დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელებმა ხშირად უნდა დასვან ასეთი კითხვები და კითხვა-პასუხი მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ბავშვი სრულად არ გაიგებს ამ საკითხს
23.06.2023

აღმზრდელებს უამრავი საშუალება აქვთ იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვებს ბუნების მშვენიერებასა და საიდუმლოებებზე, სხეულებსა და ნივთიერებებზე დაკვირვებისა და სხვადასხვა სახის „აღმოჩენების“ კეთების პროცესში, - აღნიშნულია სასკოლო მზაობის პროგრამაში, „თამაში“, რომელიც აღმზრდელის სახელმძღვანელოდ არის შექმნილი.

ასეთი საქმიანობების მაგალითებია: წელიწადის სხვადასხვა დროს ხეებზე, ფოთლებზე, მცენარეებზე ხშირი დაკვირვება და მათი შეხება; სხვადასხვა ზომის ჭიქებით, ძაბრებითა და მილებით თამაში წყლიან კონტეინერში; ბაღის გაშენება; მცირე და დიდი ზომის კუბურებით კონსტრუქციების აგება; ნიჟარების, ქვებისა და თესლის მარცვლების შეგროვება, სხვადასხვა ნიშნის მიხედვით დახარისხება და სხვა.

როდესაც აღმზრდელი ყურადღებით უძღვება ასეთ საქმიანობებს, ბავშვებს უვითარდებათ დაკვირვების უნარები, მდიდრდება მათი შთაბეჭდილებები. ისინი ხალისით სწავლობენ ახალ ლექსიკასა და მნიშვნელოვანი კითხვების დასმას, იწყებენ ბუნებისმეტყველების ძირითადი კანონზომიერებების გაგებას და შემეცნებას.

აღმზრდელებმა, სწავლების პროცესში, ხშირად უნდა დასვან ისეთი კითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას. ბავშვებს შეუძლიათ არამხოლოდ დაასახელონ სხეულები ან ნივთიერებები, არამედ შეადარონ, გამოყონ მათი თვალსაჩინო თვისებები, დააკავშირონ ეს თვისებები შესაბამის შეგრძნების ორგანოებთან და ა. შ.

აღმზრდელები, ინტერაქტიული და უშუალო გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების გზით, ხელს უწყობენ ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე სწორი წარმოდგენების შექმნას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა შეძლოს ცოცხალი არსებებისა და სხეულების განსხვავება არაცოცხალისგან და მათი ზოგადი დახარისხება. ბავშვების პასუხებით, აღმზრდელებმა უნდა გაიგონ, რა იციან მათ და როგორ ფიქრობენ. მაგალითად, თუკი  ბავშვი იტყვის, რომ ცოცხალი სხეულები მოძრაობენ, ხოლო არაცოცხალი სხეულები - არა, აღმზრდელს შეუძლია მომდევნო კითხვა ისე დაუსვას,  რომ არაცოცხალი სხეულის ნიმუში მისცეს დაკვირვებისთვის: „ნახე, ეს სათამაშო მანქანა მოძრაობს. როგორ ფიქრობ, ცოცხალია?“ და სხვა.

რეალური ცოცხალი სამყაროსა და ბუნების მოვლენების კვლევა-ძიება და კითხვა-პასუხი მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ბავშვი უკეთ (ან სრულად და ნათლად) არ  გაიგებს აღნიშნულ საკითხს; კერძოდ, იმას, რომ ცოცხალი არსებები იბადებიან, იზრდებიან, გადაადგილდებიან, სუნთქავენ, იკვებებიან და ა.შ.

ბუნება და გარემო იძლევა მდიდარ და მრავალფეროვან საშუალებას მიზეზშედეგობრივი კავშირის გაგებისთვის. ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, თამაშის დროს, დააკვირდნენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მაგალითად, ლურჯი და წითელი საღებავების შეზავებას იისფერის მისაღებად და ა.შ.

ასეთი გამოცდილების საშუალებით, ბავშვებს შეუძლიათ მიზეზშედეგობრივი კავშირების განზოგადება. მაგალითად, წითლისა და ლურჯის შერევით იისფერი მიიღება და ამის შესაბამისად ცოდნის ახალ კონტექსტში გამოყენება. მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ხელახალი დაკვირვების დროს პირობების ცვლილების გზით ბავშვმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ შედეგის შეცვლა შესაძლებელია მიზეზის ცვლილებით და რომ ხანდახან, როდესაც მოველით გარკვეულ შედეგს, ის შესაძლოა არ მივიღოთ -  ჩვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებას შეიძლება საერთოდ არ მოჰყვეს შედეგი ან მოჰყვეს მოსალოდნელისგან განსხვავებული შედეგი.

მაგალითად, საღებავების შეზავებისას ბავშვი ცვლის წითლისა და ლურჯის პროპორციებს და იღებს სხვადასხვა ტონალობის იისფერს. შემდეგ წითელს ჩაანაცვლებს ყვითლით და იღებს მწვანეს. ამის შემდეგ, იმ იმედით, რომ ახალ ფერს მიიღებს, ის აზავებს იისფერს მწვანესთან, მაგრამ მოსალოდნელი ფერის სანაცვლოდ იღებს ყავისფერს. 

აღმზრდელმა ბავშვების ყურადღება უნდა გაამახვილებინოს მიმდინარე პროცესებზე შეკითხვებით: „რა მოხდა? როგორ მოხდა? რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ და ა. შ. მნიშვნელოვანია, ბავშვებს მიეწოდოთ ინფორმაცია ბუნებრივი მოვლენებისა და  კატასტროფების შესახებ. ბავშვები თამაშით სწავლობენ მათზე რეაგირების გზებს.

აღმზრდელებს შეუძლიათ, გამოიყენონ სხვადასხვა საშუალება -  ვიდეოფილმი, სურათები, ბუტაფორია, ნახატებიდა ა.შ., რათა ბავშვებს გააცნონ სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი მოვლენები - ელვა, ხანძარი, ძლიერი ქარი, სეტყვა, წყალ-დიდობა, მიწისძვრა და სხვა და გაუვარჯიშონ პატარებს ის ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც შეამცირებს მათი დაშავების რისკს სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს.

იხილეთ ასევე:

„კურიკულუმები თავისუფალ წვდომაშია და მათი გამოყენება საბავშვო ბაღებს შეუძლიათ“ - განათლების სამინისტრო

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი