დღის თემა
etaloni.ge
კურიკულუმის ეფექტიანობის ინდიკატორები - „ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსზეც უნდა იყოს მორგებული, რაც გულისხმობს მისი კომპეტენციის დონეს“
26.09.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის შემუშავებული ავტორიზაციის 4-დან ერთი სტანდარტი კურიკულუმია და იმისათვის, რომ საბავშვო ბაღმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს, აუცილებელია, კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება.

კურიკულუმის ჩარჩოს 5 კომპონენტი - სწავლების სტრატეგიები და მეთოდები საბავშვო ბაღში

კურიკულუმის ჩარჩოს შემუშავების შემდეგ, საჭიროა მაჩვენებლები, რომლებიც საბავშვო ბაღს დაეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად ეფექტიანია შემუშავებული კურიკულუმი, ვინაიდან მხოლოდ ეფექტიანი კურიკულუმი უზრუნველყოფს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას.

რა არის კურიკულუმის ეფექტიანობის ინდიკატორები?

გამოყოფენ შემდეგ მაჩვენებლებს:

► კურიკულუმი უზრუნველყოფს ბავშვების აქტიურ ჩართულობას - იმისათვის, რათა ბავშვები სხვადასხვა მიმართულებით განვითარდნენ - ფიზიკურად, გონებრივად, სოციალურად, ემოციურად, - მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში;

► კურიკულუმს აქვს მკაფიო, გაზიარებული მიზნები - კურიკულუმის მიზნები მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ყველა მხარისთვის გაზიარებული - დაწესებულების ადმინისტრაციისთვის, საგანმანათლებლო პერსონალისთის, ოჯახებისთვის;

► კურიკულუმი მტკიცებულებებზეა დაფუძნებული - ეფექტიანი კურიკულუმი ეფუძნება მტკიცებულებებს, რომლებიც ბავშვის განვითარებას, კულტურას შეესაბამება;

► კურიკულუმი გულისხმობს თამაშითა და აღმოჩენებით სწავლებას - ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ საკუთარი გამოცდილებით, ისინი იკვლევენ, აკვირდებიან, თამაშით შეიმეცნებენ სამყაროს. ეფექტიანი კურიკულუმი ითვალისწინებს ბავშვების ამ ბუნებას;

► კურიკულუმი არის ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი - სასწავლო პროგრამა მოიცავს განვითარების ყველა სფეროს, როგორც ფიზიკურს, შემეცნებითს, მეტყველება-კომუნიკაციას, სოციალურ-ემოციურს, ასევე- საგნობრივ მიმართულებებს (ხელოვნება, მეცნიერება, წიგნიერება);

► კურიკულუმი ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსზეა მორგებული -კურიკულუმი არა მხოლოდ ბავშვის საჭიროებებს უნდა ითვალისწინებდეს, არამედ ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსზეც უნდა იყოს მორგებული, რაც გულისხმობს მისი კომპეტენციის დონესა და კურიკულუმის განხორციელების შესაძლებლობას შორის შესაბამისობას;

► კურიკულუმი პასუხობს ადგილობრივ საგანმანათლებლო სტანდარტებს - ეფექტიანი კურიკულუმი შეესაბამება საგანმანათლებლო სტანდარტებს და უზრუნველყოფს ამ სტანდარტების შესრულებას;

► კურიკულუმი ბავშვზეა მორგებული - კურიკულუმი იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი ბავშვი, რომელიც პროგრამაშია ჩართული, განვითარდეს თავისი მაქსიმალური პოტენციალის შესაბამისად, მიუხედავად მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა (ასაკი, სქესი, მშობლიური ენა, სოციოკულტურული წარმომავლობა, შესაძლებლობები და სხვა);

► კურიკულუმი გულისხმობს პატივისცემაზე დაფუძნებულ პოზიტიურ სოციალურ გარემოს - ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსები და სხვა თანამშრომლები ბავშვებთან, მშობლებთან და ერთმანეთთან პატივისცემით ურთიერთობენ და პოზიტიური სოციალური გარემოს დასამკვიდრებლად და შესანარჩუნებლად სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ.

შერჩეული ან შემუშავებული კურიკულუმი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ინდიკატორებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სკოლამდელი დაწესებულების მუშაობა ეფექტიანი და პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებსაც ამ შემთხვევაში მიაღწევს, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი განათლების  ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში.

იხილეთ ასევე:

აბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის მორიგი შეხვედრა 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება - „ნახევარი საქართველო იჯდა ერთ დარბაზში და მსჯელობდა, როგორ როგორ გავაუმჯობესოთ ბაღები“

რას ითვალისწინებს კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება - კითხვარში გაწერილი დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი