დღის თემა
etaloni.ge
რა ხდება ბავშვის ორგანიზმში, თუ ნაყინს რეგულარულად იღებს - ექიმის რჩევა
05.07.2023

ნაყინი ის ტკბილეულია, რომელიც როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის საყვარელი ნუგბარია. ზაფხულის ცხელ დღეებში კი განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს - საუკეთესო გამაგრილებელია.

როგორც წესი, უფროსები ფიქრობენ, რომ ნაყინი ბავშვებისთვის უსაფრთხო პროდუქტი არ არის, თუმცა ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი, აცხადებს, რომ ნაყინი ბავშვის იმუნიტეტზე პირიქით, კარგად მოქმედებს. ექიმი მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს საყვარელი ნუგბარი ხშირად მისცენ.

პედიატრი ამბობს, რომ ნაყინი და სიცივე, რომელიც მას აქვს, ძალიან სასარგებლოა პირის ღრუს სიჯანსაღისთვის და პატარებს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება.

„სიცივე ზედა ყელის მიდამოში მდებარე ლიმფურ ქსოვილებზე დადებითად მოქმედებს. როდესაც ბავშვი ნაყინს რეგულარულად იღებს, მისი ორგანიზმი სხვადახვა დაავადებისადმი უფრო მდგრადი და გამძლე ხდება. არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის ცივ საკვებთან რეგულარული შეხება ძალიან სასარგებლოა. ამიტომ, მიეცით ბავშვს ნაყინი რეგულარულად.თუ თქვენს შვილს ნაყინს მხოლოდ თვეში ერთხელ მისცემთ, ამით მის იმუნიტეტს ვერ გააძლიერებთ, თუმცა ნაყინი ზოგი ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის - თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს ან გაცხიმოვნება აქვს, მისთვის ნაყინის მიცემა არ შეიძლება, რადგან ნაყინი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია“, – ამბობს კომაროვსკი.

უფროსებმა, სანამ ბავშვს ნაყინს მისცემენ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მისი ხარისხი, რადგან არასასურველი პროდუქტით დამზადებულმა ტკბილეულმა შესაძლოა, სარგებლის ნაცვლად ბავშვს ზიანი მოუტანოს.

ხარისხიანი ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეული რძის პროდუქტებია. კარგ ნაყინს სასიამოვნო გემო აქვს, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. კარგი იქნება, თუ ბავშვებისთვის ამ ტკბილეულს სახლში, სასურველი ინგრედიენტებისგან მოამზადებთ.

გთავაზობთ ნაყინის რეცეპტს, რომელიც თქვენი პატარებისთვის სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოც იქნება.

ინგრედიენტები:

2 კვერცხის გული, 250 მლ რძე, 60 გრ. რძის ფხვნილი, 40 გრ. შაქარი, 40 გრ. შესქელებული რძე, 350 გრ. ნაღები, 40 გრ. თეთრი შოკოლადი.

მომზადების წესი:

ერთ ჭურჭელში აურიეთ კვერცხის გული, რძე, რძის ფხვნილი, შაქარი და შესქელებული რძე და მთელი მასა ათქვიფეთ მიქსერით ისე, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ და იმდენ ხანს ხარშეთ, სანამ ოდნავ შესქელდება. შემდეგ კი მიღებული მასა ღრმა თასში  საცრის დახმარებით დაასხით. დაამატეთ შოკოლადი და კარგად აურიეთ. დააფარეთ თასს საკვები პარკი და მაცივარში 3 საათით შედგით. ამასობაში, მიქსერით ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ მომზადებულ მასას. მიღებული მასა ჩაასხით ჭიქებში ან ნაყინის ფორმებში და გაყინეთ. გემრიელად მიირთვით! 

იხილეთ ასევე:

ბროკოლის სუპი პატარებისთვის - რეცეპტი

რატომ უნდა შეიტანოთ ბავშვის მენიუში ოსპი - პედიატრის რეკომენდაციები და რეცეპტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი