქა თუ ჩანგალი დაგჭირდებათ. რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ბავშვი, ჭამოს დამოუკიდებლად და გახადეთ იგი ოჯახური სადილების სრულფასოვანი წევრი.

► ჭამის დროს ჩართეთ ბავშვი ოჯახის წევრებს შორის გამართულ დიალოგებში. ეს საუბრები შეიძლება ეხებოდეს საკვებს (გემო, ცხელი, ცივი, მლაშე, ცხარე, ტკბილი, ფერი, მომაწოდე, გადაიღე, მადლობა, კიდევ, რამდენი, მეტი, ნაკლები), დღის მანძილზე მომხდარ ამბებს ან ნებისმიერ სხვა თემას. ყველა შემთხვევაში, ამგვარ ოჯახურ რიტუალებში ბავშვის მონაწილეობა ზრდის მის შემეცნებით და ენობრივ უნარებს, ასევე დამოუკიდებლობასა და მიკუთვნებულობის განცდას.

► 4,5 წლის ასაკიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვთან ერთად ჩართოთ სარეცხის მანქანა. რომელ უჯრაში იყრება ფხვნილი? რომელი ფხვნილი გვჭირდება: თეთრი ფერის სარეცხის, თუ ჭრელის? რამდენი ფხვნილი გვჭირდება? რამდენ გრადუსზე შეიძლება ამ სარეცხის გარეცხვა? როგორ დავაყენოთ რეცხვის რეჟიმზე? ეს საფეხურები ბავშვთან ერთად, აუჩქარებლად გაიარეთ. მიეცით საშუალება, დაგაკვირდეთ და თავადაც მოსინჯოს. შეაქეთ სულ მცირე წარმატების შემთხვევაშიც. ნუ შეგეშინდებათ დაშვებული შეცდომების. მიეცით, შეძლებისდაგვარად, მეტი დამოუკიდებლობა.

ბავშვთან ერთად გარეცხილი სარეცხის გადარჩევა და დახარისხება საშუალებას გაძლევთ, ისაუბროთ: ფერებზე, კატეგორიებზე, კუთვნილებაზე, დანიშნულებაზე, სეზონებზე. ამგვარი საუბარი და საქმიანობა ბავშვს შემეცნებით და ენობრივ უნარებს გაუვარჯიშებს. ასწავლის, როგორ გამოიყენოს დახარისხების უნარი ფუნქციურად. ასწავლის დაგეგმვას და ამოცანის ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებას, გააუმჯობესებს მის თანამშრომლობით/სოციალურ უნარებს და მოამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, შემატებს თვითრწმენას.

► ცხადია, რომ საოჯახო საქმიანობებში ამგვარი ჩართულობა ბიჭებისთვის და გოგოებისთვის ერთნაირად სასარგებლოა. გახსოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი აქტივობები მრავალფეროვან სასწავლო ასპარეზს იძლევა, ეცადეთ, არ გადააქციოთ ისინი „გამოცდად“. მოერიდეთ კომუნიკაციის გამომცდელ და დირექტიულ სტილს, მაგალითად: „აბა, მითხარი, ეს რა ფერია?“, „ვისია ეს კაბა?“. ამით შესაძლოა, ბავშვს თანამშრომლობის სურვილი დააკარგვინოთ.

ამის ნაცვლად, უმჯობესია, გამოიყენოთ ფრაზები: „დღეს რომელი ჭიქები დავაწყოთ სუფრაზე?“, „მოდი, მუქი და თეთრი ფერის სარეცხი გადავარჩიოთ“, „დამეხმარე, შენი ტანსაცმელი გამოვარჩიოთ“, „როგორ ფიქრობ, ჯერ რა უნდა გავრეცხოთ?“ და ა.შ. დაინტერესდით ბავშვის აზრით, მიეცით მას არჩევანის გაკეთების საშუალება. თანამშრომლობითი გარემო მეტი სტიმულია განვითარებისთვის, ვიდრე მუდმივად „გამოცდაზე“ ყოფნა. საქმიანობის დასრულებისას შეაქეთ ბავშვი, უთხარით, რომ მისი მონაწილეობა თქვენთვის სასიამოვნო იყო.

► დღეს ბევრი მშობელი დარდობს იმაზე, რომ ბავშვთან ერთად ბევრ დროს ვერ ატარებს. გახსოვდეთ, რომ ბავშვთან ერთად გატარებულ დროში, ხანგრძლივობაზე მეტად ხარისხი ფასობს. დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ბავშვთან ყოველდღიური, თუნდაც 5-10 წუთიანი, ორმხრივად სასიამოვნო ინტერაქცია, რომლის დროსაც მას ემოციური სიახლოვისა და დაცულობის განცდას ვანიჭებთ, ხელს ვუწყობთ მისი თვითშეფასების ზრდას და ვეხმარებით შემეცნებისა და ენითი საზღვრების გაფართოებაში.

► დღეს პოზიტიური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ „ფსიქოლოგიური ჩართულობის“, იგივე „ოპტიმალური გამოცდილების“ ცნებაზე. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი რაღაც აქტივობაში მთელი გულითაა ჩართული და აქვს მოტივაციის, კმაყოფილებისა და კონტროლის განცდა.

► ფსიქოლოგები ამბობენ, ამგვარი ჩართულობით მოგვრილი სიამოვნებისა და კმაყოფილების შეგრძნება უკიდურესად დადებითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. ბავშვთან ერთად საქმიანობა, მასთან ერთად რაღაცის გულით კეთება, თავისუფლად შეიძლება გახდეს „ფსიქოლოგიური ჩართულობის“, „ოპტიმალური გამოცდილების“ მიღების საშუალება თქვენთვის და თქვენი შვილისთვისაც. მიიღეთ მასთან ურთიერთობით სიამოვნება და გააუმჯობესეთ მისი და თქვენი ცხოვრების ხარისხი.

იხილეთ ასევე:

პირველი კვირა საბავშვო ბაღში - გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება და დაეხმარეთ კომუნიკაციაში

საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის მასშტაბური ტრენინგები იგეგმება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი