დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელების რჩევები დამწყებებს - „უნდა დაიმშვიდოთ ნერვები... ბავშვები ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებენ“
08.09.2023

„წელს ვიწყებ მუშაობას პირველად ბაღში აღმზრდელად. იქნებ მომცეთ რამე რჩევა, როგორც დამწყებს“, - ითხოვა ერთმა მოქალაქემ სოციალური ქსელის ჯგუფში - „ბაღის მოტივირებული პედაგოგები“.

სკოლამდელი განათლების სფეროში პირველ ნაბიჯების გადადგმის წინ, კოლეგებმა დამწყებს, სხვადასხვა რჩევები მისცეს.

რჩევები დამწყებს დასაქმებულებისგან:

„ყველანაირად ეცადე, მოიპოვო ბავშვების ნდობა, შეაყვარო თავი. ამისთვის უნდა იყო ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მათთან მიდგომაც ინდივიდუალური უნდა იყოს. მიმართეთ ბევრ და მრავალფეროვან აქტივობებს. თვითონ მიხვდებით რა მოსწონთ ბავშვებს“;

„იყავი თბილი, მოსიყვარულე, გაიზიარე თითოეული ბავშვის სიხარული თუ დარდი, - ამ ყველაფერს გრძნობენ პატარები. გახდი მათი თანატოლი, მათთან ერთად ითამაშე, იცეკვე, იმღერე, რათა ხვალინდელი დღე მათთვის უფრო ძვირფასი იყოს და სურვილი ჰქონდეთ ბაღში მოსვლის. ესაა ჩემი უპირველესი დევიზი და ასეც უნდა ხდებოდეს ბაღში. დანარჩენს თანდათან მიგითითებს სტანდარტი და კურუკულუმი“;

„შეიყვარე სხვისი შვილი საკუთარივით. იყავი მათი დიდი მეგობარი და ჩათვალე, რომ ისინი ყველაზე დიდი ადამიანები არიან. დანარჩენი თავისთავად გამოგივა - ამისათვის არსებობს სააღმზრდელო პროგრამა“;

„სიყვარული და სითბო რომ აუცილებელია, ეგ ისედაც იცით! დადექით ყოველთვის ბავშვის სიმაღლეზე, მოუსმინეთ. დაგეგმეთ სახალისო აქტივობები. სწავლება თამაშით ძალიან კარგ შედეგზე გახვალთ. მშობელთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ყოველ წამს გამოიყენეთ შექების სტრატეგია“;

„უნდა დაიმშვიდო ნერვები“;

„გაეცი ბევრი პოზიტივი, გახდი მათი ტოლი, ჩაერთე მათთან ერთად ყველა აქტივობებში. დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად გამოგივათ და იფიქრებთ, მეორე დღეს აბა რა გაუხარდებათ, რა მოეწონათ... იყავი ყოველთვის მათი ტოლი და მიზანზე ყოველთვის გახვალ. წარმატებებს გისურვებთ და მჯერა, კარგი პედაგოგი დადგებით“;

„გაეცანით უფლება-მოვალეობებს, შეისწავლეთ ადრეული განვითარების სტანდარტი, შეიმუშავეთ და დახვეწეთ კალენდარული გეგმა, ითამაშეთ ბავშვებთან, მიეცით სითბო და სიყვარული“;

„შეიყვარეთ და მიიღეთ ბავშვები ისეთები, როგორებიც არიან. გიყვარდეთ ისინი უპირობოდ. დაგეგმეთ მათთან ერთად საინტერესო, სახალისო და განმავითარებელი აქტივობები და თქვენც ამ აქტივობებში ჩართეთ, იყავით მათი თანატოლი .ჩემი პრაქტიკიდან გიზიარებთ, რომ ბავშვს ძალიან უყვარს, როდესაც მათთან ერთად ერთვებით სპორტულ აქტივობებში“;

„ეცადე, გაუგო მშობლებს, თორემ ბავშვები ისეთი სასწაულები და საყვარლები არიან, იქეთ გასწავლიან სიყვარულს“;

„გიყვარდეთ ბავშვები და თავი აგრძნობინეთ ისე, როგორც საკუთარ სახლში, დედასთან იქნებოდნენ. ათამაშეთ, ჩაეხუტეთ და გაუხალისეთ სტრესული დღე - იმის გამო რომ დედა ტოვებს ბაღში და მიდის. სამწუხაროდ, ბავშვისთვის ძალიან რთულია ამის გადატანა“;

„თუ გიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობაში ყველაფერი გამოგივა. მახსოვს პირველი დღე, ბაღში რომ მივედი. ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, რა გავაკეთო... მაგრამ ეს იყო წამიერი. 10 წელია ვმუშაობ და მას შემდეგ არცერთი წამი არ მიფიქრია, რა გავაკეთო. პირიქით, ვფიქრობ ბაღის იქეთ სხვა სამსახური, სხვა პროფესია არ არსებობს. ჩემთვის უდიდესი განტვირთვაა ბაღი. ეგ რომ არა, თავს დატეხილ უბედურებას ვერ გადავიტანდი. თუ გინდა, გყავდეს ყველაზე წმინდა და სუფთა გულის მეგობრები, მაშინ ბაღში უნდა იმუშაო. მათ გულწრფელი სიყვარული შეუძლიათ გენდობიან და მეგობრობენ...“;

„ყოველთვის იფიქრეთ, ის რომ თქვენი შვილი იყოს ასე თუ მოექცეოდით? მოუსმინეთ ყველას ინდივიდუალურად. იყავით მათი მეგობარი და არა - მასწავლებელი. მათთან ერთად ისწავლეთ ყველაფერი. იყავით ავტორიტეტი და არა ავტორიტარი. რამდენ სიყვარულს და მზრუნველობასაც გასცემთ, იმდენს მიიღებთ“;

„ეს ერთადერთი პროფესიაა, რომელშიც წვრილმანები არ არსებობს და ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია“;

„ბავშვების და პროფესიის სიყვარულის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ცხადია, ვერ მიიღებდით. იქ იმდენად საინტერესო და გულწრფელი სამყაროა, რომ ალბად ვეღარასდროს გამოხვალთ ნებით. ითამაშეთ და გაერთეთ მათთან ერთად, როგორც მათი თანატოლი და თამაშის დროს მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია. თვალყური ადევნეთ ამ დროს მათი უნარების ჩამოყალიბებას, შესთავაზეთ უკეთესი ვარიანტი აუცილებელი უნარ-ჩვევის განმტკიცებისთვის, დააინტერესეთ მხატვრულად და მანერებით წაკითხული ზღაპრით, ლექსით და ა.შ.“;

„მიეცით საშუალება, ხელოვნებას ეზიარონ დამოუკიდებლად. არ ჩასვათ ჩარჩოებში. მათ ფანტაზიას მიეცით თავისუფალი ასპარეზი. მათ უყვართ საუბარი და არასდროს გააჩუმოთ. კარგი მოუწონეთ და ცუდის სავარაუდო შედეგი აუხსენით. თქვენ მათ ადამიანები და სამყარო უნდა შეაყვაროთ. ბაღში მისვლა ვალდებულების შესრულება არ უნდა იყოს ბავშვისთვის. დამიჯერეთ, ბავშვები დაიხვეწებიან სათანადოდ და თქვენც წლებს შეაჩერებთ - ისინი ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებენ“;

„გისურვებ ძლიერ ნებისყოფას, სიმშვიდეს და ძლიერ ნერვებს. არ გაგიკვირდეთ როდესაც თქვენ ბოლომდე დაიხარჯებით ბავშვებთან და მოსული მშობელი კი მხოლოდ და მხოლოდ იკითხავს - დღეს რა ჭამა ბავშვმა? მადლიერების ნაცვლად, უამრავჯერ შეხვდებით მათ უკმაყოფილო სახეებს. საქართველოში ფინანსურად ყველაზე დაუფასებელი პროფესია ბავშვებს თქვენდამი უსაზღვრო სიყვარულით დაეფასებინოთ!“

იხილეთ ასევე:

„ბავშვების ფოტოები ჩაალაგეთ სახლის ფანჯრებში, ვინც მოვა, გადმოსვას თავისი ფოტოს ბაღის ფანჯარაში“ - რჩევები აღმზრდელებს ბაღში მისვლის პირველი დღისთვის

ბაღის აღმზრდელები ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ - „530 ლარი გვქონდა ხელფასი და ახლა 250 ლარი გვექნება, როგორ ვიცხოვროთ?“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი