დღის თემა
etaloni.ge
ეფექტურმა სკოლამდელმა განათლებამ შესაძლოა, ბავშვი შშმ პირის სტატუსისგან იხსნას
16.08.2023

ცოტა ხნის წინ, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ ჩატარებულ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მაცხოვრებელი 2-17 წლის ასაკის ბავშვების 5.8 პროცენტს აქვს რაიმე სახის ფუნქციური სირთულე, თუმცა მათგან მხოლოდ 12.6 პროცენტს აქვს ოფიციალურად შშმ პირის სტატუსი.

UNICEF-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მშობლები შვილებისთვის ამ სტატუსის მინიჭებას საზოგადოებაში არსებული სტიგმების გამო ერიდებიან.

მშობლების 26,2% უარს ამბობს შვილს შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს - სტიგმა, რომელიც ისევ აქტუალურია 

ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევის მიხედვით, იმისათვის, რომ ბავშვმა მიიღოს სახელმწიფო უწყებებისგან შესაბამისი მხარდაჭერა, აუცილებელია, მას ქონდეს შესაბამისი სტატუსი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან, ხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება პასუხისმგებელი უწყებებისგან - ჯანმრთელობის ან განათლების სამინისტროებისგან.

სტატუსის მინიჭებით, პასუხისმგებელი უწყება უზრუნველყოფს განსაკუთრებული საჭიროების (სპეციალური საგანმანათლებლო ან შეზღუდული შესაძლებლობის) მქონე კონკრეტული ბავშვის იდენტიფიცირებას და მისკენ წარმართავს საჭირო მხარდაჭერას.

შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი არის შესაძლებლობა და წინაპირობა ბავშვმა სახელმწიფოსგან მიიღოს საჭირო დამატებითი მხარდაჭერა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის დადასტურების შემდეგ, ბავშვი ხდება სახელმწიფოსგან იმ დამატებითი მხარდაჭერის მიმღები, რომლის საფუძველზეც უნდა შემცირდეს ის სირთულეები, რომელსაც განიცდის ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაში და სასწავლო პროცესში და რომლის საფუძველზეც უნდა გაიზარდოს ბავშვის ჩართულობა და მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლებისაგან განსხვავებით, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე, ბავშვებისთვის, მათი დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების იდენტიფიცირების შემთხვევაში, არ ხდება ოფიციალური სტატუსის მინიჭება. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება დადებით ტენდენციად შეფასდეს, რადგან ბავშვების კატეგორიზაცია შესაძლებელია, გახდეს მათი დისკრიმინაციის და სტიგმატიზაციის საფუძველი. ასევე, სკოლამდელ საფეხურზე ფორმალური სტატუსის მინიჭების საჭიროება ნაკლებად დგას, რადგან ხშირად ადრეულ და/ან სკოლამდელ ასაკში არსებული სირთულეები წარმოადგენს მეტად დროებით და გარდამავალ მდგომარეობას და ბავშვები გარკვეულ შემთხვევებში უმკლავდებიან და სძლევენ განვითარების თავისებურებებს.

ეფექტურად დაგეგმილმა და წარმართულმა ადრეულმა და სკოლამდელმა განათლებამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, იმდენად პოზიტიური როლი ითამაშოს ბავშვის განვითარებაზე, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე დამატებითი სტატუსის და ინტერვენციის პრევენცია მოახდინოს. მაგალითად, გააუმჯობესოს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების უნარები, რის გამოც, ბავშვს სკოლაში სირთულეები და პრობლემები აღარ შეექმნება.

შესაბამისად, სრულიად დასაშვებია, რომ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდელი განათლების საფეხურზე დამატებითი მხარდაჭერის საჭიროება აღენიშნებათ, საერთოდაც არ დასჭირდეთ სპეციფიური ინტერვენცია ზოგადი განათლების საფეხურზე და მათთვის დამატებითი სტატუსის - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე - მინიჭების საჭიროებაც არ დადგეს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი განათლების საფეხურზე არ უნდა ხდებოდეს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება სჭირდებოდეთ და არ ავიღოთ პასუხისმგებლობა მათთვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული გზამკვლევის ფარგლებში, აქცენტი კეთდება არა ბავშვის ფორმალურ სტატუსსა და შესაძლებლობაზე, არამედ, ბავშვის ქცევასა და გამოცდილებაზე, რომელიც მიგვითითებს, რომ კონკრეტულ ბავშვს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.

შესაბამისად, იმ ბავშვების აღსანიშნად, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე სხვადასხვა მიზეზით სტანდარტულზე მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ, გამოყენებული იქნება ტერმინი, - დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვი ან ბავშვი, რომელსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, - რაც არ წარმოადგენს ოფიციალურ სტატუსს და არ ასოცირდება განვითარების ან ჯანმრთელობის ამა თუ იმ დარღვევასთან.

იხილეთ ასევე:

იწვევს თუ არა აცრები აუტიზმს - პედიატრი ძმების განმარტება

ინდივიდუალური ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები საბავშვო ბაღში - აღმზრდელების ინფორმირება, სტრატეგიების შესაბამისად მოქმედება...

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი