დღის თემა
etaloni.ge
რა ჩანაწერების გაკეთება ევალებათ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს კურიკულუმის მიხედვით - „არ უნდა გამოგრჩეთ ეს საკითხები“
04.07.2023

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სკოლამდელი განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის მიხედვით, საგანმანათლებლო პერსონალი თანმიმდევრულად უნდა იყენებდეს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს.

საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვება, შესაბამისი მონაცემების შეგროვება და მისი ანალიზი/შეფასება ხარისხის ციკლის - დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება, გადახედვა/გაუმჯობესება - მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ემსახურება საგანმანათლებლო პროცესის ბავშვების თავისებურებებზე მორგებას, ბავშვების ჩართულობის ხელშეწყობას და საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

კურიკულუმის განხორციელებისას, აღნიშნული ინდიკატორი ეხება ბავშვებზე დაკვირვების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მრავალფეროვანი მონაცემების თანმიმდევრულ შეგროვებას. მონაცემთა შეგროვება და დაკვირვება უნდა ემსახურებოდეს ბავშვების გაცნობას, მათი თავისებურებების, ინტერესების, შესაძლებლობების, საჭიროებების შესწავლას, მათი განვითარებისა და სწავლის პროგრესზე დაკვირვებას, საგანმანათლებლო პროცესში მათ მონაწილეობაზე დაკვირვებას და ბოლოს, ყველაფერ ამის ანალიზს.

ეს ინდიკატორი მჭიდრო კავშირშია ამავე კრიტერიუმის სხვა ინდიკატორებთან. კერძოდ, რას უნდა ემსახურებოდეს შეფასების პროცესი და რისთვის უნდა გამოვიყენოთ ის და ასევე, კავშირშია კურიკულუმის შეფასებისა და განვითარების ინდიკატორებთან, რომელიც ეხება კურიკულუმის შეფასების პრაქტიკას - საგანმანათლებლო პროცესის შეფასებას.

საგანმანათლებლო პერსონალი, მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვან მეთოდებს უნდა იყენებდეს, რათა ეს მონაცემები ბავშვის შესაძლებლობების, საჭიროებების, განვითარების პროგრესის და საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობის შესახებ მრავალმხრივ და სანდო ინფორმაციას წარმოადგენდეს.

ბავშვებზე დაკვირვება გულისხმობს ბავშვების შესახებ ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტების დანახვას და ამ ფაქტების დოკუმენტირებას, ჩაწერას. დაკვირვებით მოპოვებული ფაქტების ჩაწერით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყურადღების მიღმა არ დარჩება.

ასეთი ფაქტებია: ბავშვების საუბრები, გამონათქვამები, კითხვები, სიტყვები, მოქმედებები, მათ მიერ მასალების გამოყენება, გარემოს შესწავლა, სენსორულ სტიმულებზე რეაგირება, მათი ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერები იყოს ობიექტური, მიკერძოებული ფრაზების, სუბიექტური დამოკიდებულებების და იარლიყების გარეშე. მხოლოდ ამ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება სწორი ანალიზი, მისი ინტერპრეტაცია და შეფასება.

შეფასების მრავალფეროვან მეთოდებში იგულისხმება ჩანაწერების გაკეთება, მოკლე კითხვარების, ჩექლისტების, სკალების, ცხრილების ან სხვა შეფასების ინსტრუმენტების და დაკვირვების მეთოდების გამოყენება. ეს მრავალფეროვნება ბავშვების სწავლის, განვითარებისა და საგანმანათლებლო პროცესში მათი მონაწილეობის უფრო მრავალმხრივი სურათის დანახვაში დაგეხმარებათ.

შეფასების პროცესში შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც თავად საგანმანათლებლო პერსონალის მიერ შედგენილი, ისე მზა ინსტრუმენტები. მაგალითად, ბავშვის განვითარების სტანდარტზე დაყრდნობით დაწესებულების თუნდაც პერსონალმა, ან ცალკეულმა აღმზრდელ–პედაგოგმა/აღმზრდელმა შეიძლება შეადგინოს ბავშვის განვითარების კრიტერიუმების ნუსხა, რომლითაც იხელმძღვანელებს ბავშვებზე დაკვირვებისას, რომ არ გამორჩეს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ბიძგი მისცეს დაკვირვების პროცესს.

საგანმანათლებლო პერსონალი თავად იღებს გადაწყვეტილებას რა მეთოდებს, რა სიხშირით და რა ინტენსივობით გამოიყენებს. ეს დამოკიდებულია დასაკვირვებელ საკითხზე, მის ორგანიზაციულ და სხვა უნარებზე და ბოლოს, დაკვირვების სტილზე.

ამ ინდიკატორის დაკმაყოფილება ასევე გულისხმობს დაკვირვების თანმიმდევრულობას. დაკვირვება არ უნდა იყოს ერთჯერადი, იშვიათი. ეს უნდა ეხებოდეს ყველა ბავშვს და პროცესი თანმიმდევრული უნდა იყოს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ბავშვების განვითარების სრული სურათის დანახვა, რათა უწყვეტად ხდებოდეს შედეგების (მონაცემების ანალიზის და დასკვნების) ასახვა და მათი გამოყენება შემდგომი დაგეგმვის და განხორციელების პროცესში.

იხილეთ ასევე:

რომელი უწყებებისგან მიღებული ცნობის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტოს

„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი