დღის თემა
etaloni.ge
„მოგვიწევს მშობლების ცნობიერებაზე ზრუნვა“ - კერძო ბაღში თქვენს შვილს მხოლოდ იტოვებენ თუ მის განათლებაზეც ზრუნავენ?
09.06.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის მიხედვით, ქვეყანაში როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღების ერთიანი ბაზა იქმნება. პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2023 წლის 31 მარტს დასრულდა.

სულ დარეგისტრირდა 2027 დაწესებულება - 1704 საჯარო და 323 კერძო საბავშვო ბაღი. რეფორმის მომდევნო ეტაპი თვითშეფასებაა, რის შემდეგაც, 2030 წლამდე ყველა სკოლამდელმა დაწესებულებამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს.

კერძო საბავშვო ბაღები ქვეყანაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დღეს ერთიან სისტემაშია დარეგისტრირებული და ეს ფაქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დაადასტურა, სადაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობას განიხილავდნენ.

საჯარო ბაღი ერთიან ეროვნულ ბაზაში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს, კერძო დაწესებულებებმა კი გამოსავალი მოძებნეს.

„არ ვიცით, ყველა კერძო ბაღი დარეგისტრირდა თუ არა... სანამ რეგისტრაციის ფანჯარა ღია იყო, ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვეწეოდით. სამწუხაროდ, ვიცით, რომ რამოდენიმე სუბიექტმა გადაწყვიტა, რომ აღარ აპირებს ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას და ვიცით, რომ თქვეს, ჩვენი ადგილი აქ აღარააო და გაჩერდნენ. რამდენიმე ფიქრობს და ფიქრობდა, რომ დაირქმევდა სხვა ტიპის სახელს, როგორიც იყო, მაგალითად, ბავშვთა დატოვების ცენტრი და სულაც არ ექნებოდა ამბიცია აღზრდასა და განათლებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს მუშაობა საზოგადოების ცნობიერებაზეც, რადგან დღესაც ძალიან ბევრ ოჯახს, მშობელს ჰგონია, რომ ბაღი ბავშვის დატოვების ადგილია. ანუ საერთოდ გამორიცხავენ აღზრდისა და განათლების კომპონენტს. ამიტომაც, როცა ეს ცნობიერებაც გაიზრდება, ასეთ ცენტრებთან მიმართებაში ნდობაც თანდათანობით შემცირდება. თუმცაღა, დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ მას არ უნდა ერქვას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება და მხოლოდ ბავშვის დატოვება უნდა ორი საათით... ამას მეზობელიც აკეთებს და ა.შ. აქ ჩვენ ვერ შევალთ... ვისაც ბაღის ამბიცია ჰქონდა, ვიცით რომ ბევრმა უარი თქვა, უფრო ბევრი დარეგისტრირდა, ვისაც გააჩნია იმის მზაობა და სურვილი, რომ სტანდარტებთან მოვიდეს შესაბამისობაში“, - ამბობს კახაბერ ერაძე.

ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული საბავშო ბაღების სია საჯაროა და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ხითარიშვილის თქმით, მშობლებმა, სანამ ბავშვს კერძო ბაღში მიიყვანენ, დაწესებულება ამ ბაზაში უნდა გადაამოწმონ.

„ავტორიზებული ბაღების სია იქნება საჯარო, ის განთავსდება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მშობელს შეუძლია ნახოს. ალბათ ყველა მშობელი გადაამოწმებს წინასწარ, სანამ ის შეიყვანს თავის შვილს ბაღში. რომელი კერძო ბაღიც დარეგისტრირდა, მათი სია ახლაც საჯაროდ, ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული“, - ამბობს ხითარიშვილი.

როგორც ხარისხის განვითარების ცენტრი იუწყება, ბაზაში რეგისტრირებული დაწესებულებები მათი მხრიდან მიიღებენ მხარდამჭერ სერვისებს და ჩაერთვებიან შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში.

იხილეთ ასევე:

როგორ შეირჩა 7 საბავშვო ბაღი თვითშეფასების პლატფორმის პილოტირებისთვის - „ახალი პროგრამა ძირფესვიანად გაიტესტა“

კერძო საბავშვო ბაღებს 3-დან 5 ათას ლარამდე თანხის გაღება მოუწევთ - რა იწვევს ბაღის მფლობელთა პროტესტს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი