დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელს ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ...
24.04.2023

2023 წლის სექტემბერში სკოლაში იმ ბავშვებსაც მიიღებენ, ვისაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდება. გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ახლახან მიიღო.

როგორია 5 წლის ასაკის ბავშვის აღქმა და აზროვნება?

5–6 წლის ასაკს სკოლისთვის საბაზო ასაკს უწოდებენ, რადგან ბავშვის პიროვნული ნიშნების 90%–ზე მეტი სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება.

საბავშვო ბაღის დამხმარე სახელმძღვანელოს მიხედვით, ამ ასაკში უკვე შეგვიძლია, გარკვეულწილად, ვივარაუდოთ და შევაფასოთ ბავშვის ხასიათი და ინდივიდუალურობა, მისი შემოქმედებითობა, რომელიც განვითარების თვალსაზრისით სწორედ კულმინაციას აღწევს და შემეცნებითი პროცესებიც უფრო ინტენსიურად ვითარდება.

აღქმა

5–6 წლის ბავშვის აღქმა თანდათანობით უფრო სრულყოფილი ხდება. განსაკუთრებულ გავლენას აღქმაზე მეტყველების განვითარება ახდენს. ბავშვს ამ ასაკში უკვე შეუძლია საგნებსა და ობიექტებს დაარქვას სახელები, სიტყვიერად გამოყოს მათი თვისებები, მახასიათებლები, შეაფასოს მოვლენების მიმდინარეობა, კავშირი მათ შორის და ა.შ. ეს აღქმას უფრო დანაწევრებულსა და სპეციფიკურად ორგანიზებულს ხდის. ამ პერიოდში ბავშვი იძენს მთელიდან დეტალების გამოყოფისა და დეტალების მთლიან ხატად გაერთიანების უნარს.

მასწავლებელს ან აღმზრდელს ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ სწორად შეურჩევს ნახატებს, სურათებს და დაეხმარება მას აღქმის ორგანიზებაში. მაგალითად, მისცემს მითითებას, დაათვალიეროს ნახატის დეტალები გარკვეული თანმიმდევრობით, იპოვოს ნახატში დეტალები, ააწყოს ნაწილებიანი თავსატეხი, და ა.შ.

5 წლიდან ბავშვს მასალის დაჯგუფება უკვე შეუძლია ერთზე მეტი ნიშნის მიხედვით. უზნაძის ცდების შედეგების საფუძველზე გამოვლინდა, რომ 5 წლიანებს უკვე ობიექტის სამი ნიშნის შემჩნევა შეუძლიათ, თუმცა, მის ერთ-ერთ ცდაში 5–6 წლიანების 44% ახერხებს მასალის დაჯგუფებას ოთხი მახასიათებლის გათვალისწინებითაც: ფერის, ფორმის, ზომის და რაოდენობის.

აღქმის განვითარებაში ასეთი წინსვლის მიუხედავად, ამ პერიოდში წამყვანი მაინც საგნის გარეგნული, თვალშისაცემი მახასიათებლებია. ამას ბავშვი ხშირად შეცდომაში შეჰყავს, რადგან დასკვნას გარეგნული, თვალსაჩინო თვისებების მიხედვით აკეთებს. მაგალითად, ამ ასაკის ბავშვისთვის თუ რაიმე საგანი მოცულობით დიდია, მისი სიდიდის გამო ის მძიმეც უნდა იყოს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის აღქმის განვითარება შესაძლებელია ისეთი აქტივობების საშუალებით, როგორებიცაა: ხატვა, სურათების დათვალიერება და მათი აღწერა, ძერწვა, ზღაპრებისა და ლექსების მოსმენა და შეთხზვა, გამოცანების გამოცნობა, კუბიკებით, სამშენებლო მასალით, თავსატეხებით თამაში, სურათებზე მსგავსება-განსხვავების პოვნა და ა.შ. ამ აქტივობების განხორციელებისას ბავშვი ეჩვევა ობიექტური მასალის გარდაქმნას და იძულებულია ანგარიში გაუწიოს საგნის ობიექტურ თვისებებს. შესაბამისად, წარმოდგენებში აღქმის ხატი უფრო დანაწევრებული და მრავალმხრივია და ბევრი სხვადასხვა მახასიათებლით არის წარმოდგენილი.

აზროვნება

5–6 წლის ასაკში ბავშვი უფრო მეტად არის ორიენტირებული გარემოს შემეცნებაზე. მას ახლა საკუთარი „მე“ უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე გარე სამყარო. იგი აქტიური დამკვირვებელია, ცდილობს შეიმეცნოს მოვლენები, დაამყაროს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, განასხვავოს ერთმანეთისგან არსებითი და მეორეხარისხოვანი.

ამ ასაკში ბავშვს განზოგადების უფრო მაღალი დონე აქვს. მას შეუძლია არამარტო განაზოგადოს, რომ ძაღლი, კატა, ლომი და ვეფხვი ცხოველები არიან, არამედ ისინი მოათავსოს ქვეკატეგორიებში: დაყოს შინაურ და გარეულ ცხოველებად. მას ასევე შეუძლია რაიმე ნიშნის მიხედვით საგნების, მოვლენების კატეგორიზაცია, მათი განსხვავებებისა და მსგავსებების შეფასება. 5 წლის ბავშვი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გვეტყვის, რით განსხვავდება პეპელა ჩიტისგან, ვაშლი პომიდვრისგან და ა.შ.

თუ აქამდე ბავშვის ინტერესი შემოიფარგლებოდა მხოლოდ საგნის დასახელებით და მისი ძირითადი შეკითხვა იყო: ეს რა არის? ახლა მას უკვე აინტერესებს, რისგანაა იგი გაკეთებული, რისთვისაა, რაში ვიყენებთ და ა.შ. მაგალითად, 5 წლის ბავშვმა უკვე იცის, რომ ბურთი ძირითადად რეზინისაა, ფანქარი – ხის, თოჯინა – პლასტმასის და ა.შ. იცის საგნების დანიშნულება და მათი გამოყენება. მას აქვს სამყაროს მოვლენების მისეული ახსნა. იგი ფიქრობს გაგონილსა და ნანახზე, სვამს შეკითხვებს, კამათობს... თუ მისი მოსაზრება არ ემთხვევა სხვის მოსაზრებას, ითხოვს, რომ პასუხი დაუსაბუთონ.

აღმზრდელისა და მასწავლებლის როლი ამ აქტიურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია სწორად წარიმართოს ბავშვის ინტერესი, დაკმაყოფილდეს მისი ცნობისმოყვარეობა, რაც არ უნდა ბუნდოვანი და უადგილო გვეჩვენოს, შეკითხვებს პასუხი გაეცეს. მნიშვნელოვანია ბავშვის დახმარება და წახალისება, რათა შეკითხვა დასვას, საკუთარი აზრი ნათლად გადმოსცეს, მოვლენებს შორის კავშირი დაინახოს. ამ პერიოდში ბავშვი განსაკუთრებით ინტენსიურად შეიძლება დაიტვირთოს ისეთი ინტელექტუალური თამაშებით, როგორებიცაა: გამორიცხე ზედმეტი, დააჯგუფე საგნები და ა.შ.

იხილეთ ასევე:

რას ნიშნავს პროფესიონალი აღმზრდელი - მოიწვიეთ სხვა ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსები

„ბაგას პატარებთან 5-6 წლის ბავშვების შეშვება როგორ შეიძლება, ეშინიათ“ - საბავშვო ბაღი დაიკეტა, აღსაზრდელები კი სხვა ბაღში შეასახლეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი