დღის თემა
etaloni.ge
რას და როგორ ხატავს ბავშვი, რომელსაც ემოციურად უჭირს
24.10.2022

თუ გსურთ, გაიგოთ თქვენი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მიეცით მას ფერადი საღებავები და დააკვირდით, რა ფერებს გამოიყენებს და რას დახატავს.

ხატვის მასწავლებელი, ცირა ვახვახიშვილი ამბობს, რომ როდესაც ბავშვებს ეუბნება, ხატვით გამოხატონ თავიანთი ემოცია, მათგან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ აქტივობას იღებს.  

„ბავშვი, რომელიც ემოციურად უფრო დათრგუნულია და რაღაც უჭირს, ხშირად ირჩევს ნეგატიურ, დათრგუნულ ემოციას, მაგალითად, ბრაზს ან მოწყენილობას. თუ ბავშვი ბედნიერია, ირჩევს ყვითელს, ვარდისფერს და სხვა ნათელ ფერებს. გაბრაზებისა და ნეგატივის შემთხვევაში კი ირჩევენ მოშავო ფერებს - ყავისფერსა და სხვა მუქ ფერს. ყველას ინდივიდუალური ტრავმა აქვს და შეიძლება ბავშვმა მარტო დახატოს თავისი თავი, თუ მარტოობას განიცდის. შეიძლება, პატარა და ან ძმა გაუჩნდა... ამ დროს დედა, მამა, ძმა ერთად დახატოს და თავისი თავი - მარტო. ცოდნა სჭირდება, რომ ამოიცნო, რას განიცდის ბავშვი. ხატვა იმისთვის არის კარგი, რომ ბავშვმა ეს ემოცია გამოიტანოს და მშობელი თუ სპეციალისტი მიხვდეს, როგორ მოიქცეს“,- გვითხრა ხატვის მასწავლებელმა.

ცირა ვახვახიშვილის ამბობს, რომ როდესაც ბავშვისთვის შეუმჩნევია რაიმე სახის პრობლემა, მშობლისთვის ან ფსიქოლოგისთვის მიუმართავს.

„ხატვაზე სიარული არ ნიშნავს ფსიქოლოგთან სიარულს, რომ ხატვის მასწავლებელმა მიიღოს რამე ზომა. მასწავლებელს შეუძლია, საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი ან ფსიქოლოგი. ჩემი ჰობია ფსიქოლოგია და ამიტომაც ვაკვირდები ბავშვებს და მათ ნახატებს. ვხვდები, ვის აქვს ყურადღების დეფიციტი, ემოციური სტრესი, ვის ჰყავს პატარა და ან ძმა... გააჩნია მშობელს - შეიძლება ბავშვს ჰყავდეს და ან ძმა, მაგრამ არ ეჭვიანობდეს, რადგან მასაც არ აკლდეს სითბო და სიყვარული.

„ზოგი ბავშვი ჩაკეტილია თავის სამყაროში, ამ დროს ფერებშიც იზღუდება და არ უნდა, რომ ჩარჩოს გასცდეს. ასეთ აქტივობას ვატარებ ხოლმე ხშირად -  საწრუპით ვუბერავთ საღებავს და უმისამართოდ იფანტება ფერები. ცოტა დაძაბულ და ჩაკეტილ ბავშვებს, რომლებიც რეჟიმში ცხოვრობენ და ჩარჩოებში იზრდებიან, ეშინიათ ასეთი შხეფების, ნახატის გაფუჭების, შეცდომის დაშვების... ამ დროს ვუხსნით, რომ არა უშავს, თუ რამე გაგვიფუჭდება. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ეს ქვეყნიერების დასასრული არ არის და ის მერე სხვა დროსაც მისცემს თავს უფლებას, შეცდომა დაუშვას, რადგან ხვდება, ამით არ ინგრევა სამყარო და უშეცდომოც არავინ არის. ზოგჯერ მშობელიც ამჩნევს ჩაკეტილობას და ამ დროს უფრო თავისუფლად ვართ. არიან ჰიპერაქტიული ბავშვები, რომლებზეც ვცდილობთ, პირიქით, ჩარჩოებში მოვაქციოთ და პირიქით, ცოტა დავამშვიდოთ ხატვით“, - გვითხრა ცირა მასწავლებელმა.
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი