დღის თემა
etaloni.ge
ბაღის დირექტორი: „მშობლები ზეწოლას ახდენენ აღმზრდელებზე - აძალებენ, მათი შვილი ამღერონ, ბავშვებს კი ეს არ უნდათ“
23.05.2023

საბავშვო ბაღებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, რომლის ინიციატორებიც ხშირად აღსაზრდელების მშობლები არიან.

აღმზრდელები ხშირად ჩივიან, რომ ღონისძიების მოწყობისას, მშობლებთან დაპირისირება ბავშვებისთვის გასანაწილებელი მასალისა და როლების გამოც უწევთ - თითქმის ყველა მშობელს უნდა, მისმა შვილმა ყველაზე ბევრი ლექსი თქვას, იმღეროს თუ იცეკვოს.

თბილისის 199-ე საბავშვო ბაღის დირექტორი, იაგო მაისურაძე skolamdelebi.ge-სთან მშობლების შვილებისადმი დამოკიდებულებზე გვიყვება და ამბობს, რომ როდესაც მშობლები ზეწოლას ახდენენ ბავშვებზე, ამით მათ სამყაროს უნგრევენ.

იაგო მაისურაძე: როდესაც ბაღში ღონისძიებას ვაწყობთ, ზოგი მშობელი ითხოვს, ჩემმა შვილმა ბევრი ლექსები თქვასო. არადა, ამ დროს ის ბავშვი არის მშვიდი და თავისთვის, წყნარად ყოფნა უნდა. როგორც კი მის სამყაროს შევეხებით და ვაიძულებთ, რომ გახდეს ლიდერი, იმ დროს ინგრევა მისი ეს სამყარო - გულწრფელი და სათუთი.

ყველას მოვუწოდებ, ნუ ვეცდებით, ჩვენი შვილი გამოვიდეს ექიმი, თუ მას უნდა, რომ ექიმი არ იყოს - გამოვიდეს მხატვარი! გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთი გოგონას დედა მუსიკის მასწავლებელზე ახდენდა ზეწოლას - გამოიყვანეთ სცენაზე და ამღერეთო. არადა, ბავშვს საერთოდ არ უნდოდა სიმღერა და არც სცენა. სურვილი ჰქონდა დაეხატა - არაჩვეულებრივად ხატავდა. ბავშვი ერთხელ მე შემეხვეწა დედის წინ, იაგო მასწავლებელო, გეხვეწებით, დედაჩემს უთხარით, არ მინდა სიმღერა, ხატვა მიყვარსო. დედამისს ვუთხარი, დაანებეთ ბავშვს თავი, მისი სამყარო არ დაამახინჯოთ, თუ უნდა ხატვა, მივცეთ ამის საშუალება, არ უნდა ბავშვს სცენა, სიმღერა და ხატვის სურვილსაც დაუკარგავთ და სიმღერაშიც ვერაფერს მიაღწევს-მეთქი. არა, მე მინდა, რომ იმღეროსო, მიპასუხა. ჩხუბით არავის ვეჩხუბები, მაგრამ იმ მშობელს ვუთხარი, თუ გინდათ, თქვენ იმღერეთ, ბავშვს დაანებეთ თავი-მეთქი. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია.

ჩვენს ბაღში ღონისძიებებს ძირითადად მშობლებთან ერთად ვაკეთებთ და მხოლოდ ბავშვები კი არა, მშობლებიც იღებენ სიამოვნებას. ამ დროს ბავშვები ხედავენ, რომ დედასთან ერთად შეუძლიათ ცეკვა, მამასთან ერთად ხტუნვა. ეს ფუფუნებააა. არ მინდა, შენიშვნა მივცე მშობლებს, მაგრამ არსებობს ჩატეხილი ხიდი, სითბოს განაწილების ნაკლებობაა მათ შორის. ამას თვითონ ბავშვები ამბობენ. რომ ვეკითხები, - მამასთან ერთად ფეხბურთი ითამაშე, არა, აბა როდისო, მპასუხობს. დედასთან ერთად პიკნიკზე წახვედი? - არა, აბა როდის... არადა, ეს უნდა სწორედ ბავშვს - მუსიკას აუწიოს მაღალ ხმაზე და ირბინოს და იხტუნოს დედასთან ერთად მაგიდის ირგვლივ, მაგრამ ვინ არბენინებს? ეშინიათ, ავეჯი არ დაჩხაპნონ, იატაკი არ დაუსვარონ... მეუბნებიან მშობლები, რას ამბობ იაგო, ოთახს რომ გავაწიკწიკებ, კაი დედის შვილია და მისაღებ ოთახში შევიდესო... ეს არაფრით შეიძლება, თავისუფლებასაც ვართმევთ, ვძაბავთ და ვსტრეავთ ბავშვებს...

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი განათლების სპეციალისტის 8 შეგონება ბაღის აღმზრდელებს

საბავშვო ბაღის აღმზრდელი: „მთელი წელი ზეიმების მომზადების პროცესში ვართ, საგაზაფხულო მოვრჩით და ახლა წლის დამამთავრებელზე გადავდივართ“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი