დღის თემა
etaloni.ge
„ესაუბრეთ ბავშვებს წიგნში აღწერილი პერსონაჟების შესახებ, გაახმოვანეთ წიგნში აღწერილი ცხოველები“ - საუკეთესო რჩევები
30.08.2023

კითხვის სიყვარული ბავშვს კარს უღებს თავგადასავლებისა და ახალი ცოდნის სამყაროში და სძენს მთელ რიგ საკვანძო ენობრივ უნარებს, როგორიცაა მეტყველების განვითარება და სიტყვების მარაგის გამდიდრება, წიგნების კითხვაში გატარებული დრო გჩუქნით განსაკუთრებულ მომენტებს ბავშვთან კავშირის დასამყარებლად და ერთმანეთთან ურთიერთობით დასატკბობად, - აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა“.

ციფრული კონტენტის მწერალი, მენდი რიჩი წერს, რომ დღეში სულ რაღაც 10-15 წუთი, რომელსაც თქვენი ცნობისმოყვარე პატარა წიგნთან გაატარებს, საკმარისია იმისთვის, რომ მასში ინტერესის ნაპერწკალი გააღვივოს.

გაეცანით საუკეთესო რჩევებს, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვს ლიტერატურა:

დაბადებისთანავე ჩართეთ ბავშვი კითხვის პროცესში

ახალდაბადებულებისთვის კითხვა მათ ცხოვრებაში საუკეთესო სასტარტო პოზიციაზე დააყენებს. ბავშვები ითვისებენ ენას ზრდასრულებისგან, რომლებიც მათ უმეორებენ და უკითხავენ სიტყვებს. როცა პატარას უკითხავთ, ესაუბრეთ წიგნში აღწერილი პერსონაჟებისა და საგნების შესახებ, ან გაახმოვანეთ წიგნში აღწერილი ცხოველები. თქვენი ხმის გაგონება პატარას მის მიერ დანახული ასოებისა და სურათების მნიშვნელობის გაგებაში დაეხმარება. კითხვის დროს ცვალეთ თქვენი ხმის სიმაღლე და ტონი და შეეცადეთ სხვადასხვა პერსონაჟი სხვადასხვა აქცენტითა და ხმით გააჟღეროთ. ეს ხელს შეუწყობს თქვენი ბავშვის ჩართულობას და ისე აგრძნობინებს, თითქოს მოთხრობამ წიგნის ფურცლებიდან რეალობაში გადმოინაცვლა!

გახსოვდეთ, ბავშვები წიგნის სიყვარულს  იმაზე გაცილებით უფრო ადრე სწავლობენ, ვიდრე კითხვას ისწავლიან. წიგნებთან თქვენი და თქვენი ბავშვის ერთად გატარებული დრო მას კითხვისგან კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებს, როცა გაიზრდება.

მიეცით მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მკითხველი

მნიშვნელოვანია, ბავშვებმა კითხვა აღიქვან, როგორც გასართობი და სასიამოვნო პროცესი და არა როგორც ძნელად შესასრულებელი დავალება. ამის საუკეთესო საშუალება კი პირადი მაგალითის მიცემაა! ბავშვებს უფრო დიდი ალბათობით კითხვის მეტი სტიმული მიეცემათ, თუკი დაინახავენ, რომ თქვენც ხშირად კითხულობთ. ეს ასევე ხელს შეუწყობს მათ ეკრანიდან მოწყვეტას.

თუ კარგი ხანია არაფერი წაგიკითხავთ, თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის საუკეთესო წიგნების არჩევაში შესანიშნავი მეგზურობის გაწევა  ადგილობრივი წიგნის მაღაზიების პერსონალსა და ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ. წიგნის არჩევაში არანაკლებ კარგი რესურსი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან! იკითხეთ, რა არის მათი ბავშვების საყვარელი წიგნები და გამოჰკითხეთ ერთად კითხვის გამოცდილების შესახებ. შეგიძლიათ თქვენი პატარაც კი წაიყვანოთ, რათა ერთად აირჩიოთ წიგნები.

იკითხეთ რიგრიგობით

ბავშვის ზრდის პარალელურად დაიწყეთ  მონაცვლეობით ერთმანეთისთვის ხმამაღლა კითხვა. თუ თქვენი ბავშვი ჯერ პატარაა, საწყის ეტაპზე სთხოვეთ, გაჩვენოთ ის სიტყვები და ასოები, რომლებსაც ცნობს. შემდგომ ეტაპზე უკვე ერთმანეთს მორიგეობით წაუკითხეთ წინადადებები. თანდათანობით, როცა ბავშვის შესაძლებლობები გაიზრდება, რიგრიგობით წაიკითხეთ გვერდები და ბოლოს უკვე თავები. ერთად კითხვისას დასვით კითხვები ტექსტის შესახებ: „როგორ ფიქრობ, რა მოხდება შემდეგ?“ „შენი აზრით, რატომ მოიქცა ასე სპილო?“

ერთმანეთისთვის ხმამაღლა კითხვა ბავშვს შემატებს თავდაჯერებას საუბრის დროს და გაუმტკიცებს უკვე გავლილი მასალის ცოდნას.

მოუსმინეთ ბავშვს

ბავშვის ზრდის კვალდაკვალ მიაქციეთ ყურადღება მის ინტერესებს. თუ მას განსაკუთრებით აინტერესებს რომელიმე კონკრეტული თემა, მაგალითად დინოზავრები, შეეცადეთ მოიძიოთ  საბავშვო წიგნები აღნიშნული თემის შესახებ. ეს მათ დაეხმარება იმ აზრის განმტკიცებაში, რომ წიგნები არის საშუალება, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იგი უფრო დიდი ალბათობით წაიკითხავს წიგნს, თუ წიგნის თემა მისი საყვარელი დინოზავრია!

ნუ იდარდებთ, თუ თქვენი ბავშვები ჯერ არ კითხულობენ აჩებეს ან დოსტოევსკის - მთავარია რომ კითხულობენ. არაფერი დაშავდება იმით, თუ ამ ეტაპზე მხოლოდ კომიქსებს წაიკითხავენ. კომიქსები და გრაფიკული მოთხრობებიც ხომ კითხვის შესაძლებლობას იძლევა! შეგიძლიათ სხვა საკითხავი მასალების კითხვისკენაც უბიძგოთ, მაგრამ თუ ჯერ ამისთვის მზად არ არიან, ნუ მოახდენთ მასზე ზეწოლას.

აქციეთ კითხვა რუტინად

ბავშვისთვის კითხვის სახალისო მოვლენად ქცევა წიგნების თქვენს ყოველდღიურ რუტინაში  ჩართვით იწყება. ძილის წინ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სპეციალურად გამოყავით დრო წასაკითხად. ერთად ყოფნისას მაქსიმალურად შეზღუდეთ ისეთი ყურადღების გამფანტველი ფაქტორები, როგორიცაა მობილური ტელეფონები და ტელევიზორი. თქვენთვის განკუთვნილი დრო მხოლოდ ერთმანეთს უნდა დაუთმოთ!

წიგნებით სიამოვნებას რომ მივეჩვიოთ, ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია წიგნების სახლში ქონა. შეძლებისდაგვარად დაიწყეთ ბავშვებისთვის წიგნების კოლექციის შეგროვება. არ არის აუცილებელი ეს კოლექცია უზარმაზარი იყოს - პატარა კოლექციაც საკმარისი იქნება.

თუ ახლომახლო ბიბლიოთეკა გაქვთ, დაინტერესდით, აქვთ თუ არა წაკითხული წიგნების განხილვის პროგრამები. ასეთი შეხვედრები შეიძლება გახდეს კარგი საშუალება ბავშვისთვის, ისიამოვნოს წიგნებით და ამავე დროს იურთიერთოს სხვა ბავშვებთან. ასევე შეგიძლიათ დაფიქრდეთ მეგობრებთან და მათ ბავშვებთან ერთად წიგნების მინი-კლუბის შექმნაზე.

კითხვის ეტაპები

ყველა ბავშვი განსხვავებულია, თუმცა შეგიძლიათ დააკვირდეთ გარკვეულ ეტაპებს თქვენი ბავშვის კითხვის უნარების განვითარებაში:

დაბადებიდან 18 თვემდე

► ესმის გარკვეული მარტივი ფრაზები

► ათვალიერებს წიგნს და ცდილობს, გადაფურცლოს

►იმიტირებს მეტყველებას

► დაახლოებით 1 წლის ასაკში შეუძლია ერთი ან მეტი სიტყვის წარმოთქმა

18 თვიდან 3 წლამდე

► შეუძლია წარმოთქვას 250-350 სიტყვა დაახლოებით 2 წლის ასაკში და 800-1,000 სიტყვა 3 წლის ასაკში

► სიამოვნებს ნაცნობი წიგნების მოსმენა

► წარმოთქვამს განმეორებულ ფრაზას საყვარელი წიგნიდან

► ბაძავს უფროსების საუბარს ბგერებით

►ითხოვს წაკითხვას

3-დან 5 წლამდე

► ამოიცნობს ნაცნობ ასოებს და ცდილობს დაწეროს

► სწორად იჭერს წიგნს და გვერდს გადაფურცლავს

► ამოიცნობს სიტყვებს, რომლებიც ერთმანეთს ერითმება

► კომფორტულად იყენებს წინადადებებს

► სწავლობს ხმამაღლა წაკითხული წიგნებიდან

იხილეთ ასევე:

ცოდნის გაკვეთილები მხიარულად, ცეკვა-თამაშის თანხლებით - უნიკალური მეთოდები

ბაღის აღმზრდელები ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ - „530 ლარი გვქონდა ხელფასი და ახლა 250 ლარი გვექნება, როგორ ვიცხოვროთ?“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი