დღის თემა
etaloni.ge
„გადამზადებულმა მეთოდისტებმა და აღმზრდელებმა იციან, როგორ ესაუბრონ ბავშვს“ - ბაღების გაერთიანებამ თანამშრომლებს განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა
21.09.2023

„თითქმის ყველა აღმზრდელი, ყველა პედაგოგი გადამზადებულია ახალი სტანდარტების მიხედვით და დიდ, პოზიტიურ შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით დიასამიძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

დავით დიასამიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, როდესაც სკოლამდელები ბაღში სიარულს დაასრულებენ, მზად იყვნენ ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.

„ჩვენი ორიენტაცია მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვები ინტელექტით იყვნენ დაჯილდოებულნი, როდესაც დაასრულებენ სააღმზრდელო პროცესს ანუ საბავშვო ბაღს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი სისტემით, ახალი მეთოდოლოგიით დავიწყებთ წელს ამ პროცესს. ახალი სისტემით, ბავშვი უნდა იყოს მზად და უნდა მოძრაობდეს თავის მოსაზრებებში. თითოეული აღმზრდელი, თითოეული პედაგოგი და მულტიფუნქციური ჯგუფი შესაბამისად გადამზადებულია იმ მიმართულებით, რომ, პირველ რიგში, ბავშვი დავაჯილდოვოთ ინტელექტით, რათა პერსპექტივაში, როდესაც უკვე სკოლაში გადაინაცვლებს, აღარ გაუჭირდეს არც სწავლა, არც განათლება და ა.შ.“, - უთხრა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიას.

დავით დიასამიძის ინფორმაციით, ბათუმის ყველა საბავშვო ბაღში მულტიფუნქციური ჯგუფი ფუნქციონირებს, რაც სააღმზრდელო პროცესს ბევრად აადვილებს.

„ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მულტიფუნქციურ ჯგუფს, რომელშიც შედის ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი, ლოგოპედი. ყველა ბაღშია ეს მულტიფუნქციური ჯგუფი, რათა უფრო ხარისხიანად, უფრო კონკრეტულად წარიმართოს სააღმზრდელო პროცესი. პირველი დღეები ბაღში ცოტა რთულია. მეც მახსენდება ჩემი თავი - ძალიან მაგრად ვტიროდი ბაღში შესვლისას რამდენიმე საათი, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია. აღმზრდელები, მულტიფუნქციური ჯგუფი შესაბამისად გადამზადებულები არიან, რომ დაეხმარონ ბავშვს, რათა მოკლე ვადაში გაიაროს ადაპტაცია. მაქვს ინფორმაცია, რომ ასე თუ ისე ნორმალურად ჩაიარა ამ პროცესებმა.

გადამზადებულმა მეთოდისტებმა და აღმზრდელებმა იციან, როგორ ესაუბრონ ბავშვს, რა მიმართულებით შესთავაზონ სიახლეები, როგორ გადააფიქრებინონ, რომ მშობელი არ არის მასთან ერთად და ა.შ. ეს პროფესიონალთა გუნდია, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გადიან გადამზადების პროცესს და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს“, - აცხადებს დიასამიძე.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ასევე ამბობს, ბათუმის საბავშვო ბაღებში პატარებს, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და ჯანსაღი კვება აქვთ. გადამზადდნენ ასევე მედდები, ბაღების მზარეულები, მათი თანაშემწეები და სათანადო მითითებებიც მიეცათ.

„მერიამ კომფორტული ვითარება შეგვიქმნა როგორც ბაღების მშენებლობის, ისე სხვა ფინანსური რესურსის საკითხებში. ერთ-ერთი საუკეთესო კვება გვაქვს... თითოეული მზარეული და მზარეულის თანაშემწე გადამზადებულია ჰასპის პროგრამით. გადამზადებულია ასევე მედდები. თითოეული მნე, თითოეული მზარეული გაფრთხილებულია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, ხორცით დაწყებული, რომელიც შემოდის საბავშვო ბაღში, შეუძლიათ, გადაამოწმონ და თუ არ მოეწონებათ, უკან დაუბრუნონ მეწარმეს. მაგალითად, თუ მეტად ძარღვიანია ხორცი, აათლის და გაატანს მეწარმეს. ყველა პროდუქტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მათ შორის, კარაქი და ა.შ. ჩვენ შევიტანეთ პატარა ცვლილებები რაციონში - 15%-ით მოვაკელით შაქრის და პურის ფქვილის შემცველი პროდუქტები და მათ მაგივრად დავამატეთ ხილ-ბოსტნეული. ასე რომ, ჩვენი ბათუმელი პატარები ჯანსაღად და ხარისხიანად იკვებებიან. მენიუში შედის ყველანაირი ნახშირწყლები, ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ქათამი და თევზი. ყველაზე კარგი კვება გვაქვს ქვეყანაში“, - ამბობს დავით დიასამიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების შეტანის პირობას დებს:

„წელს შევიძინეთ მაღალხარისხიანი სათამაშოები და ვაპირებთ, კიდევ ერთი პროექტი განვახორციელოთ - გვქონდეს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები. ჩემს ბავშვობაში მახსოვს, ბეშუმში რომ ვისვენებდი, ხის სათამაშოები გვქონდა. ზუსტად ეს არის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო. მალე გამოვაცხადებთ ტენდერს ამასთან დაკავშირებით. როგორც წინასწარი მოკვლევით გავარკვიეთ, ფასში დიდი სხვაობა სულაც არ არის“.

იხილეთ ასევე:

„ბაღში კონკრეტული სპეციალისტის საჭიროების დაფიქსირებას უნდა მოჰყვეს ოპერატიული რეაგირება“ - მულტიდისციპლინური გუნდის მოდელები

რა შემთხვევაში აიკრძალება საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერები - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი