დღის თემა
etaloni.ge
„თუ ბაღმა გაუაზრებლად განსაზღვრა პრინციპი, რომელიც მიმზიდველად ჟღერს, დაწესებულების საქმიანობით დაინტერესებული პირი იგრძნობს იმედგაცრუებას“
11.08.2023

სკოლამდელი აღზრდისა და განთლების დაწესებულებას, ავტორიზაციის გასავლელად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული მისია, ხედვა და ღირებულებები. სკოლამდელი განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის გზამკვლევის მიხედვით, ბაღის ხედვა და ღირებულებები მისიიდან გამომდინარე უნდა იყოს.

თუ როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ხედვა და ღირებულებები, ამის შესახებ აღნიშნული სტანდარტის გზამკვლევში დეტალურად არის განმარტებული.

ხედვა

ხედვა არის მოკლე განაცხადი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის განვითარების საშუალოვადიან ან გრძელვადიან მიზნებს. მაგალითად, 5-15 წლის პერსპექტივით. ხედვაში ასახული უნდა იყოს დაწესებულების მისწრაფებები ანუ როგორ ხედავს დაწესებულება საკუთარ თავს დროის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ.

ხედვა დაწესებულების წარმოდგენაში დახატული, სასურველი, მიზანზე ორიენტირებული, იდეალური მომავლის სურათია. ის მუდმივად გვაძლევს საშუალებას, ვხედავდეთ განსხვავებას არსებული და სასურველ მდგომარეობას შორის. კარგად ფორმულირებული ხედვა უნდა იყოს მოკლე - ორი-სამი წინადადება, მარტივად გასაგები ნებისმიერი მკითხველისთვის, მოტივაციის მიმცემი, კონკრეტული ორგანიზაციისთვის უნიკალური, - არა ზოგადი, რომელიც ამ დარგში მომუშავე ნებისმიერ ორგანიზაციას მიესადაგება და ამბიციური. ეს არის იდეალური სამომავლო სურათის აღწერა და არა მოკლე ვადაში მისაღწევი მიზანი.

შესაძლებელია, ხედვაში განსაზღვრული იყოს დროის ის პერიოდი, რომელშიც უნდა განვითარდეს დაწესებულება. დაწესებულებას უნდა ახსოვდეს, რომ ხედვა წარმოადგენს მისიის ნაბიჯ–ნაბიჯ რეალიზაციის გზას. ამიტომ ხედვა აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს მისიიდან. ის ასევე წარმოადგენს შუა რგოლს მისიასა და სტრატეგიულ გეგმას შორის. შესაბამისად, ხედვა უნდა წარმოადგენდეს სტრატეგიული გეგმის შემუშავების ძირითად ორიენტირს.

ღირებულებები

ღირებულებები არის ის ძირითადი პრინციპები, რომელთა გათვალისწინებითაც მოქმედებს დაწესებულება. მაგალითად, ეს პრინციპები შეიძლება იყოს: გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, ინოვაცია, ღიაობა, სამართლიანობის დაცვა, ბავშვის უფლებათა დაცვა, თანასწორობის დაცვა, პოზიტიური გარემოს ფორმირება და ა.შ. რეკომენდებულია, შერჩეული და დეკლარირებული ღირებულება არ იყოს 5–6–ზე მეტი რაოდენობის.

ღირებულებებზე ფიქრისას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  1. ღირებულებები წარმოადგენს ორგანიზაციული კულტურის ნაწილს. ის ინფორმაციას აწვდის თანამშრომლებს დაწესებულებაში მოქმედი ორგანიზაციული კულტურის და იმ პრინციპების შესახებ, რომელთა დაცვითაც უნდა იმუშაონ მათ ამ ორგანიზაციაში.
  2. ღირებულებები აყალიბებს საზოგადოების მოლოდინებს ბაღთან დაკავშირებით და მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზაციის იმიჯთან. ზემოთქმულის უკეთ გასააზრებლად განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თუ დაწესებულება აცხადებს, რომ მისი ღირებულებაა ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა, მაშინ ბუნებრივია საზოგადოებას უჩნდება მოლოდინი, რომ ამ დაწესებულებაში კურიკულუმი ეყრდნობა თანამედროვე კვლევებს, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, აღმზრდელ–პედაგოგები/აღმზრდელები არიან მაღალკვალიფიციურები, დაწესებულება აღჭურვილია უახლესი საგანმანათლებლო რესურსებით და ა.შ. ანუ ღირებულება იწვევს გარკვეული ასოციაციებს და მოლოდინებს დაწესებულებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას ეს ღირებულება შერჩეული აქვს გაუაზრებლად, - იმ პრინციპით, რომ რაღაც უნდა ჰქონოდა დაწერილი და დაწერა, ან იმ ლოგიკით, რომ ღირებულებად განსაზღვრა პრინციპი, რომელიც ლამაზად და მიმზიდველად ჟღერს, - მაშინ დაწესებულების საქმიანობით დაინტერესებული პირი დაწესებულებაში ვიზიტისას, გრძნობს იმედგაცრუებას, რადგან ადგილზე ნანახი გარემო და სიტუაცია სრულიად არ შეესაბამება მის წარმოდგენებს ბაღთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ღირებულებების განსაზღვრა უნდა დაეფუძნოს განსჯისა და ფიქრის პროცესს. ასევე, უნდა არსებობდეს წინაპირობა იმისა, რომ დაწესებულება ნამდვილად განახორციელებს თავის საქმიანობას ზემოთქმული პრინციპების დაცვით. ღირებულებების დანერგვის ნაწილში დაწესებულების მიერ გაწეული ძალისხმევის კარგ მაგალითს შექმნის სტრატეგიულ/სამოქმედო გეგმებში გაწერილი მიზნები/აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ამ ღირებულებების რეალიზაციაზე. მაგალითად, თუ დავუბრუნდებით ზემოთქმული მაგალითს ინოვაციურობასთან დაკავშირებით და დაწესებულების სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაში ვნახავთ, რომ დაწესებულება აპირებს ამ მიმართულებით დამატებითი აქტივობების განხორციელებას, მაგალითად, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების გადამზადებას, ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რომ ორგანიზაცია მართლაც მოქმედებს აღნიშნული პრინციპების დაცვით.

მისია, ხედვა და ღირებულებები არ მტკიცდება.

იხილეთ ასევე:

რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უნდა მოქმედებდეს სატელეფონო ცხელი ხაზი - რას ავალდებულებს ბავშვის უფლებათა კოდექსი ბაღებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი