დღის თემა
etaloni.ge
„ადრეული ასაკის ბავშვებს ეს ინფორმაცია შეიძლება სიმღერის ან ცეკვის საშუალებით დავასწავლოთ“ – ფსიქოლოგის 7 რჩევა
12.07.2023
სრულიად დასაშვები ამბავია, რომ ბავშვი მშობლის თუ სხვა ახლობელის თვალს მოულოდნელად მიეფაროს და მისი პოვნა მალევე ვეღარ შევძლოთ.

მსგავსი სიტუაციისთვის, ჩვენი პატარები, უმჯობესია ამ მომენტის დადგომამდე გავაფრთხილოთ.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, მარიამ შოვნაძე, უფროსებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ მოამზადონ ბავშვი, რომ მსგავს სიტუაციებს მომზადებულები შეხვდნენ.

მარიამ შოვნაძე:

► პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ბავშვს ინფორმაცია მივაწოდოთ შესაძლო დაკარგვის შესახებ აღნიშნულ შემთხვევამდე და არა - შემთხვევის შემდეგ. ინფორმირებულობისა და მომზადებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ისტორიები, როლური თამაშები. შედეგად, ბავშვს ექნება ინფორმაცია, სქემა, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს აღნიშნულ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ზღვარი ინფორმაციის მიწოდებასა და შეშინებას შორის.

► თუ ბავშვი საუბრობს, მნიშვნელოვანია მას ვასწავლოთ მშობლების ან სხვა მზრუნველი პირის სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და მისამართი. ადრეული ასაკის ბავშვებს ეს ინფორმაცია შეიძლება სიმღერის ან ცეკვის საშუალებით დავასწავლოთ. კონკრეტული ნომერი სიმღერის ტექსტად ან ცეკვის მოძრაობებად გარდავქმნათ, რომელსაც ხშირად შევასრულებთ ერთად.

► აუცილებელი ინფორმაციის გადასაცემად, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სამაჯურები, ბარათები სატელეფონო ნომრით და მისამართით. რაც მთავარია, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ბარათი ექნება ქურთუკის ან ჩანთის ჯიბეში, საჭიროების შემთხვევაში კი, თუ მას ჰკითხავენ ნომერს, შეძლებს, ბარათი აჩვენოს.

► ხშირად ბავშვს ვეუბნებით, რომ უცხო ადამიანს არ დაელაპარაკოს და ამავდროულად ვეუბნებით, თუ დაიკარგა უცხო ადამიანს სთხოვოს დახმარება. ბავშვი იბნევა. ამიტომ, შეგვიძლია ვითამაშოთ „უსაფართხო დახმარება“ - გარეთ ყოფნისას ან სხვა სივრცეში ამოვიცნოთ ადამიანები, ვისგანაც შეგვიძლია მივიღოთ უსაფრთხო დახმარება. მაგალითად, პოლიციის თანამშრომელი, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი და ა.შ.

► წინა პუნქტის მიუხედავად, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ დახმარების შეთავაზებისას მას სთხოვენ ადგილი შეიცვალოს და სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, შეუძლია თქვას „არა“. მნიშვნელოვანია, რომ არ დატოვოს ის ადგილი.

► მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ, როგორც კი ბავშვი აღმოაჩენს რომ ოჯახის წევრს ვეღარ ხედავს, მაშინვე გაჩერდეს იქ და დაიყვიროს მშობლის თუ ოჯახის წევრის სახელი და არ შერცხვეს. ამ პრინციპით, მშობელიც იგივე მიმართულებით დაბრუნდება უკან და აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს.

► რამდენად მომზადებულიც არ უნდა იყოს ბავშვი, დაკარგვის ეპიზოდში, შესაძლოა იგრძნოს შიში, სევდა და ეს ბუნებრივია. უმჯობესია, ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ - ავუხსნათ შიშის დროს როგორ შეიძლება საკუთარ თავს დაეხმაროს და მიმართოს თვითდამშვიდებას.

იხილეთ ასევე:

რა უნარებს ავითარებს ბავშვების აღზრდაში მამების ჩართულობა ადრეული ასაკიდან - „თანატოლებში მეტი აღიარებით და პოპულარობით სარგებლობენ“

„მიუღებელია, აღმზრდელი ზოგ მშობელს დეტალურად ესაუბროს, ხოლო ზოგს მიაწოდოს მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია“ - სტანდარტი
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი