დღის თემა
etaloni.ge
ეზოს თამაშები საბავშვო ბაღში - რა უნდა ურჩიოს და რით უნდა წააქეზოს აღმზრდელმა პატარები
27.05.2023

ბავშვებს ყოველდღიურად სჭირდებათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ თავისუფლად იმოძრაონ: ირბინონ, იხტუნაონ, იძრომიალონ, გამოსცადონ საკუთარი ძალები, ეს თითქმის ყოველთვის ეზოში უნდა ხდებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან ცუდი ამინდია - ძლიერი ქარი, ძლიერიწვიმა, ყინვა, - ნათქვამია სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელის სახელმძღვანელოში. 

პუბლიკაციის მიხედვით, აღმზრდელებსა და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ყველა ამინდის შესაფერისი ტანსაცმელი, წვიმისა და თოვლის ჩათვლით. როდესაც გარეთ გასვლა შეუძლებელია, ეზო უნდა ჩაანაცვლოს სპორტულმა ან მუსიკის დარბაზმა, ხოლო თუ ასეთი სივრცე შენობაში არ არის, შესაძლოა, სასკოლო მზაობის ჯგუფის ოთახის სივრცის მოწყობა აქტიური თამაშისათვის.

როდესაც ფიზიკური აქტივობები დახურულ სივრცეში მიმდინარეობს, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აქტივობა უკეთ სტრუქტურირებული უნდა იყოს. ტანვარჯიში, ჯგუფური მოძრავი თამაშები, სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები გვთავაზობს ჯგუფში ჩასატარებელი აქტივობებისთვის საჭირო სტრუქტურას და ამავდროულად აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ იმოძრაონ და შეასრულონ ფიზიკური აქტივობები.

აღმზრდელები უნდა იცნობდნენ მრავალ განსხვავებულ თამაშსა და აქტივობას, რომლებიც პასუხობს აქტიური ფიზიკური თამაშის მოთხოვნილებას და ტარდება როგორც ეზოში, ისე სკოლამდელი დაწესებულების შენობაში.

ეზოში თამაშისას ბავშვებს ეძლევათ საშუალება:

► ბუნებრივად გამოხატონ საკუთარი თავი, იმოძრაონ და იხმაურონ;

► ისუნთქონ სუფთა ჰაერი და შეიგრძნონ სხვადასხვა ამინდი;

► კავშირი ჰქონდეთ ბუნებასა და ცოცხალ არსებებთან;

► ისაუბრონ ერთმანეთთან და დაისვენონ;

► დახარჯონ ენერგია;

► ითამაშონ წესებიანი და როლური მოძრავი თამაშები, რომლებიც საჭიროებენ დიდ სივრცესა და სამალავ ადგილებს.

აქტიური ფიზიკური თამაშის დროს, შენობის შიგნით თუ გარეთ, აღმზრდელებს საშუალება აქვთ დააკვირდნენ ბავშვების მსხვილ მოტორულ უნარებს - მათი კუნთების სიძლიერეს, ამტანობას, მოქნილობას, კოორდინაციისა და ბალანსირების უნარებს.

ამ დაკვირვებების შედეგად აღმზრდელებს შეუძლიათ დაგეგმონ თამაშები და აქტივობები ბავშვების საჭიროებების მიხედვით. აღმზრდელი ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა გზით. მაგალითად, ხის კუნძზე მოძრაობისა და გადახტომისას მას უჭირავს ბავშვის ხელი თავდაპირველად ძლიერად, შემდეგ კი ნელ-ნელა უშვებს ხელს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა დაინახავს, რომ ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად გავლა და დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, საბოლოოდ გაუშვებს მას ხელს.

დამფრთხალ ბავშვს, რომელიც ზემოთ მიძვრება, აღმზრდელმა შეიძლება, უბრალოდ, ურჩიოს: „არ ჩაიხედო ქვემოთ, იყურე იქით, საითაცმ იდიხარ“, ან შესთავაზოს ხელთათმანები, რომ უკეთესად ჩაეჭიდოს ასაძრომ კონსტრუქციას. ზოგჯერ მას უბრალოდ შეუძლია წააქეზოს ბავშვები: „მგონი, დღეს შეგიძლია ორი საფეხურით მაღლა სცადო“...

იხილეთ ასევე:

არის თუ არა ვალდებული საბავშვო ბაღის აღმზრდელი, პატარები ეზოში გაიყვანოს - როგორია სტანდარტი და რეალობა

სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი