დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელი: „საბავშვო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“
15.05.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით განსაზღვრულია, რა ასაკის რამდენი ბავშვი უნდა იყოს ბაღის თითოეულ ჯგუფში. კანონი არეგულირებს ასევე, რამდენი აღმზდრელ-პედაგოგის ყოფნაა რეკომენდებული ჯგუფში ბავშვების რაოდენობის მიხედვით.

ერთი აღმზრდელი 15 ბავშვზე - რამდენი ბავშვი და რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში

საბავშვო ბაღებში კანონით დადგენილ ამ მუხლს ფაქტობრივად არავინ იცავს. ჯგუფებში თითქმის ორმაგი რაოდენობის პატარები ირიცხებიან, ვიდრე დასაშვებია, აღმზრდელი კი ნაკლებია.

თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი Skolamdelebi.ge-სთან იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე ყვება, რომელიც დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშია:

- მიუხედავად იმისა, რომ კანონში ჩანაწერი არსებობს, მაინც უამრავი ბავშვი გვყავს ჯგუფში. 4-5 წლიან ჯგუფში ვარ აღმზრდელი და 54 ბავშვი ირიცხება. ზამთრის პერიოდში ბევრი ბავშვი არ დადიოდა, მაქსიმუმ 30-ზე ადიოდა, ახლა კი 43-45 ბავშვი მაინც მოდის დღეში. ზოგ ბაღში, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 60-მდეც კი ადის. რომ არემონტებენ თუ ანგრევენ ბაღს, ახლომდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში გადაჰყავთ მთელი კონტიგენტი. იქ საერთოდ საშინელება ხდება.

- როდესაც ბავშვების რაოდენობა ასე იზრდება, აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა მაინც ორს შეადგენს ჯგუფში?

- დიახ, მხოლოდ 2 აღმზრდელია და თუ სპეცპედაგოგია მივლინებული იმ ჯგუფში რომელიმე ბავშვზე, ისიც გვეხმარება. ზოგ ჯგუფში კი სპეცმასწავლებლები ხელს არ ანძრევენ - დაისვამენ თავიანთ ბავშვს და მხოლოდ იმას უვლიან, არც ევალებათ, რომ სხვებს მიხედონ და მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, დაგეხმარებიან თუ არა.

- რა ხდება ჯგუფში, როდესაც ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა მოდის?

- 30 ბავშვზე მეტი რომ არ მოდის, გვიხარია. როცა, მაგალითად, 43 ბავშვია დღეში, სრული ქაოსია. თუ იქ ხმას არ აუწიე, ვერაფრით გააჩერებ. რისკი უფრო მეტია, რომ ერთმანეთს რამე დაუშაონ ჩხუბის შედეგად. ძირითადად სათამაშოების გამო ჩხუბობენ. სივრცეშიც ვერ ეტევიან... ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი. საშინელი ხმაურია. რაც უფრო მეტნი არიან, მით უფრო ვერაფერს აგებინებ ბავშვებს და ეს არც ჩვენი ბრალია და არც პატარების. წრეზე სვამ და ამ დროს უფრო ჩერდებიან, თუმცა მაშინაც, ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას - ფეხს აწევს, იქცევა... ერთთან მიხვალ, როცა ხედავ, სახიფათოდ იქცევა და ამ დროს მეორე სჩადის რაღაც ისეთს, შეიძლება, უცბად გული გაგისკდეს. ხატვაზე გადასვამ და ერთმანეთს უხატავენ, არ აცდიან... აქტივობებს ვაკეთებთ, მაგრამ მაგ დროსაც საშინელ დღეში ვართ. ძალიან მიკვირს, მშობლები რატომ არ აპროტესტებენ ბაღებში ამ მდგომარეობას. ამ დროს, თუ ცოტა ხმას აუწიე ბავშვთან და ამის შესახებ გაიგებენ, ერთ ამბავს ტეხენ. ჩვენზე არავინ ფიქრობს, რა დღეში ვართ.

- თქვენ, აღმზრდელებმა რომ გააპროტესტოთ, უკეთესი არ იქნება?

- მშობლებმა თუ არ თქვეს, მასწავლებლებს ვინ აღებინებს ხმას?! როგორც კი რამეს იტყვი ხმამაღლა, დაგატოვებინებენ სამსახურს. პირად საუბრებში ვეუბნებით დირექტორს, მაგრამ ამბობს, რა ვქნაო. კარგად იციან, რაც ხდება. ყოველდღე დადის დირექტორი შემოვლაზე და ხედავს, რამდენი ბავშვიც არის და როგორც იქცევიან. ბაღების სააგენტოს დანაშაულია ეს ამბავი - კანონის მიუხედავად, მაინც უშვებენ, რომ ამდენი ბავშვი იყოს ჯგუფში. დირექტორიც დამნაშავეა - არ უნდა მიიღო იმაზე მეტი ბავშვი, ვიდრე კანონში გიწერია, მაგრამ ალბათ მასაც ავალებენ.   

სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ბავშვია არაადექვატური. ბევრ მათგანს სტატუსი არ აქვს, მაგალითად, აუტისტის, მაგრამ აშკარა ნიშნები აქვს. შეიძლება, უმნიშვნელო ფორმაა, მაგრამ მშობელს რომ რამე უთხრა ამის შესახებ, შეიძლება, საშინლად გაგლანძღოს. ერთს რომ მივუთითე, ცოტა ყურადღება მიაქციე-მეთქი, დირექტორთან მიჩივლა. ასეთ დროს არც ვიცი, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. ზოგ ბავშვს, უბრალოდ, ფსიქოლოგთან მუშაობა სჭირდება და გამოსწორებადია მისი მდგომარეობა, მაგრამ ვერაფრით გააგებინებ მშობელს. აღმზრდელს სად აქვს იმის დრო, დადგეს და თითოეულ ბავშვს 5 თუ 10 წუთი ესაუბროს, როცა ამდენი ბავშვი ჰყავს?! როცა აღმზრდელი თითო ბავშვისთვის ვერ იცლის, სრულიად ჯანმრთელიც რომ იყოს, ამ დროს ის ყურადღების ნაკლებობას განიცდის, პედაგოგი არ უყვარს, ვერც შენ ხარ პროდუქტიული. აქტივობებს კი ვატარებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ვერც იმ შედეგზე გახვალ, ხმამაღლა რომ მიგვითითებენ კანონებითა თუ სპეციალურად ბაღებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო რესურსით.

იხილეთ ასევე:

„აღმზრდელები სხვა სამსახურებს ეძებენ და თუ ასე გაგრძელდა, საბავშვო ბაღები ბევრ კვალიფიციურ კადრს დაკარგავენ“

მშობლების 26,2% უარს ამბობს შვილს შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს - სტიგმა, რომელიც ისევ აქტუალურია

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი