დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელმა ბავშვებს, პირველ რიგში, დღის განრიგი უნდა გააცნოს - ახალი სტანდარტის დეტალები
27.02.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის ახალი დადგენილების მიხედვით შემუშავებული ავტორიზაციის სტანდარტებიდან ერთ-ერთი, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერას ითვალისწინებს, სადაც ცალკე პუნქტად არის ჩამოყალიბებული საბავშვო ბაღებში ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოებისათვის გასათვალისწინებელი დეტალები.

სტანდარტის მიხედვით, დაწესებულებაში დაცული უნდა იყოს პერსონალის და ბავშვების  ფიზიკური უსაფრთხოება.

ფიზიკური უსაფრთხოებისთვის:

  1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიაზე პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და საგანგებო სიტუაციებში რეაგირება.
  2. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მცენარეები არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ბავშვის და პერსონალის ჯანმრთელობისთვის.
  3. კურიკულუმის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიიდან ბავშვების გაყვანისას დაცული უნდა იყოს ბავშვების უსაფრთხოება და პროცესი უნდა განხორციელდეს მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

იმისათვის, რომ საბავშვო ბაღმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს, დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

  1. პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  2. უფლებამოსილ ორგანოსთან/პირთან შეთანხმებული საგანგებო მართვის გეგმა.
  3. მშობლის წერილობითი ნებართვა დაწესებულების ტერიტორიიდან გაყვანაზე, ფოტო/ვიდეო ჩანაწერზე, სოციალურ ქსელში განთავსებაზე და სხვა.
  4. დასკვნა შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და არსებობის შემთხვევაში გაცემული მიწერილობა სახანძრო დაწესებულებაში.

ბავშვების ემოციური უსაფრთხოებისთვის:

  1. დაწესებულების გარემო თითოეული ბავშვისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს - ბავშვებმა იცოდნენ დღის განრიგს შესახებ და ჰქონდეთ ინფორმაცია დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
  2. დაწესებულების პერსონალი ვალდებულია, იცნობდეს ბავშვის უფლებებს და იცავდეს მათ საქმიანობის წარმართვის პროცესში.
  3. დაწესებულებაში განსაზღვრული უნდა იყოს პროცედურები ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის და იდენტიფიცირებული უნდა იყოს რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირი.
  4. დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და ტრანზიციას.
  5. დაწესებულებამ უნდა დაიცვას ბავშვისა და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

იმისათვის, რომ ბავშის ემოციური უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა იყოს აღმოფხვრილი და საბავშვო ბაღმა ავტორიზაციის გავლა შეძლოს, დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

  1. დღის განრიგი.
  2. გაწერილი პროცედურები ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის.
  3. ინფორმაცია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ.
  4. ბავშვის გარემოსთან ადაპტაციის/ტრანზიციის ამსახველი მასალები/აქტივობები.

ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის შესახებ დადგენილებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 21 თებერვალს მოაწერა და ის უკვე ძალაშია.

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს

საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება - ახალი სტანდარტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი