დღის თემა
etaloni.ge
„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს
06.06.2023

2025-2029 წლებში, საბავშვო ბაღებმა, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ავტორიზაცია უნდა გაიარონ.

პარლამენტში, 5 ივნისს, გამართულ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე მოხსენება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარმოადგინა, რომელიც ამავდროულად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც არის. ეს ცენტრი კი სწორედ საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესებს კურირებს.

როგორც მახარაშვილი აღნიშნავს, ავტორიზაციის განრიგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 2024 წელს შედგება და ის დაეფუძნება ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასებების შედეგებს. თვითშეფასებები, რომლებსაც ბაღები წარმოადგენენ, ანალიტიკოსებმა უნდა გაანალიზონ, რის შემდეგაც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ცენტრს ზუსტად ეცოდინება, რომელ საბავშვო ბაღს რა ტიპის დახმარება ესაჭიროება.

„იდენტიფიცირება მოხდება, რას მოერევა თვითონ ბაღი იმ საშუალებებით, მექანიზმებით და აღჭურვილი პასუხისმგებლობებით, რომელიც მას აქვს და რაში სჭირდება სახელმწიფოს დახმარება ცენტრალიზებულად. მხარდაჭერის მთელი სისტემები მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებთან... ჩვენი თვითმიზანი ის კი არ არის, რომ დავხუროთ რაც შეიძლება მეტი ბაღი, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, რომ ხარისხიანი სერვისი მიაწოდონ მათ, ვინც არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის - ბავშვები... 71 კონსულტაცია გავწიეთ ახალი საბავშო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით. თუ ახალი სუბიექტი შემოდის და უნდა ბაღის გახსნა, ის ვალდებულია, პირდაპირ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც არსებობს. დანარჩენები კი ნაბიჯ-ნაბიჯ, ხელჩაკიდებულები გადავინაწილებთ შესაძლებლობებს და შესაბამის ხარისხს მივაღწევთ“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ მახარაშვილს ჰკითხა, ხომ არ მოხდება ისე, რომ რომელიმე ბაღმა, თვითშეფასების დროს, დამალოს რეალური პრობლემები და არსებობს თუ არა ამის შემოწმების მექანიზმი:

„ვინმეს შეიძლება, ეშინოდეს პრობლემების დაფიქსირების, რომელიც დღეს აქვს და არ უნდა, თვითშეფასების დროს გამოავლინოს... ამ შემთხვევაში როგორ ხდება გადამოწმება, თვითშეფასება რამდენად რეალურ სურათს გვაძლევს და არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ სიტყვაზე ვენდოთ, თითქოს იქ ყველაფერი წესრიგშია... განსაკუთრებით რეგიონებში ყოველთვის არის ეს მომენტი, რომ როდესაც მე რაღაც ნაკლოვანება მაქვს, ვფიქრობ, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, თან დრო მაქვს ფაქტობრივად 2025-დან 2029 წლამდე და ხომ არ ჯობია, ამ თვითშეფასებაში ჩავწერო, თითქოს ეს საკითხები მეტნაკლებად მოგვარებული მაქვს და თავიდან ავიცილო იმ გამოწვევების ჩვენება დღეს და ხვალიდან დავიწყო ამის ნელ-ნელა მოგვარება. ამას როგორ ვამოწმებთ?“

თამარ მახარაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ასეთი მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ იმ ბაღს დააზიანებს, რომლის მიერ წარმოდგენილი თვითშეფასებაც ზუსტი არ იქნება.

„სწორედ იმიტომ, რომ მარტო არ იყვნენ ამ პროცესში, ვინმეს არ შეეშინდეს და მოუნდეს, რომ რაღაც დამალოს, პროცესი ისე არის აწყობილი, რომ ამ პროცესში ჩართულია მხარდამჭერი ექსპერტი, რესურსცენტრი, მუნიციპალიტეტი - ანუ ბევრი მოთამაშე... ძალიან კარგად გავაგებინეთ საბავშვო ბაღებსაც და სკოლებსაც, რომ თუ დამალავ და არ იტყვი, ვერ დაგეხმარები. ვერ დამალავს, რადგან ბევრი მოთამაშე, მხარდამჭერია ჩართული და ეხმარება... როგორ წარმოგიდგენიათ, მშობელმაც დამალა, სპეციალისტმაც დამალა... დაწესებულების ხელმძღვანელს არ უნდა ჰქონდეს ეს განცდა, თორემ შეეცდება, ყველას ყველაფერი დაამალინოს... პირიქით არის - რაც უფრო რეალურად წარმოაჩენ შენს პრობლემას, მე დრო მექნება, რომ უფრო დაგეხმარო. თუკი დამალავ, მერე ავტორიზაციაზე რომ გამოხვალ და ვერ გაივლი ავტორიაზაციას, პირდაპირ შენი პასუხისმგებლობაა, რადგან სახელმწიფომ ამხელა რესურსი მოგცა, დაგაიდენტიფიცირებინა პრობლემა, პირველად გითხრა, რომ მარტო არ გტოვებს ამ პრობლემებთან - მოდი, დავინაწილოთ და ვთქვათ, ეს შენი გასაკეთებელია, დანარჩენი ჩემი. ვიცი, რომ ინფრასტრუქტურის საკითხს შენ ვერ მოაგვარებ... პროგრამულ ნაწილში დახმარება გჭირდება? განათლების სამინისტრო შემოდის თავისი პროგრამებით, თავისი მხარდამჭერი მექანიზმებით. დანარჩენი რეგულაციები როგორ უნდა გქონდეს აწყობილი? კვების ან ჰიგიენის მიხედვით არსებობს შესაბამისი რეგულაციები და მე გეხმარები, ეს როგორ განახორციელო. დამალვა პირდაპირ ნიშნავს, რომ თავის თავს გამოუტანოს განაჩენი.

მეორე თემაა - რატომ გამოვაჩინო საჯაროდ მშობელთან ან თუნდაც სამინისტროსთან, რომ მე რაღაც პრობლემები მქონია. ამ პრობლემას ჩვენ ვაწყდებით სკოლებთანაც და ბაღებთანაც...  რატომ არის ეს პერიოდი 2025-2029 წლები, ამასაც ხომ ხვდებით? ის ბაღი, სადაც მეტი რესურსი და ძალისხმევაა ჩასადები, 2025 წელს საავტორიზაციო სიაში ვერ მოხვდება. ანუ უკვე ვიცით ჩვენ, ვის რამდენი წელი, რა ტიპის დახმარება სჭირდება და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან დაწესებულებებმა... თვითშეფასებას ამ წლის ბოლომდე ყველა გაივლის და ყველაფერი გვეცოდინება, ხელის გულზე დავიდებთ, სად რა მდგომარეობაა. 2024 წელს დაიწყება დახმარების გადანაწილება - ვინ რას აკეთებს, 2025 წელს რომელი ბაღი ჩაჯდება საავტორიზაციო გრაფაში და რომლების გადაიწევს 2027-2028 წლებში", - ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების მართვის სადავეებს მუნიციპალიტეტები აიღებენ და პროცესსაც ისინი წარმართავენ

თვითშეფასება 2028-დან 215-მა ბაღმა მოახერხა - განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების ექსპერტთა შერჩევა გაუჭირდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი