დღის თემა
etaloni.ge
რა უნდა დაისახოს მიზნად საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებელმა - „ამგვარი მეცადინეობები უნდა მოიცავდეს რამდენიმე ტიპის აქტივობას“
01.06.2023

დღეისათვის დამტკიცებულად ითვლება ის ფაქტი, რომ ყველა ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ავლენს მუსიკალურ მონაცემებს და მასზე ემოციური ზეგავლენა მეტყველებაზე ადრე მუსიკას აქვს, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოში.

პუბლიკაციის მიხედვით, ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდებით ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ნაყოფი უკვე მუცლადყოფნისას რეაგირებს მუსიკაზე, სიმღერაზე, რაც მისი მოძრაობისა და გულისცემის სიხშირის ცვლაში აისახება.

მუსიკის ნეირობიოლოგიის მონაცემების თანახმად, ადამიანის თავის ტვინს დაბადებიდანვე შეუძლია მუსიკის აღქმა და ბავშვისთვის იგი მეტყველებამდელი საკომუნიკაციო საშუალება, ერთგვარი „წინასამეტყველო ენაა“. ერთი წლის ასაკისთვის ბავშვი ბაძავს სიმღერას და ცდილობს, მოძრაობით აჰყვეს მუსიკას. ცდები აჩვენებს, რომ ჩვილს იზიდავს კეთილხმოვანი ბგერების წყარო, მელოდიური მუსიკა და პირიქით, აღიზიანებს არაკეთილხმოვანი ჟღერადობა.

კვლევები აჩვენებს, რაოდენ დიდი დატვირთვა აქვს ადრეულ სამუსიკო განათლებას უმაღლესი კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის ჩვილობის ასაკშიც კი. ადრეულ ასაკში დაწყებული მუსიკალური საქმიანობა ააქტიურებს, გზას უხსნის მუსიკის აღქმასა თუ გაგებაზე პასუხისმგებელ თანდაყოლილ მექანიზმებს და აძლიერებს მათ წვლილს თავის ტვინის სხვა უმაღლესი ფუნქციების ჩამოყალიბებაში.

ადრეულ ასაკში კი ამგვარი მუსიკალური საქმიანობა სიმღერის, მუსიკის თანხლებით მოძრაობის, მუსიკის მოსმენის, მუსიცირების სახით შეიძლება შესრულდეს. ამრიგად, ბავშვის მუსიკალური განვითარება ყველაზე ადრეული ასაკიდანვეა მიზანშეწონილი.

როგორც პრაქტიკოსი პედაგოგები გვირჩევენ, წლამდე ასაკში ამგვარ საქმიანობას დროის მცირე მონაკვეთი შეიძლება დავუთმოთ, ბაგასა და საბავშვო ბაღში კი მუსიკასთან დაკავშირებული აქტივობების ხანგრძლივობა 10-დან 25-30 წუთამდე შეიძლება გაიზარდოს. ამგვარი მეცადინეობები არაერთგვაროვანი უნდა იყოს და მოიცავდეს რამდენიმე ტიპის აქტივობას.

საბავშვო ბაღში მუსიკის სწავლების მიზნებად უნდა დაისახოს:

  • ბავშვის მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბება;
  • ბავშვის მუსიკალური მონაცემების გამოვლენა და განვითარება;
  • ბავშვის ჩართვა ერთობლივ შემოქმედებით საქმიანობაში.

მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბება გულისხმობს მუსიკალური გარემოს შექმნას, რაც სიმღერით, მუსიკის მოსმენით, მუსიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულებით, მუსიკალურ თამაშობებში ჩართვით განისაზღვრება. ამის შედეგად მუსიკა ბავშვის ცხოვრებაში ორგანული კომპონენტის სახით უნდა დამკვიდრდეს და მასთან ურთიერთობა მოთხოვნილებად ექცეს. ამ პროცესში სასიმღერო და მოსასმენი რეპერტუარის საშუალებით მოხდება ბავშვის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაც.

ბავშვის მუსიკალური მონაცემების გამოვლენასა და განვითარებაში მუსიკალური ნიჭიერების საბაზისო კომპონენტების – მუსიკალური სმენის, რიტმის გრძნობისა და მუსიკალური მეხსიერების – განვითარება იგულისხმება, რაც მუსიკასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების შეძენას – სუფთა ინტონირება, რიტმული მოძრაობა, მოსმენას და ა. შ. – მოიცავს. მუსიკალური სმენისა და მეხსიერების განვითარებას მეცადინეობაზე შესრულებული (აქტიურად თუ პასიურად) ყველა ფორმა იწვევს.

მუსიკის ნეირობიოლოგიის უახლესი კვლევების თანახმად, ბავშვი ყველაზე მეტად რიტმზე რეაგირებს, რაც მუსიკალურ სავარჯიშოებში აისახა რიტმის განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა აქტივობის, მათ შორის, ცეკვის ელემენტების შემოტანის გზით.

ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობა ამ ასაკში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, ვინაიდან საერთო მიზანზე ორიენტირების მეშვეობით, თანამშრომლობის სრულიად უნიკალურ სახეს წარმოადგენს, რომელიც შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების გააქტიურებას იწვევს.

ზემოთ მოყვანილი მიზნების მიღწევისას ბავშვი ბუნებრივად, ძალდაუტანებლად აითვისებს მუსიკალურ ცნებებს, რომელსაც მუსიკალური აქტივობების დროს პრაქტიკულად გაეცნობა. ასეთებია,მაგალითად, რიტმი, ტემპი, მელოდია, მუსიკალური თანხლება, საკრავთა სახელწოდებები, ორკესტრი, დირიჟორი, ფერხული, რეპეტიცია და ა. შ.

მუსიკის მეცადინეობებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები, რომელიც ბავშვის მუსიკალური და ზოგადი უნარების განვითარებაზეა მიმართული, ერთგვარი წინაპირობა, მომზადებაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მუსიკის კურსისთვის. საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოში მუსიკის ნაწილის ჩართვით ერთიან სისტემაში ექცევა ზოგადი სამუსიკო განათლების ორი რგოლი – სკოლამდელი და საშუალო სკოლისა.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელმა უნდა წაახალისოს ბავშვები, ყურადღებით მოუსმინონ სხვადასხვა ხმებს - მუსიკა და მოძრაობა საბავშვო ბაღში

საბავშვო ბაღების მუსიკის მასწავლებლების გადამზადების პროექტს აურზაური მოჰყვა - „როგორი გადაპრანჭული პედაგოგიკაა საქართველოში“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი