დღის თემა
etaloni.ge
რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება
09.08.2023

სკოლამდელი აღზრდისა და განთლების დაწესებულებას, ავტორიზაციის გასავლელად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული მისია, ხედვა და ღირებულებები. სკოლამდელი განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის გზამკვლევის მიხედვით, დაწესებულების მისია უნდა ეხმიანებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და განსაზღვრავდეს საკუთარ როლს, როგორც ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სივრცეს.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, როგორც ინსტიტუციის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვერცერთი დაწესებულება ვერ იქნება თავის ძირითად საქმიანობაში წარმატებული, თუ ის როგორც ორგანიზაცია არ იქნება მდგრადი. სწორედ აღნიშნულის გააზრებას, ხელშეწყობას და განვითარებას ემსახურება დაწესებულებაში მისიის ხედვის ღირებულებების ჩამოყალიბება და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის გამართვა.  

პირველი სტანდარტის პირველი ინდიკატორი განიხილავს მისიასთან დაკავშირებულ საკითხებს და დაწესებულებას უყენებს ორ ძირითად მოთხოვნას - დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მისია და განსაზღვროს მისიის შინაარსობრივი მოთხოვნები.

რა არის მისია?

მისია არის მოკლე, ძირითადად რამდენიმე წინადადებისგან შედგენილი განაცხადი, რომელიც ასახავს ორგანიზაციის ფუნდამენტურ/ ძირითად დანიშნულებას. მისია არის ის ძირითადი მიზანი ან მიზეზი, რისთვისაც შეიქმნა ორგანიზაცია. მისიის საშუალებით ხდება ორგანიზაციის იდენტობის ფორმირება. იგი მიზანზეა ორიენტირებული და როგორც წესი, ამაღლებულად ჟღერს.

დაწესებულების მისიისა და ხედვის ორიგინალობას ქმნის მისი საზოგადოების, თემის სპეციფიკა, ის გამოწვევები და ღირებულებები, ის გარემო და მოცემულობა, რომელშიც არსებობს და მოღვაწეობს ბაღი.

მთავარი ორიენტირები, რაზეც მისიის ჩამოყალიბებისას უნდა კონცენტრირდეს დაწესებულება, მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ბავშვის განათლება, გონებრივი და ფიზიკური განვითარება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, წარმატება, პოტენციალი, უნარები და შესაძლებლობების განვითარება და ა.შ.

მისიის ფორმულირებაზე ფიქრისას, საორიენტაციოდ შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კითხვები: ვინ ვართ ჩვენ? რისთვის არსებობს ჩვენი ბაღი - ვინ არიან ჩვენი დაინტერესებული მხარეები და მათი რა კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებას ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით?

კარგად ფორმულირებული მისია უნდა იყოს მოკლე, შინაარსობრივად გასაგები და მოტივაციის მიმცემი. მაგალითად, მისია შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ჩვენი მისიაა შევქმნათ უსაფრთხო და ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებში ცხოვრებისთვის და სწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას“.

იხილეთ ასევე:

კურიკულუმის ჩარჩოს 5 კომპონენტი - სწავლების სტრატეგიები და მეთოდები საბავშვო ბაღში

„საბავშვო ბაღის თანამშრომლები კეთილგანწყობილნი უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი“ - სკოლამდელი დაწესებულების სტანდარტის 10 ინდიკატორი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი