დღის თემა
etaloni.ge
„ერთი აღმზრდელ-პედაგოგი და თანაშემწე არასაკმარისია, რომ ყველა ბავშვმა ხარისხიანი მხარდაჭერა მიიღოს“
31.08.2023

ბაღში ბავშვების უპირატესი მხარდამჭერი და მათ გართობა-განვითარებაზე, ზრუნვასა და განათლებაზე პასუხიმგებელი პირი აღმზრდელ-პედაგოგია. ამ სპეციალისტს გავლილი მომზადება-გადამზადების პროგრამების საფუძველზე აქვს კომპეტენცია, იმგვარად დაგეგმოს ბავშვების დღის რუტინა, რომ ბავშვების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვით უზრუნველყოს მათი უნარების ჰარმონიული განვითარება, - წერია ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევში.

პუბლიკაციის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ ბავშვების დამატებითი მხარდაჭერის საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა კომპეტენცია არასაკმარისად განისაზღვრება ბავშვისთვის საჭირო მხარდაჭერის მისაწოდებლად ან აღმზრდელისა და ბავშვების თანაფარდობა არ იძლევა დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვისთვის სათანადო მხარდაჭერის მიწოდების შესაძლებლობას. ანუ, ჯგუფში ჩართული ბავშვების რაოდენობის და მათი თავისებურების გათვალისწინებით, ერთი აღმზრდელ-პედაგოგი, მხოლოდ თანაშემწის მხარდაჭერით, არასაკმარისია იმისათვის, რომ ყველა ბავშვმა თანაბრად ხარისხიანი მხარდაჭერა მიიღოს.

აღნიშნულს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ჩართული ერთი ან რამდენიმე ბავშვი სხვა ბავშვებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ მხარდაჭერას და ყურადღებას საჭიროებს, ხოლო თუკი აღნიშნული მხარდაჭერის მიწოდებაზე პასუხისმგებლად მხოლოდ ჯგუფის აღმზრდელ-პედაგოგი ან ძიძა განისაზღვრება, ეს სხვა ბავშვებს მოაკლებს საჭირო მხარდაჭერასა და ყურადღებას.

აღნიშნულ შემთხვევებში საჭირო ხდება ბაღში ჩართულ პრაქტიკოსთა წრის გაფართოება, ანუ დამატებითი სპეციალისტების აყვანა (თუ აღნიშნული სპეციალისტები ბაღს ჯერ არ ჰყავს) ან თუ აღნიშნული სპეციალისტები ბაღში არსებობენ, მათი მიმართვა მოცემულ ჯგუფში დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვის და/ან აღმზრდელ-პედაგოგის მხარდასაჭერად.

აღნიშნული დამატებითი სპეციალისტები, საკუთარი პროფესიული კომპეტენციის და სამუშაო ვალდებულების საფუძველზე შეავსებენ საჭიროებას და აღმზრდელ-პედაგოგთან ერთან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბავშვების განვითრების მხარდაჭერაში.

დამატებითი სპეციალისტის ჩართვით იქმნება ბაღის მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც თავისი მრავალფეროვანი კომპეტენციით უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.

ბაღის მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შორის შესაძლებელია იყვნენ შემდეგი სპეციალისტები:

► ენისა და მეტყველების სპეციალისტი

► ოკუპაციური თერაპევტი

► ფსიქოლოგი

► ადრეული განვითარების სპეციალისტი

► ჟესტური ენის თარჯიმანი

► მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი

► ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი

► სპეციალური პედაგოგი

თითოეული სპეციალისტი თავისი უნიკალური კომპეტენციის საფუძველზე უზრუნველყოფს ბავშვისთვის საჭირო დამატებითი მხარდაჭერის მიწოდებას და აღმზრდელ-პედაგოგის საქმიანობის შევსებას.

ის, თუ რამდენად გაფართოებული იქნება ბაღის მულტიდისციპლინური გუნდი, ანუ რამდენი ზემოთ მოხსენიებული სპეციალისტი იქნება მასში ჩართული, უპირველესად დამოკიდებულია ბავშვების თავისებურებებიდან გამომდინარე ბაღში არსებულ საჭიროებებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბაღში არ ირიცხებიან სმენის ან მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვები, ბუნებრივია, არ დგება ჟესტური ენის თარჯიმნისა და მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტის ჩართვის საჭიროება მოცემულ მომენტში და აღნიშნულ სპეციალისტებს ამ ბაღში არ შევხვდებით, სანამ შესაბამისი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვები არ დარეგისტრირდებიან.

მაშასადამე, სრულიად ბუნებრივია, რომ ბაღში ხდებოდეს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობის ცვლილება, მისი გაფართოება ან შემჭიდროვება ბავშვების საჭიროების გათვალისწინებით.

მულტიდისციპლინური გუნდის ზოგიერთი წევრი ბაღმა უნდა დაიქირაოს იმ ვადით, რა ვადითაც კონკრეტული საჭიროების მქონე ბავშვი იქნება ბაღში ჩართული:

ჟესტური ენის თარჯიმანი ბაღში ჩაერთვება ფიქსირებული ვადით - მაგალითად, 3 წლით, თუ ის სამი წლის სმენის მნიშვნელოვანი სირთულის მქონე/ყრუ ბავშვისთვის გახდასაჭირო. თუ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბაღში სხვა მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვი არ ჩაირიცხა, სპეციალისტი გადამისამართდება იმ ბაღში, სადაც მისი მხარდაჭერის საჭიროება გაჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ ბაღში სხვა სმენის მნიშვნელოვანი სირთულის მქონე/ყრუ ბავშვი ჩაირიცხა, მოცემულ სპეციალისტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივდება.

აღნიშნული მობილობით შეიძლება გამოირჩეოდეს ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი, რომელიც მოცემულ ბაღში საქმიანობას დაასრულებს, თუ ბავშვი, რომელსაც ის მხარდაჭერას უწევდა, დატოვებს ბაღს და სხვა საგანმანათლებლო გარემოში გადაინაცვლებს. ბავშვის ინდივიდუალურმა ასისტენტმა შესაძლებელია საქმიანობა გააგრძელოს სხვა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სხვა ბავშვის მხარდასაჭერად, თუ აღნიშნული მომსახურების საჭიროება მოცემულ ბაღში არ გამოვლინდა ან გაჰყვება იმ ბავშვს, რომელსაც ასისტირებას უწევდა ზოგადი განათლების საფეხურზეც, თუ აღნიშნული ტიპის მხარდაჭერის საჭიროება ამ ბავშვს სკოლის გარემოშიც დაუდასტურდა.

მაშასადამე, ბაღის მულტიდისციპლინური გუნდის ზოგიერთი წევრი უფრო მობილურია გუნდის სხვა წევრებთან შედარებით, მისი დაქირავება უპირატესად ხელშეკრულებით და კონკრეტული ვადით ხდება, რაც, ბუნებრივია, არ გამორიცხავს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.

ხშირ შემთხვევაში, ბაღის მუდმივ კადრს წარმოადგენენ ისეთი სპეციალისტები, როგორიცაა ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, სპეციალური პედაგოგი. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე მათი ჩართვა ბაღში ყოველთვის განპირობებულია კონკრეტული საჭიროების მქონე ბავშვების ბაღში ჩართულობით, აღნიშნული კადრი, როგორც წესი, აგრძელებს ბაღში საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ბავშვები განათლების შემდეგ საფეხურზე გადაინაცვლებენ ხოლმე. ბუნებრივია, ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბაღში ბავშვების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, უმრავლეს შემთხვევაში უწყვეტად არსებობს აღნიშნული კადრის საჭიროება - აღმზრდელ-პედაგოგებს, მშობლებს სჭირდებათ კონსულტაცია და მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისას, განვითარების მხარდაჭერისას და სხვა.

იხილეთ ასევე:

„ბაღის მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა მიზანზე გავყავართ თამაშს და შესაბამისად დაგეგმოს აქტივობები“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი ბაღში არსებულ პრობლემაზე

ინდივიდუალური ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები საბავშვო ბაღში - აღმზრდელების ინფორმირება, სტრატეგიების შესაბამისად მოქმედება...

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი