დღის თემა
etaloni.ge
როგორ აშენდება კედლები, სკოლამდელ ასაკზეა დამოკიდებული - ბავშვის თავის ტვინი და შენობის არქიტექტურა
16.08.2023

ნებისმიერ ორ ადამიანს შორის წარმატებულ თუ წარუმატებელ ურთიერთობაში პასუხისმგებელი ორივე მხარეა. ბავშვსა და უფროსს შორის სანდო, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში კი პასუხისმგებლობის სასწორი უფროსის მხარეს იხრება, - წერია მშობლებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში, „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“, რომლის ავტორებიც სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები არიან.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მშობლობა დიდი ბედნიერებაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. მშობლობას ბევრი სიხარულიც მოაქვს და ბევრი შრომაც.

თანამედროვე თეორიები ბავშვის განვითარებას ურთიერთობების სივრცეში, ურთიერთობების ჩარჩოში განიხილავს. იმ გენეტიკურ მახასიათებლებთან ერთად, რასაც ბუნება ბავშვს დაანათლავს, მის განვითარებას ის გარემოც განაპირობებს, რომელშიც ბავშვს უწევს აღზრდა.

მეცნიერები ბავშვის თავის ტვინის განვითარებას შენობის არქიტექტურას ადარებენ და ამბობენ, რომ ამ შენობის საფუძველი იმ გენეტიკური მასალით იყრება, რაც ბავშვს მემკვიდრეობით ერგო, ხოლო ის, თუ როგორ აშენდება კედლები, როგორ გაიბმება ტიხრები და კომუნიკაციები, როგორ მოეწყობა სივრცე, იმ ურთიერთობებზეა დამოკიდებული, რასაც ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში, განსაკუთრებით კი სკოლამდელ ასაკამდე იღებს.

ურთიერთობა მუცლად ყოფნისთანავე იწყება. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მშობლები, ორსულობის ბოლო თვეს, ყოველ საღამოს უკითხავდნენ ბავშვებს ერთი და იგივე ლექსს. დაბადებიდან პირველ თვეებში, ამ ლექსის გაგონებაზე, ბავშვები მეტი ჩართულობის ნიშნებს ავლენდნენ, ვიდრე სხვა ტექსტის მოსმენის შემთხვევაში. პასუხი ბავშვის პირველ გაღიმებასა და ღუღუნზე, მასთან ლაპარაკი და მის ემოციებთან შეწყობა, სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბების საწინდარია.

6 თვის ასაკიდან ბავშვები უცხოობას სწავლობენ, უპირატესობას ნაცნობ ადამიანებს ანიჭებენ და ნელ-ნელა, დაახლოებით 8 თვის ასაკიდან, თავიანთი სურვილების მიზანმიმართულად გამოხატვას იწყებენ. მათგან წამოსული სიგნალების „წაკითხვა“ და გულისხმიერი პასუხი მშობლობის მნიშვნელოვანი მხარეა.

1 წლის ასაკში ბავშვები აცნობიერებენ, რომ საგნები მაშინაც არსებობენ, როდესაც ისინი მათ ვერ ხედავენ და ამ საგნებთან სიტყვების დაკავშირებას იწყებენ.

2-3 წლის ასაკი საკუთარი თავის აღქმისა და დამკვიდრების პერიოდია. ამ დროს ბავშვის ჭირვეულობის ხარისხმა შესაძლოა იმატოს და მშობლებს მეტი მოთმინების გამოჩენა დასჭირდეთ.

3 წლის ზევით ბავშვის შემეცნების სურვილი სულ უფრო და უფრო მზარდია. შეკითხვა „რატომ?“ ლექსიკონის განუყოფელი ნაწილი ხდება და მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ბავშვის განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდებს დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი მათთან ურთიერთობის ხარისხი და სტილი. უფროსის, კომუნიკაციური პარტნიორის ურთიერთობის სტილი უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავი დაცულად, დაფასებულად, ღირსეულად, ჩართულად და მშვიდად იგრძნონ.

იხილეთ ასევე:

„ნუ დამალავთ თქვენს მწუხარებას და აუხსენით ბავშვებს ამის მიზეზი“ - რჩევები

იმის მტკიცებაში, რომ ბავშვის შიში უსაფუძვლო და არარეალურია, არ გამოგრჩეთ ყველაზე მთავარი - რჩევები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი