დღის თემა
etaloni.ge
პირველი საბავშვო ბაღი თბილისში, სადაც სათამაშოები მთელი ქვეყნის ბაღებისათვის მზადდებოდა
24.11.2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელს, ივანე ჯავახიშვილს, საქართველოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ჩამოყალიბებაშიც მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი.  მისი რეკომენდაციითა და კონსულტაციით, პირველ საბავშვო ბაღისთვის, რომელიც თბილისში დაარსდა, ავეჯი მეტეხის მუზეუმში დაცული ექსპონატების შესწავლის საფუძველზე  ქართული ეროვნული ტრადიციების მიხედვით დაამზადებინეს.

საბავშვო ბაღების ისტორია 1802 წლიდან იწყება, როდესაც შოტლანდიის სოფელ ნიუ-ლენარკში ბაღის მსგავსი დაწესებულების  გახსნას ორგანიზება გაუწია ცნობილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა, პედაგოგმა და XIX საუკუნეში განხორციელებული სოციალური რეფორმების ერთ-ერთმა შემოქმედმა რობერტ უოენმა.

უოენს ჩამოყალიბებული ჰქონდა ბავშვების აღზრდისათვის და მათი განათლებისათვის აუცილებელი პრინციპები, რომელმაც იმ პერიოდში დიდი გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად „საბავშვო ბაღი“ დიდმა გერმანელმა პედაგოგმა და სკოლამდელი აღზრდის თეორეტიკოსმა, ფრიდრიხ ვილჰემ ავგუსტ ფრიობელმა უწოდა, რომელმაც 1837 წელს გერმანიის ქალაქ ბად-ბლანკელბურგში საბავშვო ბაღი დაარსა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საბავშვო ბაღი პირველად 1873 წელს ქალაქ სენტ-ლუისში გაიხსნა, რომელსაც ამერიკელი პედაგოგი სიუზენ ბლოუ კურირებდა.

საქართველოში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება 1921 წლიდან იღებს სათავეს. მისი დამაარსებელი ყველასთვის საყვარელი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დედის პაპიდა, ნატალია უნაფქოშვილი გახლდათ.

ნატალია უნაფქოშვილი გორის მაზრის სოფელ ვანათში დაიბადა. მისი მამა, ფილიპე უნაფქოშვილი სოფლის მღვდელი იყო. ნატალია მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. მისი მეუღლე, იოაკიმე უშვერიძე იმ დროისთვის ასევე ცნობილი პედაგოგი გახლდათ.

ნატალია უნაფქოშვილმა 16 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითის სამრევლო სკოლაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მოგვიანებით, ნატალიამ მუშაობა თბილისის მე-16 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად განაგრძო.

1921 წელს ნატალიამ თავი დაანება სკოლაში მუშაობას და საბავშვო ბაღი დააარსა. მისი ხელმძღვანელობით პირველი საბავშვო ბაღი იქცა სკოლამდელი აღზრდის უმნიშვნელოვანეს კერად საქართველოში. ამ ბაღის მუშაობა, აქ შემუშავებული მეთოდები და გამოცდილება მრავალი პედაგოგიური მეთოდური ნაშრომის შექმნის საფუძველი გახდა.

დიდი პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვის აღზრდაში ზღაპრის როლის შეფასება, რასაც იმდროინდელ პედაგოგიკაში ეჭვით ეკიდებოდნენ, როგორც რეალობისაგან ბავშვის დაშორების მიზეზს. ის კი ამტკიცებდა, რომ ზღაპარს კეთილისმყოფელი გავლენა ჰქონდა ბავშვის სულიერ აღზრდაზე.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ფართოდ იყენებდნენ ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და იმდროისათვის თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს.

ნატალია უნაფქოშვილის ხელმძღვანელობით შემუშავდა ბაღის გაფორმებისა და კეთილმოწყობის უმთავრესი პრინციპები. ოთახების კედლები შეიღება სხვადასხვა ფერად მათი დანიშნულებისა და ბაშვების ასაკის მიხედვით. არშიებად გამოყენებული იყო ქართული ხალხური ორნამენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავეჯის დამზადებას. ამ საქმეში აქტიურად ჩაება ივანე ჯავახიშვილი. მისი რეკომენდაციითა და კონსულტაციით, ავეჯი დამზადდა მეტეხის მუზეუმში დაცული ექსპონატების შესწავლის საფუძველზე, ქართული ეროვნული ტრადიციების მიხედვით. მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ხისთვის ნატურალური სახის შენარჩუნება. უარი თქვეს მის შეღებვაზე და მხოლოდ გასანთლეს.

დიდი მნიშვნელობა დაეთმო ეზოს გამწვანებას. ბავშვებს უმასპინძლდებოდნენ საკუთარ ბაღში მოწეული ყურძნითა და ხილით.

ეზოში გაკეთდა ბავშვთა სათამაშო მოედნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის ქვიშის ყუთებით, სპორტული იარაღებით, მსხვილი საშენი მასალებით. მოეწყო საბავშვო რკინიგზა, მოძრავი ელექტრო ტრამვაი, ფუნიკულიორი, დამზადდა დიდი ზომის ავტომანქანები, სხვადასხვა სახის მსხვილი და წვრილი სათამაშო მასალა ჯგუფში მუშაობისათვის.

სათამაშოები ბაღშივე მზადდებოდა არა მარტო ამ ბაღის საჭიროებისათვის, არამედ მთელი საქართველოს საბავშვო ბაღებისათვის. ამ საქმეს თავდაპირველად ბაღთან ჩამოყალიბებული ჯგუფი უძღვებოდა, 1932 წელს კი ნატალია უნაფქოშვილის ინიციატივითა და ხელისუფლების მხარდაჭერით, საბავშვო ბაღში დაარსდა სათამაშოების სახელოსნო. ამ სახელოსნოს ბაზაზე სათამაშოებისა და დიდაქტიკური მასალების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა.

1923 წელს უნაფქოშვილის ბაღი საცდელ-საჩვენებელ ბაღად გადაკეთდა. 1927 წელს ნატალიამ  ბაღში მიიწვია ფსიქოლოგი ხაჭაპურიძე, რომლის  ავტორობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ორიგინალურ პრინციპებზე დაფუძნებული შემეცნებითი მასალების სერიები. იქვე ხდებოდა ამ მასალების ექსპერიმენტული შემოწმებაც. დიდაქტიკური მასალებისადმი დადებითი დამოკიდებულება საქართველოს საბავშვო ბაღებს განასხვავებდა იმდროინდელი სხვა საბჭოთა ბაღებისაგან და მათ ინდივიდუალურ სახეს განაპირობებდა. საბჭოთა ლიტერატურაში, ამ ბაღში შექმნილ მეთოდებს, დიდაქტიკური მასალების სისტემა ეწოდა.

პედაგოგმა ბავშვებთან მუშაობაში ხალხური თამაშობების შემოტანა და დანერგვაც მოახერხა. 1932 წელს ბაღმა მოაწყო სათამაშოების პირველი რესპუბლიკური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც იმ დროს ბაზარზე არსებული, ასევე ხალხური თვითნაკეთი და საბავშვო ბაღში დამზადებული სათამაშოები. ბაღმა ასევე შეიმუშავა ბავშვების ფიზიკური აღზრდის საკუთარი გზა.

ნატალია უნაფქოშვილმა სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე 42 წელი იმუშავა.

იხილეთ ასევე:

„სკოლამდელი განათლებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევა ნიშნავს ძალიან დიდ დანაკარგს ბავშვისთვის“ - ექსპერტი საბავშვო ბაღებზე

„ვინც ახლა საბავშო ბაღში მუშაობს, ყველას სჭირდება გადამზადება“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი