დღის თემა
etaloni.ge
როგორი უნდა იყოს სკოლამდელი დაწესებულების სტრატეგიული გეგმა - სამი მოთხოვნა და გზა, რომელიც საბავშვო ბაღმა უნდა გაიაროს
01.09.2023

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული გეგმა.

სტრატეგიული გეგმა უნდა იყოს არანაკლებ ხუთწლიანი, ციკლური და შესაბამისობაში უნდა იყოს დაწესებულების მისიასთან, ხედვასთან და ღირებულებებთან და შეიცავდეს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს.

აღნიშნული ინდიკატორი დაწესებულებას უყენებს სამ ძირითად მოთხოვნას:

პირველი მოთხოვნა ეხება სტრატეგიული გეგმის ხანგრძლივობას. განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, სტრატეგიული გეგმა უნდა შედგეს არანაკლებ 5 წლიანი პერიოდისათვის. აღნიშნული ჩანაწერი დაწესებულებას აძლევს თავისუფლებას სურვილის შემთხვევაში შეადგინოს უფრო გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმებიც.

სტრატეგიული გეგმა უნდა იყოს ციკლური, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს წლიანი (ან მეტი) პერიოდისათვის და როგორც წესი, არ შეიძლება ჩანაცვლდეს ახალი სტრატეგიული გეგმით გარდა დასაბუთებული აუცილებლობისა. დასაბუთებული აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს საკანონმდებლო ცვლილებით, ეროვნულ დონეზე ახალი სტრატეგიების დამტკიცებით, დაწესებულების მისიის შეცვლით, მენეჯმენტის შეცვლით და სხვა.

სტრატეგიული გეგმის ციკლურობა ასევე ნიშნავს, რომ ყოველ წელს ახალი 5 წლიანი (ან მეტი) სტრატეგიული გეგმა არ უნდა მტკიცდებოდეს. მაგალითად, თუ დაწესებულებას აქვს 2023–2027 წლების სტრატეგიული გეგმა 2024 წელს, მან არ უნდა დაამტკიცოს 2024–2028 წლების გეგმა. როგორც წესი დაწესებულებამ ახალი სტრატეგიული გეგმის დამტკიცებაზე მუშაობა უნდა დაიწყოს დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად მეხუთე წელს.

მეორე მოთხოვნა, რომელსაც განსაზღვრავს ინდიკატორი, არის სტრატეგიული გეგმის მისიასთან, ხედვასთან და ღირებულებებთან შესაბამისობა. სტრატეგიული გეგმა ფასდება მათი მისიასთან, ხედვასა და ღირებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ამიტომაც, თავდაპირველად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ ფორმულირებას.

სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში, როდესაც ხდება არსებული მდგომარეობის შეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, სტრატეგიული მიზნების ფორმულირება, ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მისია, ხედვა და ღირებულებები, როგორც უმაღლეს დონეზე დეკლარირებული პრინციპები, რომლებთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სტრატეგიული მიზნები და აქტივობები. ამასთან, სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს მისიისა და ხედვის რეალიზაციის გზას. განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი კი მას აქვს ხედვასთან. ხედვა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არის დაწესებულების სასურველი, სამომავლო მდგომარეობა, რომელთანაც უნდა რომ მივიდეს დროის განსაზღვრულ პერიოდში. სტრატეგიული გეგმა უნდა განვიხილოთ როგორც ამ სასურველ მდგომარეობასთან მისვლის გზა. შესაბამისად, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: ერთი მხრივ, სტრატეგიული დაგეგმვის შერჩეული მეთოდოლოგია (SWOT, Stakeholder Analysis, PESTLE Analisys ან/და სხვ.) გვიჩვენებს სად არის დაწესებულება ახლა, ხოლო მეორე მხრივ, ხედვა გვიჩვენებს სად გვინდა ვიყოთ დროის განსაზღვრულ პერიოდში.

სტრატეგიული გეგმა არის ამ ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი, ანუ გზა, რომელიც უნდა გაიაროს დაწესებულებამ, რათა მივიდეს სასურველ მდგომარეობამდე. სტრატეგიული მიზნები კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ამ გზაზე გადასადგმელი დიდი ნაბიჯები.

მესამე მოთხოვნა, რომელსაც სტრატეგიულ გეგმას უყენებს სტანდარტი არის ის ელემენტები, რასაც სტრატეგიული გეგმა უნდა შეიცავდეს. ასეთი სულ ორია - სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. ამასთან, მიზნები შესაბამისი უნდა იყოს მისიასთან, ხოლო ამოცანები შესაბამისი უნდა იყოს მიზნებთან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სტრატეგიული მიზნის მიღწევა დამოკიდებულია ამოცანებზე და თუ მათი შინაარსი აცდენილია, ან არ არის შესაბამისობაში სტრატეგიულ მიზანთან, მაშინ ეს მიზანი ვერ განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სტანდარტი არ ადგენს სტრატეგიულ გეგმაში მიზნების რაოდენობას. მის განსაზღვრაში დაწესებულება თავისუფალია, თუმცა რეკომენდებული მიდგომაა, დაწესებულებას შემუშავებული ჰქონდეს 3 – 7 მიზანი. აღნიშნული რაოდენობრივი შეზღუდვა გამომდინარეობს თავად სტრატეგიული მიზნის ბუნებიდან. სტრატეგიული მიზანი, თავისი არსით, არის მსხვილმასშტაბიანი, დიდი და მიმართულია კომპლექსური გამოწვევების გადაჭრაზე, ამასთან, რადგან ამ მიზნის მიღწევის დროითი პერიოდი შეზღუდულია (5 წელი), და ასევე, რადგან ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები ასევე შეზღუდულია, შესაბამისად, არარეალისტურია 10 – 15, ან მეტი სტრატეგიული მიზნის მიღწევა დროის მცირე პერიოდში. ასეთი გეგმის არსებობის შემთხვევაში ნათელია, რომ დაწესებულება ვერ იაზრებს სტრატეგიული გეგმის არსს და მიზნებსა და ამოცანებს ურევს ერთმანეთში.

თუ დაწესებულებას სტრატეგიული გეგმის ფორმირების დროს ბევრი მიზანი აქვს იდენტიფიცირებული, აუცილებელია მათი გადახედვა, პრიორიტეტიზაცია, რიგ შემთხვევაში – გამსხვილება და იმ მიზნების შერჩევა, რომელთა გადაჭრაც უახლოესი 5 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

სტანდარტი არ ზღუდავს სტრატეგიული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული ამოცანების რაოდენობას, არაა შეზღუდული სტრატეგიული მიზნების მიღწევის ვადაც. ზოგი მიზანი შეიძლება მიღწეული იქნას ერთ ან რამდენიმე წელში, ხოლო ზოგი შესაძლოა გაწერილი იყოს 5 წლიან პერიოდზე.

სტრატეგიული გეგმის შექმნის ფორმატში დაწესებულება თავისუფალია. ის შეიძლება ჩამოყალიბდეს ნარატიული სახით, ცხრილის ფორმით ან სხვა, დაწესებულებისათვის სასურველი ფორმატით.

იხილეთ ასევე:

„ერთი აღმზრდელ-პედაგოგი და თანაშემწე არასაკმარისია, რომ ყველა ბავშვმა ხარისხიანი მხარდაჭერა მიიღოს“

„თუ ბაღმა გაუაზრებლად განსაზღვრა პრინციპი, რომელიც მიმზიდველად ჟღერს, დაწესებულების საქმიანობით დაინტერესებული პირი იგრძნობს იმედგაცრუებას“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი