დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებმა უნდა გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად - ახალი ეტაპი იწყება
31.03.2023

დღეს, 31 მარტს, საბავშვო ბაღების ერთიან ეროვნულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი სრულდება. კანონის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც ელექტორნულ სისტემაში არ იქნება დარეგისტრირებული, ამ დღის შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

ბაღების რეგისტრაცია 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და იმავე წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სასწრაფო წესით ცვლილება განხორციელდა, რის მიხედვითაც, რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.

„კერძო ბაღები უნდა გადაკეთდნენ“ - მიზეზი, რის გამოც საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესი გახანგრძლივდა

ახალი რეგულაციებით, კერძო საბავშო ბაღები, მუნიციპალური სკოლამდელი დაწესებულებების მსგავსად, სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცევიან. იმისთვის, რომ კერძო ბაღებმა საქმიანობის გაგრძელების ან დაწყების  უფლება მიიღონ, მათ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. გაკონტროლდება კვების რაციონი და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი.

ის საბავშვო ბაღები, რომლებიც რეფორმით გათვალისწინებულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მიეცემათ.

შემუშავებულია ავტორიზაციის დროებითი წესი და ოთხი მთავარი სტანდარტი:

1. დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;

2. კურიკულუმი;

3. ოჯახისა და თემის ჩართულობა;

4. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, რომელიც ბაღების ავტორიზაციისთვის მომზადების პროცესს კურირებს, აცხადებენ, რომ ბაღებს პირველ ჯერზე ექნებათ მოსამზადებელი ეტაპი - ერთიდან ორ წლამდე პერიოდი, რომელშიც თვითშეფასება უნდა განახორციელონ და გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭება 2025 წლიდან დაიწყება. მანამდე კი, ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ ბაღებს ფუნქციონირება არ შეეზღუდებათ და პარალელურად, ხარვეზების გამოსწორებაზე მოუწევთ ზრუნვა. ავტორიზაციის განრიგი მომავალ წელს მომზადდება.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ხითარიშვილმა, ბაღების ხელმძღვანელებთან ერთ-ერთ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ქვეყანაში ამ დრომდე არ განხორციელებულა ყველა ბაღის ერთიან ჭრილში, ერთიან სტანდარტებთან მიმართებით შეფასება. თვითშეფასების პროცესი კი დაგვანახებს, რა პრობლემები აქვთ საბავშო ბაღებს.

„ბაღების თვითშეფასება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორი კუთხით. პირველი ის, რომ თვითონ ბაღი დაინახავს საკუთარ გამოწვევებს და საკუთარ მიღწევებს სტანდარტთან მიმართებაში. შესაბამისად, შეიძლება, სამომავლოდ საქმიანობა უკეთესად დაგეგმოს. უკვე ეცოდინება, საითკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა, ხოლო მეორე მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული მონაცემების ანალიზი უკვე სისტემას მისცემს საშუალებას, რომ ჰოლისტურად დაინახოს, რა გამოწვევები და რა მიღწევებია სისტემაში და მოახდინოს შესაბამისი გამოწვევების პრიორიტეტიზაცია და შესაბამისად დაგეგმოს მხარდამჭერი აქტივობები“, - ამბობს ხითარიშვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურისა და კვების სტანდარტის გარდა, გადამწყვეტი როლი ენიჭება აღმზრდელად დაქირავებული პირების კვალიფიკაციასაც, რომელმაც უნდა შეძლოს ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი გარემოს შექმნა.

„მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბავშვებს ბაღებში ჰქონდეთ ყველა ის პირობა, რაც მათი განვითარებისათვის არის აუცილებელი. ინდივიდუალური საჭიროებები და ინდივიდუალური ყურადღება ბავშვისა - ეს არის მნიშვნელოვანი და ასევე - კვალიფიკაცია აღმზრდელ-პედაგოგისა არის გადამწყვეტი. პედაგოგს უნდა შეეძლოს ამ ახალი მეთოდებით და სტანდარტებით მიაწოდოს ბავშვებს განათლება და განვითარებისათვის საჭირო ის უნარები, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ და ბაღებს ასევე უნდა ჰქონდეთ საგანმანათლებლო რესურსები“, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.

კერძო და საჯარო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2030 წელს უნდა დასრულდეს.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი დაწესებულებების ახალი სტანდარტის მოთხოვნები - ერთი უნიტაზი ყოველ 15 ბავშვზე, ერთი ხელსაბანი ნიჟარა ყოველ 20 ბავშვზე

განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - „დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი