დღის თემა
etaloni.ge
„ბაღის აღმზრდელები ისე უნდა გავწვრთნათ, ეს გამოცდილება არ იყოს სტრესული - ჩვენი განათლების სისტემას და ადრეულ განათლებასაც, ფოკუსი სხვაგან აქვს“
12.06.2023

„ჩვენს საზოგადოებაში, ზოგადად, მშობლებს არ მოსწონთ, როცა ბავშვებს ვათამაშებთ. არც საბავშვო ბაღში. რატომ? ფიქრობენ, რომ ეს არის დროის ფუჭად კარგვა, გართობა და ბავშვი სკოლისთვის უნდა მოემზადოს, ამისთვის უნდა იმეცადინოს უწყვეტად. საკუთარი ბავშვობა არავის გვახსოვს, რადგან კონკურენტუნარიანი გარემოა, თუ არ იმეცადინე და არ ისწავლე 3 წლიდან უცხო ენა, წერა-კითხვა, ჭადრაკი, ცეკვა, თამაში და ა.შ... ყველაფერი უნდა ისწავლო, ყველაფერი უნდა მოასწრო და სკოლაში უკვე მომზადებული უნდა მიხვიდე“, - თქვა  ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ პირდაპირ ეთერში.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ასეთი მიდგომის გამო შედეგი სავალალოა, რადგან ამ დროს ბავშვს ვაიძულებთ, ის აკეთოს, რაც არ უნდა:

„მთელ მსოფლიოში ყველა აღმზრდელი, განათლების სპეციალისტი თუ ფსიქოლოგი თვლის, რომ 6-7 წლამდე ასაკის ბავშვის მთავარი საქმიანობა არის თამაში. მისი თავის ტვინი ასეა მოწყობილი, ნებელობა ჯერ არ აქვს განვითარებული. ნებისყოფა ყალიბდება თანდათან. მეცადინეობა კი ნიშნავს იმას, რომ შენ რაც არ გინდა, ის უნდა გააკეთო. ეს არის დასწავლა, სწავლასა და დასწავლას შორის კი დიდი განსხვავებაა... ამ დროს ბავშვს უხარია შემეცნება, ბევრ კითხვას სვამს. კითხვების დასმის უფლებასაც აღარ ვაძლევთ და „რატომ“ ქრება მისი ლექსიკონიდან. ან გეზარება, ან ნერვები გეშლება... ჩვენ ვაიძულებთ, რაღაცები აკეთოს და მერე მშობელი ჩივის, რომ სკოლაში არაფრის ინტერესი აქვს, არაფერი უნდა და რა მოუნდება? თამაში რა არის? ეს არის ქცევა, ისევე როგორც მოზრდილების ქცევა - შრომაც ქცევაა, მაგრამ შრომისგან განსხვავებით, თამაში მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა, რეპეტიციაა. კონკრეტულ უნარებს იმუშავებს თვითონ ბავშვი და ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის.... ჩვენ ვაიძულებთ, ეს თამაში მიატოვოს და დასწავლის პროცესში გადავიყვანოთ. მისი ტვინი ამისთვის მზად არ არის“.

თამარ გაგოშიძის აზრით, ამ მხრივ, საბავშვო ბაღებში ცოტა შეიცვალა ვითარება, რადგან ადრეული განათლების სპეციალისტებმა დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი მასწავლებელი, აღმზრდელი გადაამზადეს.

„შეიქმნა მშვენიერი სახელმძღვანელო „თამაში“ - კურიკულუმი, თამაშის სპეციალური პროგრამა... აღმზრდელმა ეს მექანიკურად კი არ უნდა აკეთოს, უნდა იცოდეს, რატომ ათამაშებს ასე და არა სხვაგვარად ან რატომ სჭირდება ბავშვს დამოუკიდებელი და თავისუფალი თამაში. ამ თვალსაზრისით ცოტა წინ ვართ წაწეულები, მაგრამ მშობლების დაკვეთა ისევ და ისევ არის ეს - „ჩემს ბავშვს ნუ აცდენთ, თუ შეიძლება“. მშობლებს არ მოსწონთ, როდესაც ბავშვებს არ ვასწავლით, ბევრ ინფორმაციას არ ვუდებთ თავში. ამ დროს, ეს ბევრი ინფორმაცია თამაშითაც შეიძლება მიიღოს ბავშვმა. თავისი აღმოჩენებით, ჯგუფური თამაშით, ურთიერთობით თავის თანატოლებთან გრძელ ლექსს კი არა, ყველაფერს ისწავლის ბავშვი, რადგან კარგი მეხსიერება აქვს. საქმე ის არის, ფუნქციონალურად რა სჭირდება. ჩვენ ხომ ეგ გვინდა - ფუნქციონალურად როგორ განვითარდება მისი უნარები და ტვინი...

ჩვენი განათლების სისტემას და ადრეულ განათლებასაც, ფოკუსი სხვაგან აქვს... მასწავლებლებიც და აღმზრდელებიც ისე უნდა გავწვრთნათ და აღვზარდოთ, რომ მთავარი ფოკუსი ბავშვისთვის მისაწვდომი ქცევები და შესაძლებლობები იყოს. ასე ბევრად უფრო მეტს დაიმახსოვრებს, ბევრად უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს ბავშვი. ჩვენი ტვინი იცვლება გამოცდილებით, ოღონდ ეს გამოცდილება არ უნდა იყოს მტკივნეული, სტრესული, რადგან როდესაც ეს გამოცდილება სტრესულია, ტვინი კი არ სწავლობს ამ დროს, არამედ იბრძვის გადარჩენისთვის“, - თქვა გაგოშიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ადრეული განათლება ჩვენს ქვეყანაში  მიჩქმალულია, არადა, ბავშვის უნარების განვითარება სწორედ ადრეული განათლებიდან იწყება.

„სერიოზულად არ უყურებენ არეულ განათლებას, არადა, 6 წლამდე ყალიბდება მომავალი პიროვნება. 6 წლამდე უნდა მოხდეს ბავშვის უსაფრთხოდ, სიხარულით და ნაკლებად სტრესულ გარემოში განვითარება და სწავლება და მერე არაფერი პრობლემა აღარ ექნება, სტრესებსაც გაუძლებს... ბავშვმა დაბრკოლების გადალახვა უნდა ისწავლოს და ეს სწორედ ბაღში უნდა ასწავლონ“, - ამბობს თამარ გაგოშიძე.

იხილეთ ასევე:

„მოგვიწევს მშობლების ცნობიერებაზე ზრუნვა“ - კერძო ბაღში თქვენს შვილს მხოლოდ იტოვებენ თუ მის განათლებაზეც ზრუნავენ?

სკოლამდელი განათლების ექსპერტობის 460 მსურველიდან მხოლოდ 53 შეირჩა - რა ეტაპებია გასავლელი 150 კადრის შესარჩევად

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი