დღის თემა
etaloni.ge
4 რჩევა და 5 ფაქტი „მზის შვილებზე“ - რატომ უნდა ატაროთ დღეს საბავშვო ბაღში და ყველგან ჭრელი წინდები
20.03.2023
21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

21 მარტი იმიტომ შეირჩა, რომ დაუნის სინდრომი წარმოადგენს ტრისომიას, მარტი კი წლის მესამე თვეა და სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას - 21 რიცხვი.

დაუნის სინდრომი პირველად 1866 წელს ბრიტანელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა. თითქმის 100 წლის შემდეგ, 1959 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟერომ ლეჟენმა ამ სინდრომის გენეტიკური წარმომავლობა დაასაბუთა.

დაუნის სინდრომი გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია.

დაუნის სინდრომის აღმოცენების მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ანომალიის განვითარების რისკს ზრდის, დედის ასაკია. დაუნის სინდრომის განვითარების რისკი ორსულობისას 35 წლის ასაკს ზემოთ ქალებში იზრდება, თუმცა, ახალგაზრდა ქალების მშობიარობის უფრო მაღალი კოეფიციენტის ხარჯზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების 80% 35 წელს ქვემოთ ასაკის ქალებს უჩნდებათ.

დაუნის სინდრომის ადამიანებს ზოგიერთი გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი ახასიათებთ: სახისა და ცხვირის ფუძის ბრტყელი ფორმა, მოკლე კისერი, პატარა ყურები, თვალების სიელმე, მოკლე ხელები, ფეხები და თითები, ხელისგულებზე მხოლოდ ერთი ხაზი.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

რატომ წინდები? ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.

5 ფაქტი დაუნის სინდრომის შესახებ

• დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.

• დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.

• დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.

• დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

• დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

4 რჩევა დაუნის სინდრომის შესახებ

• როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე

• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი. სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე პირი

• ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: სახლში, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სეირნობისას, კაფეში თუ ბარში.

ხუთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ

ანჯელა ბაჩილერი

2013 წელს ესპანეთში, ქალაქ ვალიადოლიდში ანჯელა დაუნის სინდრომის მქონე პირველი ადამიანი გახდა, ვინც საბჭოს წევრად აირჩიეს. ბაჩილერი სამი წლის განმავლობაში, სოციალური კეთილდღეობის და ოჯახის ადმინისტრაციულ ასისტენტად მუშაობდა.

პაბლო პინედა

პაბლომ ფსიქოლოგის ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა, ამჟამად კი მწერალი და მსახიობია. ესპანეთში მას საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. 2009 წელს სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა.

ჯეიმი ბრიუერი

ჯეიმი ცნობილ ამერიკულ სერიალში "ამერიკული საშინელებათა ისტორია" თამაშობს. ასევე, 1999 წლიდან თეატრალურ დადგმებში იღებს მონაწილეობას. იგი დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული მსახიობია.

ბერნადეტ რიშა

ბერნადეტი ცნობილი მხატვარია. მისი ნამუშევრები ჩნდება სერიალებში, მუსიკალურ კლიპებში, რეკლამებსა და ჟურნალებში. გარდა მხატვრობისა, ის აგრეთვე ალტისტი გახლავთ.

სუჯიტ დესაი

მუსიკოსმა სუჯიტმა ჰილსის მუსიკალური აკადემია დაამთავრა. მას შვიდ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შეუძლია დაკვრა, მათ შორის ვიოლინოზე, პიანინოზე, ტრამპეტზე და საქსოფონზე. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მის შესახებ "უოლ სტრიტ ჯორნალი" და "თაიმი" წერდნენ.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან, შეიძლება ადვილად ეწყინოთ რამე. ისინი მუდამ მომღიმარნი, ძალიან თბილები და მეგობრულები არიან, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. მათ „მზის შვილებს“ და „პატარა ანგელოზებს“ უწოდებენ. ამ სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერი ლოზუნგია: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“. 

იხილეთ ასევე:

აუტიზმის ნიშნები 6 თვის ასაკიდან - რაზე ითხოვენ პედიატრი ძმები ყურადღების გამახვილებას

მშობლების 10 მცნების შემქმნელი 200 ბავშვს გაზის კამერებში დასახოცად შეუძღვა - ლეგენდა კაცისა, რომელმაც სიცოცხლეს პატარებთან ერთად სიკვდილი არჩია
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი