დღის თემა
etaloni.ge
„ჩვენთან ისეთი რძის პროდუქტი არ არის, როგორიც სხვა ქვეყნებში და ამიტომ სჭირდება ყველა ბავშვს მედიკამენტი“
22.06.2023

„დე ვიტამინი არ არის ჩვეულებრივი ვიტამინი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელზეც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმის ცვლისთვის იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის, პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი, ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ დე ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ, ყველა უჯრედისთვის და ორგანოთა სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი და ჰორმონია“, - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნინო ხელაძემ.

ექიმი აღნიშნავს, რომ დე ვიტამინი როგორც ჯანმრთელმა, ისე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს.

„ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ყველა ბავშვმა, - არ აქვს მნიშვნელობა, ის ძუძუთი იკვებება თუ ხელოვნურ საკვებს იღებს, - 2 წლამდე, აუცილებლად უნდა მიიღოს პროფილაქტიკური დოზა დე ვიტამინისა. 2 წლის შემდგომ, მოზრდილობის ჩათვლით, მნიშვნელოვანია, დე ვიტამინი მივიღოთ სეზონურად. უნდა დავუნიშნოთ ექიმებმა და მშობლებმა მივცეთ ჩვენს შვილებს დე ვიტამინი იმ სეზონზე, როცა მზე ვერ იქნება მისი აქტიური წყარო. არის გარკვეული საკვები, რომელშიც შესაძლებელია იყოს დე ვიტამინი, თუმცა ის დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ყოველდღიურად ბავშვმა და უმტესწილად ეს ასე არ ხდება. მაგალითად, დღის ნორმა დე ვიტამინი რომ მიიღოს, 10 ან 15 ცალი კვერცხი უნდა შეჭამოს. რა თქმა უნდა, ასე ვერ ვკვებავთ ვერცერთ ბავშვს და ეს სწორიც არ იქნებოდა. ამიტომ, დანამატის სახით უნდა ვურჩიოთ პროფილაქტიკური დოზა ასაკის გათვალისწინებით ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად.

დე ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში, თავს იჩენს კანის სიმშრალე, კუნთების ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა,  გულის კუნთიც კი შეიძლება დაუზიანდეთ, თუ აქვთ დე ვიტამინის მწვავე დეფიციტი. აუცილებელია, ყველამ დაიცვას სახელმწიფო სტანდარტი და მინიმუმ 2 წლამდე ყველა ბავშვმა მიიღოს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ და ამბობენ, მზიან საქართველოში ვცხოვრობთ და ეს არ არის აუცილებელიო. ხშირად, პაციენტი ამბობს, რომ არ გაუზომია დე ვიტამინი სისხლში და ამიტომ არ დაალევინა ბავშვს. ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციაში ძალიან ნათლად წერია, რომ ჯანმრთელი ბავშვისთვის დე ვიტამინის ზომვას არ აქვს კლინიკური ღირებულება, არ არის აუცილებელი, ჯანმრთელ ბავშვს, რომელსაც არ აქვს ქრონიკული პათოლოგია, განვუსაზღვროთ დე ვიტამინი და იმის მიხედვით დავუნიშნოთ. მინიმალური პროფილაქტიკური დოზა სეზონურად წესით ყველას უნდა მივცეთ.

რაც შეეხება ბავშვებს, ვისაც სიმპტომები გამოხატული აქვთ, მაგალითად, კუნთების ტკივილი, კანის სიმშრალე, სახსრების ტკივილი, ორთოპედიული პრობლემები, მათ უნდა განვუსაზღვროთ და შესაბამისად ვუმკურნალოთ. ასევე, ქრონიკულად მოავადე პაციენტებსაც უნდა მივცეთ სამკურანალო დოზა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, თითქმის 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ის პროფილაქტიკური დოზა, რომელსაც ზოგად პოპულაციას ვაძლევთ“, - ამბობს ექიმი.

ნინო ხელაძის ინფორმაციით, ზოგ ქვეყანაში დე ვიტამინით რძის პროდუქტებს ამდიდრებენ, რაც მედიკამენტს ანაცვლებს, ჩვენთან კი ასეთი პროდუქტი არ იყიდება.

„ჩვენთან ამ ვიტამინის მედიკამენტოზურად მიღება იმიტომ არის საჭირო, რომ ქვეყანაში რძის პროდუქტი არ არის ხელოვნურად გამდიდრებული. სხვა ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ, ექიმებს გვაწოდებენ გაიდლაინებს და ჩვენ იმით ვხელმძღვანელობთ, მაგალითად, აშშ, ევროკავშირი თუ ისრაელი... იქ სახელმწიფომ ეს საკითხი რომ შეისწავლა, სპეციალურად დაუმატა დე ვიტამინის გარკვეული, მინიმალური დოზა რძის პროდუქტს. თუ ბავშვი მოიხმარს ასეთი რძის პროდუქტის ორ-სამ ულუფას დღეში, მაშინ, წესით დეფიციტი არ უნდა ჰქონდეს და შესაძლებელია, არც პროფილაქტიკა დასჭირდეს. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ასე არ ხდება. ჩვენი რძის პროდუქტების უმეტესობა არ არის გამდიდრებული დე ვიტამინით და შესაბამისად, სეზონურად უნდა მინიმალური, პროფილაქტიკური, ასაკზე გათვლილი დოზა უნდა მივცეთ ბავშვებს“.

იხილეთ ასევე:

რატომ აქვთ ბავშვებს მგზავრობის დროს პირღებინება და როგორ ავიცილოთ თავიდან - 5 რჩევა პედიატრისგან

როგორ ვასწავლოთ პატარებს ჯანსაღად ცხოვრება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი