დღის თემა
etaloni.ge
„მასწავლებელი ისე უნდა ცეკვავდეს, ბავშვები ხედავდნენ, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს“ - როგორ ექცევიან პედაგოგები გერმანიაში სკოლამდელებს
11.01.2023

გერმანიაში აბსოლუტურად ყველა ბაღის აღმზრდელს უნდა შეეძლოს საბავშვო სიმღერების შესრულება, მუსიკოსებს კი იწვევენ, რომლებიც მათ ტრენინგებს უტარებენ, - თქვა ქართველმა მუსიკოსმა თათია ქორთუამ ერთ-ერთ ვებინარზე, რომელიც  სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერის მიზნით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ ინიციატივით გაიმართა.

თათია ქორთუა გერმანიაში ცხოვრობს და იქ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობს. ვებინარზე თათიამ ბაღების პედაგოგებს იქაური პრინციპები გააცნო სკოლამდელი მუსიკალური აღზრდის შესახებ.

„როდესაც ვასწავლით მუსიკას სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ჩვენ გვინდა, ასაკის შესაბამისი და საინტერესო ესთეტიური აქტივობების ერთობლიობა შევთავაზოთ ბავშვებს, ვცდილობთ, მათი უნარები გავნავითაროთ... ყველაზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყენებდეს საკუთარ ხმას სწორად. მნიშვნელოვანია, სიმღერა ბავშვისთვის შესაბამის რეგისტრში იყოს... კარგი, ნათელი დამარცვლა და გამოთქმა არის ზოგადი პედაგოგიური გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი, რადგან სიტყვების დამარცვლა არის მოგვიანებით კითხვის სწავლისთვის მოსამზადებელი საბაზისო უნარი“, - ამბობს თათია ქორთუა.

ქართველი მუსიკოსის თქმით, ბავშვები სამყაროს შეცნობას ახდენენ მოძრაობით, მასწავლებელმა კი უნდა დაინახოს, იმპულსების დონეზე ცელქობს ბავშვი თუ აღელვებულია და სხეულს ვეღარ იმორჩილებს.

„როდესაც სხვები ვხსხედვართ და ერთი ან ორი ბავშვი გიჟივით დარბის ოთახში, ამ დროს გამოსავალი არის ცეკვა. შეგვიძლია, მთელი ჯგუფი ავაყენოთ და თუ მოძრაობა სურთ და ამას ვერ იოკებენ, უბრალოდ ვაცეკვოთ. მოძრაობა ხშირად არის არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ მოტორიკული მოთხოვნილების ამოფრქვევა, რომელიც ხშირად იმაზე ინტენსიურია, ვიდრე უფროსებს ამის მიღება სურთ... გვაქვს ძალიან ბევრი შიფონის თავშლები, რომლებსაც დავურიგებ ყველას, ჩავრთავ მუსიკას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თვითონ მასწავლებელმა უნდა იცეკვოს და სიამოვნება მიიღოს ამ ყველაფრისგან. ბავშვები ამ შარფებით თავისუფლად, ყველანაირი მითითების გარეშე ცეკვავენ. ან შეიძლება, იყოს დადგმული ქორეოგრაფია, რომელსაც მიმართულებას ვაძლევთ - ახლა შევიდეთ შიგნით, გარეთ... არის რაღაც ბაზისური მოძრაობები, რაც უნდა შეეძლოთ ბავშვებს ამ ასაკში... შეიძლება, ხტუნვა ისე მოეწონოს, არასდროს გაჩერდეს, დატრიალებაზეც იგივე... ეს ყველაფერი უნდა ვასწავლოთ... მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ისე ცეკვავდეს, ბავშვები ხედავდნენ, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს“, - ამბობს თათია, რომელმაც სკოლამდელი ასაკის ბავშვების ბაზისური უნარები ასე ჩამოაყალიბა:

  • საკუთარი თავის და სხვების აღქმა;
  • სიარული და სირბილი წრეში და თავისუფლად სივრცეში;
  • ხტუნვა დაღლამდე, ხტუნვა მხოლოდ სამჯერ;
  • დატრიალება დაცემამდე, დატრიალება მხოლოდ ერთხელ;
  • სპონტანურად აყოლა, ხშირად დაკვირვება, აღწერა, იმიტირება, მიზანმიმართული მოქმედება;
  • მიმართულების ცოდნა - წინ, უკან, გვერდით;
  • საკუთარი მოძრაობის სხვებთან მიმართებაში კოორდინირება;
  • სხვადასხვა დადგმები დუეტში, წრეში, ხაზში;
  • მუსიკის სხვადასხვა ნაწილების სხვადასხავა მოძრაობით დაკავშირება.

გერმანიაში მომუშავე პედაგოგს ქართველმა საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ჰკითხეს, გეგმას თუ წერს მანდ მასწავლებელიო, რაზეც თათია ქორთუამ უპასუხა:

„გერმანიაში, როგორც ბევრი სხვა რაღაც, ყველაფერი გაწერილია... აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტისთვის, ყველა ასაკისთვის, ყველა მუსიკალური სკოლისთვის წინასწარ არის პროგრამა გაწერილი, თუმცა, ვალდებული არ ხარ, ამას მიჰყვე. უბრალოდ, ეს მასალა არსებობს. თუ ახალბედა მასწავლებელი ხარ, ძალიან მაგარია, ორიენტაციას გაძლევს და მერე, შენი გამოცდილების მიხედვით, რაღაც ვარიაციებს თვითონ ქმნი. შეგიძლია, პირდაპირ გაჰყვე. იქედან იბადება მერე შენი იდეებიც და კრეატიულობაც. ძალიან დიდი წიგნებია, მაგრამ იმხელა კომფორტია... აბსოლუტურად ყველა საათი გაწერილი, ყველა სიმღერა ნოტებში... ძალიან შრომატევადი და რთულია, როდესაც არაფრისგან გიწევს, შენით რაღაცები დაწერო“.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების პედაგოგების მიმართ არაადექვატური მოთხოვნებია, დირექტორებს კი ბაღის მართვის უფლება არ აქვთ - ექსპერტის მოსაზრება

„ბავშვებიც ისტრესებიან და პედაგოგებიც, მშობლები დირექტივებს იძლევიან“ - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ზეიმების დეტალებზე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი