დღის თემა
etaloni.ge
ბაღის თანამშრომლებს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - „ერთ-ერთი მშობელი განაწყენდა და სხვებიც აიყოლია“
25.07.2023

გორის მე-19 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები სააღმზრდელო დაწესებულებას ბავშვების უდიერად მოპყრობაში, ცემაში, და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მოზაიკის“ ინფორმაციით, ბაღში არსებულ ვითარებაზე მშობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.

„მე -19 ბაღს, თუ მშვიდი ბავშვი არ გყავთ, არ გირჩევთ. ნერვები არ აქვთ, ბავშვის ტირილს უსმინონ, როგორც თვითონ ამბობენ. მიღებულია სახაზავის თავში ჩარტყმაც და ა.შ“, – წერს ეკატერინე დოლიძე.

„საშინელი ბაღი, ბავშვს ისეთი ისტერიკა დამართეს, სიმწრისგან თითით კედელი ქონდა ნაჩიჩქნი“, – ყევბა თეო დაბრუნდაშვილი.

მშობლების თქმით, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მსგავსი ფაქტების დამალვას ცდილობს.

„მეც მანდ დამყავდა. ბავშვებს სცემენ უმოწყალოდ და დირექტორიც ხელს აფარებს უნამუსო მასწავლებლებს. მაგ დასახლებაში ვარ, მაგრამ მე-18 -ში დამყავს ინცინდენტის გამო, რომელიც უფროსი შვილის ჯგუფში მოხდა და კიდევ გამოდის ამბები, რომ იგივე ხდება“, – ამბობს მარიამ მაკრახიძე.

აღსაზრდელთა მშობლების ბრალდებების საპასუხოდ, „მოზაიკა“ მე-19 საბავშვო ბაღის დირექტორს, რუსუდან გუგულაშვილს დაუკავშირდა.  ბაღის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რამდენიმე მშობელმა უკმაყოფილება გასულ წელს გამოთქვა, რის გამოც ბაღში არსებული ვითარების შესასწავლად საქმეში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო, თუმცა რაიმე დარღვევა და ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტები არ დადასტურდა.

„ეს მოხდა შარშან, როცა დამათავრებელი ჯგუფის ღონისძიებაზე ეზოში ფოიერვერკების დანთებაზე უარი ვუთხარი. ერთ-ერთი მშობელი განაწყენდა და სხვა მშობლებიც აიყოლია. ამბობდა, არ მიიყვანოთ შვილები მაგ ბაღში და ასე შემდეგ. სახალხო დამცველიც ჩაერთო ამ საქმის შესწავლაში და როცა ამ მშობელს ჰკითხეს, რეალური იყო თუ არა მისი ბრალდებები, კატეგორიული უარი განაცხადა ინტერვიუს მიცემაზე. შემდეგ ტელევიზიაც იყო მოსული, დევნილთა კოტეჯებში ატარეს და ერთი ადამიანი ვერ ნახეს, ვინც ცუდს იტყოდა საბავშო ბაღზე. ერთი სიტყვით, არ დადასტურდა ეს ბრალდებები“, – განაცხადა რუსუდან გუგულაშვილმა, რომელიც ასევე ამბობს, რომ მიუხედავად გავრცელებული ბრალდებებისა, აღნიშნული საბავშვო ბაღი მშობლებისთვის კვლავ მოთხვონადია და რეგისტრაციის დაწყებისთანავე ადგილები უკვე თითქმის შევსებულია.

„რა კარგი იქნებოდა ყველა საბავშვო ბაღში კამერები რომ იყოს დამონტაჟებული და მშობლებს ჰქონდეთ წვდომა შვილების ჯგუფების კამერებზე. ასე აღარც აღმზრდელები იკადრებდნენ შეუსაბამო საქციელს და მშობელსაც ნებისმიერ დროს შეეძლება გადამოწმება, რამდენად სანდო გარემოში ჰყავს შვილები“, - ასეთ მოსაზრებას კი ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ახმოვანებს...

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღები 5 236 244 ლარი დაჯდა, მაგრამ მათი გახსნა გადაიდო - „შენობა უხარისხოა“

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დეტალები სამ მუნიციპალიტეტში - სად და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი