დღის თემა
etaloni.ge
გაზარდეთ ბავშვში თავისუფლებისა და კონტროლის განცდა, რის ხარჯზეც ის თქვენთან ითანამშრომლებს
01.08.2023

2-3 წლის ასაკში ხდება ბავშვის პიროვნული „მე“-ს ფორმირება, რაც იწვევს ავტონომიურობის და ყველაფრის უფროსებისგან დამოუკიდებლად შესრულების სურვილს, რის გამოც, ის დაჟინებით ეწინააღმდეგება ნებისმიერ ზეგავლენას გარშემომყოფი ადამიანებისაგან, - წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პუბლიკაციაში „პოზიტიური მშობლობა“.

ამ ასაკში პატარა უკვე იწყებს საკუთარი ინდივიდუალურობის გაცნობიერებას და აქვს დაუოკებელი მოთხოვნილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, განაცხადოს ამის შესახებ, გამოავლინოს თავისი „მე“. მაგრამ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მან ჯერ კიდევ არ იცის. ამიტომაც ირჩევს ყველაზე მარტივ გზას - უპირისპირდება უფროსებს და მოქმედებს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, ავლენს ნეგატივიზმს, ჭირვეულობს, ჯიუტობს, აპროტესტებს.

როგორ მოვიქცეთ?

უფროსის თხოვნაზე უარყოფითი პასუხი ბავშვის მხრიდან უპატივცემულობად არ უნდა ჩავთვალოთ. ასე თქვენს გასაღიზიანებლად კი არ იქცევა, არამედ ავითარებს საკუთარ იდენტობასა და დამოუკიდებლობას. მისთვის ეს ინდივიდუალობის გამოვლენის ერთ-ერთი გზაა.

მიეცით  ბავშვს  მკაფიო,  შეზღუდული  არჩევანი - შესთავაზეთ რამდენიმე, თქვენთვის მისაღები ალტერნატივა. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გაზარდოთ ბავშვში თავისუფლებისა და კონტროლის განცდა, რის ხარჯზეც იზრდება იმის ალბათობა, რომ ის თქვენთან ითანამშრომლებს. მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და არ აიძულოს, დაეთანხმოს მის გადაწყვეტილებას. მაგალითად, მიეცით საშუალება, აირჩიოს რომელი მარცვლეულის ფაფას მიირთმევს დილით, რომელ ბოსტნეულს მიაყოლებს სადილს, რომელ მაისურს ჩაიცვამს, გარეთ ითამაშებს თუ სახლში და ა.შ. რაც უფრო მალე გაუჩნდება იმის განცდა, რომ თავად არის გადაწყვეტილების მიმღები, მით უფრო ადრე დაიწყებს თქვენთან თანამშრომლობას.

ნუ მისცემთ არჩევანს, როდესაც არჩევანი არ არსებობს. არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც ამ ასაკში მოლაპარაკებას არ ექვემდებარება, მაგალითად, უსაფრთხოების წესები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. მოერიდეთ შეკითხვის დასმას, როდესაც მხოლოდ ერთადერთი პასუხი არსებობს. ეცადეთ, ეს ისეთი ფორმით მიაწოდოთ ბავშვს, რომ არ იყოს მისთვის შეურაცხმყოფელი. მაგალითად, „ჩვენი დაძინების დრო მოვიდა“.  ერიდეთ მუქარას და დირექტივებს - „ახლავე დასაძინებლად წადი, თორემ...“ და ა.შ.

მიეცით მოსამზადებელი დრო, რათა გადაერთოს ერთი აქტივობიდან მეორეზე. მაგალითად, თუ თამაშობს და კარგად ერთობა, თქვენ კი გსურთ სადილზე დაუძახოთ, გააფრთხილეთ 5 წუთით ადრე, რომ ჭამის დროა და 5 წუთში აქტივობა უნდა დაასრულოს. შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ წამზომი.

ამოიღეთ ზედმეტი წესები. რაც უფრო მეტი წესი გექნებათ, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ბავშვი არ დაგეთანხმოთ. შეამცირეთ არასაჭირო მოლოდინები და კამათი უმნიშვნელო დეტალებზე, როგორიცაა მაგალითად, კონკრეტული ფერის ტანისამოსის შერჩევა ან თეფშის ბოლომდე მოსუფთავება. დაეხმარეთ ბავშვს, მეტი დადებითი კომუნიკაციის ხარჯზე, თავი ნაკლებად კონტროლირებულად იგრძნოს.

ერიდეთ მიმართვის ნეგატიური ფორმით ფორმულირებას და ფრაზების - „არ შეიძლება“, „ნუ აკეთებ“, გამოყენებას. სანაცვლოდ შესთავაზეთ, რა უნდა გააკეთოს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „საბა, არ ჩააქრო სინათლე“, უთხარით: „საბა, სინათლე აანთე“.

წვრილმან საკითხებში დაუთმეთ. თუ ბავშვს სურს, ჯერ მეორე კერძი მიირთვას და შემდეგ წვნიანი, დაე, ასე მოიქცეს, ამით არაფერი დაშავდება.

იხილეთ ასევე:

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საკუთარ ემოციებთან ურთიერთობაში - რეკომენდაციები

ბაღის პერსონალმა საკუთარი თავი თავად უნდა შეაფასოს და განსაზღვროს პროფესიული განვითარების საჭიროებები - სტანდარტის მოთხოვნები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი