დღის თემა
etaloni.ge
ბაღებში 3 წლამდე ბავშვებს არ იღებენ - „მოთხოვნა არის, მაგრამ საკრებულომ ასე გადაწყვიტა“
18.05.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ვალდებულია, ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ჯგუფები 2-დან 3 წლამდე, 3-დან 4  წლამდე, 4-დან 5 წლამდე და 5 წლიდან  სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე, - ასეთი ჩანაწერია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში, თუმცა, მუნიციპალიტეტები თავად განსაზღვრავენ, 2 წლიდან მიიღონ ბავშვები მუნიციპალურ ბაღებში თუ 3-დან.

მაგალითად, ბათუმის საბავშვო ბაღებში მშობელს შვილის რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას შეუსრულდა 3 წელი.

როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ლიკა აროშიძე skolamdelebi.ge-სთან ამბობს, ბათუმში, სადაც 34 მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, ბაგის სისტემა არ აქვთ და ამიტომ, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქ ბავშვებს მხოლოდ 3 წლიდან იღებენ.

- მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, საკრებულოს დადგენილებით, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები 3 წლის ასაკიდან მივიღოთ. ჩვენთან ბაგა-ბაღის სისტემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ არის.

- მშობლები არ აპროტესტებენ, როცა სხვა მუნიციპალიტეტში 2 წლის ასაკიდან შეუძლიათ მიიყვანონ ბავშვები ბაღში, ბათუმში კი არა?

- კი, აპროტესტებენ, მაგრამ საკრებულოს დადგენილებით მიღებულია 3 წლის ასაკიდან ბავშვების მიღება, მშობელს უწევს, მანამდე კერძო ბაღში წაიყვანოს.

- რა განაპირობებს ასეთ გადაწყვეტილებას, თანხების არარსებობა?

- რადგან ეს საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, ამ თანხებს განსაზღვრავს მერია და საკრებულო. ბაგის ბავშვებს განსაკუთრებული მოვლა და კვება სჭირდება, სხვა სისტემაა და შესაბამისად, თანხებს მოითხოვს. ისედაც 27 მილიონი ჯდება წელიწადში ჩვენი აღსაზრდელების კვება და მათთვის ყველა პირობის შექმნა. ქალაქი დიდია, 34 საბავშო ბაღია ჩვენს დაქვემდებარებაში. არ ვიცი, როგორ წყდება მსგავსი საკითხები, თუმცა 2 წლის ბავშვების ბაღებში შეყვანაზე მოთხოვნა არის. ადრე იყო ბათუმში ბაგა-ბაღის სისტემის მქონე ბაღები, მაგრამ ახლა აღარ გვაქვს.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

როგორ უნდა გადამოწმდეს ბაღის თანამშრომლების კვალიფიკაცია - ახალ დოკუმენტში გაწერილი დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი