დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებს ავტორიზაციისთვის განათლების სამინისტრო მატერიალური რესურსით ვერ დაეხმარება
13.09.2023

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის განრიგი 2024 წლის ოქტომბერში დადგინდება, 2023 წლის ნოემბრის ბოლომდე კი ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ უნდა გაიაროს თვითშეფასების პროცესი, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევის“ პროექტის საჯაროდ განხილვის დროს განაცხადა.

„თვითშეფასების პროცესის განხორციელება სავალდებულოა იმისთვის, რომ ბაღმა მოიპოვოს უფლება, 2024 წლიდან ისევ განახორციელოს საქმიანობა. მოქმედი ბაღებისთვის კანონმა გააკეთა დაშვება და განსაზღვრა გარდამავალი, დამხმარე პერიოდი იმისთვის, რომ მოქმედი ბაღები მოვიდნენ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში. ყველა სტანდარტთან მიმართებაშიც რომ იყოთ შეუსაბამო, ამის მიუხედავად, ბაღი გააგრძელებს საქმიანობას იმ პერიოდამდე, სანამ არ მოუწევს ავტორიზაციის გავლა ავტორიზაციის განრიგით... ეს განრიგი განათლების მინისტრის მიერ დამტკიცდება, იქნება საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი... თითოეული ბაღი როგორ თვითშეფასებასაც წარმოადგენს, იმ მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რა მდგომარეობაც ექნება, შესაბამის ვადაში, 2025 წლიდან 2029 წლის დეკემბრამდე ვადაში მოუწევს ავტორიზაციის გავლა“, - ამბობს ხითარიშვილი.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს სამსახურის კოორდინატორი, ნინო გოგლიჩიძე, ამბობს, რომ მათი მიზანია, ჩვენი ქვეყნის ბავშვებმა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების სერვისი მიიღონ.

„საბავშვო ბაღი უნდა მართავდეს თავის თავს და ბავშვებს უნდა ემსახურებოდეს ხარისხიან სერვისზე დაყრდნობით. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყნის ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი მომსახურება. საბავშვო ბაღებს, გარდამავალ პერიოდში, ვასწავლით, რომ ხარისხიანი მართვის მექანიზმები შეიმუშაონ. 2030 წლამდე, ავტორიზაციის კონკრეტული თარიღის განსაზღვრის პერიოდში, ჩვენ ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც ჩვენზეა დამოკიდებული, დაგეხმაროთ, რაც გამოსასწორებელი იქნება, გასწავლოთ, თუ როგორ ვაკეთოთ ერთად ხარისხიანი სერვისი“, - ამბობს გოგლიჩიძე.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მათი უწყება საბავშვო ბაღებს მატერიალურ დახმარებას ვერ გაუწევს და ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტებზე, კერძო ბაღების შემთხვევაში კი - თავად ბაღებზე. განათლების სამინისტრო კი ბაღებს დაეხმარება ისეთ საკითხებში, როგორიც არის, მაგალითად, სტრატეგიული მიმართულების განვითარება, დოკუმენტები, გზამკვლევები, ადმინისტრაციული სტრუქტურის გაძლიერება და ა.შ.

„ჯობია, თქვენი რესურსები ისეთ რაღაცებს მოახმაროთ, რომელზეც ჩვენი მხრიდან ვერანაირად მოხდება ხელშეწყობა“, - ურჩევს ნინო გოგლიჩიძე საბავშვო ბაღებს.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელები ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ - „530 ლარი გვქონდა ხელფასი და ახლა 250 ლარი გვექნება, როგორ ვიცხოვროთ?“

რა დრო უნდა დაეთმოს საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამას - ჩანაწერი დოკუმენტში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი