დღის თემა
etaloni.ge
თვითშეფასება 2028-დან 215-მა ბაღმა მოახერხა - განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების ექსპერტთა შერჩევა გაუჭირდა
05.06.2023

პარლამენტში დღეს, 5 ივნისს, გამართულ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე მოხსენება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ მახარაშვილმა წარმოადგინა.

როგორც მახარაშვილმა განმარტა, სახელმწიფოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თვითშეფასების პროცესი დაიწყო. თვითშეფასების პროცესისთვის დაწესებულებებს თვითშეფასების კითხვარები დაურიგდათ, რომელიც, შევსების შემდეგ, იგზავნება მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ბაღების გაერთიანებაში. შემდეგ ხდება რედაქტირება-დადასტურება და იგზავნება მუნიციპალიტეტში ფინალური დადასტურებისთვის, შემდეგ კი მიდის ხარისხის განვითარების ცენტრში.

როგორც მახარაშვილი ამბობს, კონკურსის წესით, გამჭვირვალედ შეირჩნენ სპეციალისტები, რომლებიც ბაღებს თვითშეფასების განხორციელებაში ეხმარებიან, თუმცა მის უწყებას ამ დრომდე გამოცხადებული აქვს სკოლამდელი განათლების ექსპერტთა შესარჩევი კონკურსი.

სკოლამდელი განათლების ექსპერტების შესარჩევად კონკურსი თავიდან გამოცხადდა - განათლების სამინისტრო 150 კადრს ეძებს

„კონკურსის ეტაპები ბევრმა ვერ გადალახა, რადგან ძალიან მაღალი კომპეტენცია მოეთხოვებათ, როდესაც შედიან ბაღებში. ახალი ნაკადისთვის კიდევ გვაქვს კონკურსი გამოცხადებული და რამდენიც იქნება საჭირო, ამ კონკურსს გავაგრძელებთ. ამჟამად ბაღებთან მუშაობს 29 სპეციალისტი, 5 ნაკადად გადანაწილებულია 800 ბაღი - მაისი-ივლისისთვის. თვითშეფასების პროცესში კი ამ ეტაპზე ჩართულია 32 მუნიციპალიტეტი. შემოსულია პირველი დასრულებული თვითშეფასებები 215 ბაღისა ანუ 215-მა ბაღმა მოახერხა, დასრულებული თვითშეფასება წარმოედგინა“, - ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.

სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისა და მათი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი ექსპერტთა კორპუსი ხარისხის უზრუნველყოფის, კურიკულუმის, კვების დარგში და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ექსპერტებისგან შედგება.

საბავშო ბაღებში თვითშეფასების განხორციელება 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმაც მოამზადა.

„ჩვენ არ ვართ განებივრებული ელექტრონული პლატფორმებით და დიდი მიღწევაა, რომ ფურცლებით აღარ მოუწევთ თვითშეფასების წარმოდგენა, წინ და უკან სიარული... მომზადდა თვითშეფასების კითხვარები ოთხი მიზნობრივი ჯგუფისთვის - ბაღის ადმინისტრაცია, საგანმანათლებლო პერსონალი, ტექნიკური პერსონალი და მშობელი. თვითშეფასება რას ნიშნავს? ბაღის დირექტორს კი არ ეკითხები, რა მდგომარეობაა შენს ბაღში, ეს არ არის რეალური თვითშეფასება. თვითშეფასებაა, როდესაც ყველა მიზნობრივი ჯგუფი გყავს იდენტიფიცირებული, მისთვის გასაგებ ენაზე სვამ ამ შეკითხვებს“, - ამბობს მახარაშვილი.

საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია სულ 2028 დაწესებულებამ გაიარა, საიდანაც - 1704 საჯარო და 323 კერძო ბაღია.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების მართვის სადავეებს მუნიციპალიტეტები აიღებენ და პროცესსაც ისინი წარმართავენ

როდის გამოცხადდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია - კითხვა, რომლის პასუხსაც ათასობით მშობელი ელოდება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი