დღის თემა
etaloni.ge
„მშობელს დააკისრეთ ვალდებულება, რომ თუ ის აზრს შეიცვლის, გაცნობოთ“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ბაღის თანამშრომლებს
21.09.2023

თუ რომელიმე ერთი ბავშვის მშობლის თანხმობა არ გაქვთ, სოციალურ ქსელში ვერ დადებთ ვერც ფოტოს და ვერც ვიდეომასალას - უთხრა საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა და დეტალები განმარტა.

„ყველანაირი ტიპის ინფორმაციის ღონისძიების შესახებ გასაჯაროების უფლება გაქვთ, მაგრამ საუბარია ისეთი ინფორმაციის გაზიარებაზე, სადაც პირადი მონაცემების იდენტიფიცირება ხდება - ბავშვის სახე ჩანს. ავტორიზაციის სტანდარტში ძალიან მკაცრად, ხაზგასმით წერია, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ხდება ბავშვის გამოსახულების გამოჩენა „ფეისბუქზე“ ან სხვა სოციალურ ქსელში, ეს უნდა მოხდეს მშობლისგან წერილობით მიღებული ნებართვის საფუძველზე“, - ამბობს სპეციალისტი.

ნინო ხითარიშვილი ბაღის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მშობლის წერილობითი თანხმობა ბავშვის პირადი საქმის ნაწილად აქციონ. ეს შეიძლება ხელშეკრულების ნაწილადაც იყოს წარმოდგენილი.

„შეიძლება ხელშეკრულებაში იყოს ჩანაწერი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, მშობელი ეთანხმება, მისი შვილის ფოტო-ვიდეო მასალა გაზიარებული იქნება „ფეისბუქზე“. თუ წინააღმდეგია, ესეც უნდა იყოს დაფიქსირებული და აკონტროლოთ, რომ იმ ბავშვის ფოტო არ მოხვდეს სოციალურ ქსელში. თუ რომელიმე მშობელი არ არის თანახმა, რომ მისი შვილის ფოტო გამოჩნდეს, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ბავშვების ფოტოები არ უნდა დაიდოს. უბრალოდ, უნდა აკონტროლოთ, რომ იმ კონკრეტული ბავშვის ფოტო არ მოხვდეს სოციალურ ქსელში, რომლის მშობელიც წინააღმდეგია ამ საკითხისა.

ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვისას, მთავარია, ფიქსირდებოდეს, მშობლის იდენტიფიცირება ხდებოდეს, რომ კონკრეტული ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ასეთი ტიპის უფლებას თქვენ გადმოგცემთ. ეს ხელშეკრულების ნაწილი იქნება თუ ცალკე რაიმე ტიპის დოკუმენტის სახით გექნებათ გაფორმებული, სულ ერთია და თქვენვე შეგიძლიათ დაარეგულიროთ“, - უთხრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ერთ-ერთი პროექტის საჯარო განხილვისას.

რაც შეეხება მშობელთან დადებულ ხელშეკრულებას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამ დოკუმენტს წელიწადში ერთხელ ანახლებს.

„რადგან მშობელმა შეიძლება შეიცვალოს პოზიცია, ხშირად რომ არ ცვალოთ დოკუმენტები, შეგიძლიათ, ხელშეკრულებაში ჩაწეროთ ფრაზა, რომ ეს შეთანხმება მოქმედებს იქამდე, სანამ მშობელს არ ექნება საწინააღმდეგო პოზიცია და არ გააკეთებს ბაღის ინფორმირებას. ასე რომ, ჩაწერეთ ეს ფრაზა ხელშეკრულებაში და მშობელს დააკისრეთ ვალდებულება, რომ თუ ის აზრს შეიცვლის, გაცნობოთ და თქვენ განახორციელებთ შესაბამის რეაგირებას“, - ამბობს ხითარიშვილი.

იხილეთ ასევე:

რა შემთხვევაში აიკრძალება საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერები - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის განმარტება


საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის მასშტაბური ტრენინგები იგეგმება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი