დღის თემა
etaloni.ge
მარიამ ღვთისმშობლის მიძინება - დედა ღვთისა არამარტო სულით, არამედ სხეულითაც ზეციურ სასუფეველში აიყვანა უფალმა
28.08.2023

დღეს, 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინება აღინიშნება, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროსთვის დაწესებულ თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორისაა.

ყოვლადწმინდა მარიამის მიძინება უფლის ცად ამაღლებიდან 15 წლის შემდეგ აღესრულა.

გადმოცემის მიხედვით, წმინდა მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზმა სამი დღით ადრე აცნობა მიწიერი ცხოვრების დასასრულის შესახებ. თან მისცა სამოთხის ბაღიდან ზეთისხილის რტო, რომელიც ნათელს გამოსცემდა. მარიამს ძალიან უნდოდა წუთისოფლის დატოვებამდე ყველა მოციქული ერთად ეხილა. უფალმა მას ეს სურვილი აუსრულა და სასწრაფოდ შეკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე, რომელთა შორის ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო.

საერთო ლოცვის შემდეგ, მესამე საათს, როცა მიძინების ჟამი მოახლოვდა, სახლი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა და ქრისტე ღმერთი თავისი სრული დიდებით - მთავარანგელოზების, ანგელოზებისა და წინასწარმეტყველთა თანხლებით გამოეცხადა. უფალმა იესო ქრისტემ დედის უბიწო სული მიირქვა და ზეცაში ამაღლდა.

როდესაც ღვთსიმშობლის სულის ამაღლება დასრულდა, მისი სხეული და სახე ანათებდა, როგორც მზე. ვინც კი ეხებოდა მის წმინდა გვამს, იკურნებოდა. მოციქულებმა მისი სხეული გეთსიმანიის ბაღისკენ წააბრძანეს სამოთხის ყლორტით ხელში. გზაში კი მრავალი სასაწაული აღესრულებოდა.

დედა ღვთისა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალეს. ქრისტეს მოწაფეები სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ლოცულობდნენ და გალობდნენ სამარხთან. თომა მოციქული ვერ გახდა ღირსი წმინდა ცხედართან გამოთხოვებისა. იგი მხოლოდ მესამე დღეს მივიდა და გულმხურვალედ ატირდა. მოციქულებს შეებრალათ თომა და ლოდი, რომლითაც აკლდამა იყო დახშული, გადააგორეს, სადაც ყოვლადწმინდა მარიამის მხოლოდ სუდარა იპოვეს, რომლისგანაც გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა, პატიოსანი გვამი კი აღარსად იყო. მოციქულები განცვიფრდნენ, ღვთისმოსაობით ეამბორნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციური დედოფალი გამოეცხადათ და დაამშვიდა ისინი. 

ღვთისმშობელმა უთხრა მოციქულებს: „გიხაროდეთ, რამეთუ მე თქვენთან ვარ ამიერიდან და უკუნისამდე“. გახარებულმა მოციქულებმა შეჰღაღადეს: „ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ“...

ყველასათვის გაცხადდა - ძე ღვთისამ დედა ღვთისა არამარტო სულით, არამედ სხეულითაც აიყვანა ზეციურ სასუფეველში.

სხვადასხვა ვერსიით, ღვთისმშობელმა იცოცხლა 63 ან 72 წელი და გარდაიცვალა ქრისტეშობიდან  დაახლოებით  57 წელს.

ცად ამაღლების შემდეგ დედა ღვთისა მთელი კაცობრიობის მარადიული მფარველი და შუამდგომელი გახდა ღვთის წინაშე.

უცნობია, ზუსტად როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.

მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღვის.

იხილეთ ასევე:

რომელ რიტუალში მონაწილეობაა ბავშვებისთვის აუცილებელი ბარბარობა დღეს

როგორ გადაიქცა წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად, რომელიც სახლში ბუხრიდან ჩადის და საჩუქრებს წინდებში აწყობს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი