დღის თემა
etaloni.ge
ლექსები, რომელთა ცოდნაც ბავშვებს ბაღში მისვლისას გამოადგებათ
14.09.2022
ზაფხულის არდადეგები იწურება. მალე სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებშიც დაიწყება. როგორც წესი, ამ დღეს ბაღში ზეიმები ეწყობა. ბავშვები სხვადასხვა ნომერს ასრულებენ - მღერიან, ცეკვევენ, ლექსს კითხულობენ. იმისთვის, რომ თქვენი შვილი საბავშვო ბაღში მომზადებული მივიდეს, გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც გამოადგებათ.

მათი მოცულობა და სირთულე ისეთია, რომ ბავშვები ძალიან არ დაიტვირთონ და თანაც, დრო შინაარსიანად გაატარონ. 

„მზე ამოვა დილით“ (მარიამ წიკლაური)


ჩიტი ბუდეს აშენებს,
ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს.
დაზრდის ჩიტი ბარტყებს,
დედა გაზრდის ბავშვებს.
მამა დარგავს ლამაზ ხეს,
შეავედრებს ყველას ღმერთს.
მზე ამოვა დილით
და გვაჩუქებს ღიმილს!
ჩიტი იტყვის: ,,ჭიკ-ჭიკ-ჭიკ,
ლხინი აქ და ჭირი იქ!’’ 


„ია“ (ნოდარ დუმბაძე)


რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგად შემხედეთ, აბა...
ცისფერი ქუდი მახურავს,
მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ, ხელით მატარებს
ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და
იცით?
მე ია მქვია.


„ობობა“ (ვასილ გულეური)


რა ყოფილა ეს ობობა,
მთელი ეზო შემოღობა!
განა წნელით ანდა ფიცრით,
- რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით?

ქსელს ამზადებს იმისთანას,
ვერც ხერხი ჭრის და ვერც დანა...
ირგვლივ ისე შემოფინა,
ბუზიც ვეღარ შემოფრინდა! 


„ახალი კბილი“ (იოსებ ციცქიშვილი)

მიყვარს ბევრი კანფეტი
და მურაბა ტკბილი,
ამ ზაფხულში სოფელში
მოვიცვალე კბილი.

ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი
გავატანოთ თაგუნებს,
მაგის ნაცვლად თაგუნა
თავის საღ კბილს გარგუნებს.

თაგვო, კბილი მომეცი
და საქვეყნოდ გპირდები,
ცოტას შევჭამ კანფეტებს,
შენს კბილს გავუფრთხილდები.


„დილა მშვიდობისა“ (მაყვალა მრევლიშვილი)


ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ,
ვის უგალობ, ვისა?
შენ გიგალობ, პატარავ,-
დილა მშვიდობისა!
-მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
-გაიღვიძე, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
-პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
-შენთვის მინდა, პატარავ,
აბა დამაკვირდი!
-მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!


„თაფლი“ (დიანა ღვალაძე)


მე და ბაბუმ სოფელში,
გავაკეთეთ სკები.
მოვაშენეთ ფუტკარი
და თაფლითა ვტკბებით. 

ჩიტი ფეფო დაგვძახის: -
ნუ იქნებით გულქვა,
ცოტა თაფლი ჩემთვისაც
გამოართვით ფუტკარს...
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი