დღის თემა
etaloni.ge
„ვაქცინაცია უნდა შეეხოს ყველა ბავშვს“ - ახალი რეკომენდაცია ქვეყნის მთავრობას
22.04.2023

საქართველოში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, რუმინეთსა და უკრაინაში ყველაზე მაღალია იმ ბავშვთა წილი, რომლებსაც ბოლომდე არ აქვთ ჩატარებული დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის აცრა, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებულ პიბლიკაციაშია ნათქვამი.

როგორც ფონდის მიერ ჩატარებული ახალი კვლევით ირკვევა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ბავშვთა ვაქცინაციის მნიშვნელობის აღქმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შემცირდა. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ეყრდნობა 55 ქვეყანაში შეგროვებულ მონაცემებს, მათგან 29 ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მდებარეობს.

ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყნის მოსახლეობის აღქმა ბავშვთა ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით დაახლოებით, 10%-ით არის შემცირებული. შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ ამ ქვეყნების უმეტესობაში განსაკუთრებით 35 წლამდე ადამიანები და ქალბატონები იჩენდნენ უნდობლობას ბავშვთა ვაქცინაციისადმი.

„ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ გაზრდილი უნდობლობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან იმუნიზაცია კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატების მაგალითსა და მონაპოვარს წარმოადგენს. შესაბამისად, პანდემიის შედეგად აგორებული დეზინფორმაცია და შიშის ტალღა თუ აზვირთთება, მაშინ არაერთი ადამიანის სიცოცხლე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ,“ - განაცხადა იუნისეფის რეგიონული დირექტორის მოადგილემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფილიპ კორიმ.

გაეროს ბავშვთა ფონდი გეგმიური ვაქცინაციის შეფერხებას პანდემიას უკავშირებს, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ საჭირო გახდა COVID-19-ის ვაქცინაციაზე სამუშაოდ იმუნიზაციის რესურსების გადართვა, შეიქმნა ჯანდაცვის მუშაკთა დეფიციტი და გატარდა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. შედეგად, 2019-2021 წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 67 მილიონი ბავშვი დარჩა რუტინული ვაქცინაციის გარეშე, ხოლო 112 ქვეყანაში შემცირდა ვაქცინაციის დაფარვის არეალი.

ანგარიში მთავრობებისთვის გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

► იდენტიფიცირებულ იქნას ყველა ბავშვი, განსაკუთრებით ისინი, ვინც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამოტოვა საჭირო ვაქცინაცია;

► გაძლიერდეს ვაქცინაციის მიმართ ნდობა და გაჩნდეს მოთხოვნა. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტის დამყარება, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილება და საზოგადოების შეშფოთების მიზეზების ანალიზი;

► იმუნიზაციის სერვისებისა და პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების პრიორიტეტიზაცია;

► ჯანდაცვის მტკიცე სისტემების შექმნა ქალ მედიცინის მუშაკთა, ინოვაციებსა და ადგილობრივ წარმოებაში ინვესტიციის განხორციელების გზით.

„იმუნიზაცია ბავშვთა ჯამრთელობისა და კეთილდღეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. იმ დაავადებათა აფეთქების რისკის შემცირება, რომელთა პრევენცია ვაქცინით არის შესაძლებელი და შედეგად თავსდატეხილი ტანჯვის არიდება, შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომ კორონავირუსისთვის გათვალისწინებული და აუთვისებელი ფინანსური სახსრები იმუნიზაციის სერვისების გაძლიერებისკენ მიმართონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რუტინული იმუნიზაცია შეეხოს ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი ადგილსამყოფელისა,“ - განაცხადა კორიმ.

იხილეთ ასევე:

4 რჩევა და 5 ფაქტი „მზის შვილებზე“ - რატომ უნდა ატაროთ დღეს საბავშვო ბაღში და ყველგან ჭრელი წინდები

რატომ არ უნდა დავალევინოთ ჩაი 13 წლამდე ბავშვებს - რჩევები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი