დღის თემა
etaloni.ge
„მშობლებმა ინდივიდუალურად უნდა გამონახონ ბავშვების სხვა ბაგა-ბაღებში გადაყვანის გზები“ - სკოლამდელი დაწესებულება სტანდარტის მოთხოვნებს არ შეესაბამება
29.08.2023

ახალგორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ წეროვანში არსებული სკოლამდელი დაწესებულება არ შეესაბამება დღეს მოქმედ სტანდარტებს.

გაერთიანება მშობლებს სთხოვს, განცხადებით მიმართონ წეროვნის ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას, რათა ბავშვების სხვა ბაგა-ბაღებში დარეგისტრირება შეძლონ.

„დადგენილებაში ჩამოყალიბებულია მოთხოვნები დაწესებულების შენობის  ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნებს არ შეესაბამება წეროვნის ბაგა-ბაღის შენობა, რის გამოც იგი შეყვანილია სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხაში. რეაბილიტაციას ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ ეტაპზე  ველოდებით ტენდერის შედეგებს  და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. აქედან გამომდინარე, ახალ 2023-2024 სასწავლო წლიდან, წეროვნის ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი არ დაიწყება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეის მდგომარეობით, წეროვნის ბაგა-ბაღში 222 აღსაზრდელი ირიცხება. ამ რაოდენობის ბავშვთა განთავსების ალტერნატიული საშუალება კი ბაღს არ გააჩნია. ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვების მიღება მოხდეს წილკნის ბაგა-ბაღში, სადაც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

„წეროვნის ბაგა-ბაღის გამოსაშვები ჯგუფების აღსაზრდელთა მშობლებს, ვისაც სურვილი აქვს მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვები მიიყვანონ წილკნის ბაგა-ბაღში, ვთხოვთ, განცხადებით მიმართონ წეროვნის ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას. მშობლის წერილობითი განცხადების გარეშე ბავშვის გადაყვანა წილკნის ბაგა-ბაღში არ მოხდება. განცხადებები მიიღება 31 აგვისტოს ჩათვლით.

რაც შეეხება სხვა ასაკობრივი ჯგუფების აღსაზრდელებს, მშობლებმა ინდივიდუალურად უნდა გამონახონ  ბავშვების სხვა ბაგა-ბაღებში დროებითი გადაყვანის გზები“, - აფრთხილებს გაერთიანება მშობლებს.

იხილეთ ასევე:

„განცხადება საბავშვო ბაღში უნდა შეავსოთ“ - წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

ეფექტურმა სკოლამდელმა განათლებამ შესაძლოა, ბავშვი შშმ პირის სტატუსისგან იხსნას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი