დღის თემა
etaloni.ge
„ბაღში ბავშვებს არ დაასწავლოთ ცეკვის ილეთები“ - სპეციალისტის განმარტება
21.09.2023

 „ცეკვა აუმჯობესებს სუნთქვით მოძრაობებს, არეგულირებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ზრდის მის თავდაჯერებულობას. ცეკვა და ვარჯიში ემოციურად ადვილად აღგზნებად ბავშვს ამშვიდებს, ხოლო პირიქით, უფრო ინერტული ბავშვი შეიძლება ჩართოს სოციალურ აქტივობაში, სხვებთან ურთიერთობაში“, - ამბობს ბავშვის ფიზიკური განვითარების სპეციალისტი, თამარ მეგრელიშვილი.

სპეციალისტის განმარტებით, სასურველი არ არის, ბავშვს სკოლამდელ ასაკში ცეკვის ილეთები ვასწავლოთ, რათა მას გარკვეული მოტივაცია არ დავუკარგოთ.

„ცეკვა ბავშვებისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ბავშვი ცეკვას იწყებს, სანამ სიარულს ისწავლის. მუსიკასთან, ლექსთან ერთად მოძრაობა ბავშვში ავითარებს მოტორიკას, კოორდინაციას, მეტყველებას, ავარჯიშებს მეხსიერებას, ფანტაზიას, ყურადღებას. ასევე, აუმჯობესებს ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობას, მოძრაობის უნარებს, ავითარებს მისი სხეულის მოქნილობას. მუსიკა კი ბავშვს სმენას და რითმის გრძნობას უვითარებს კარგად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს ნებისმიერი სახის მოძრაობის შესწავლა, დასწავლა, გარკვეულ ასაკამდე, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ მხოლოდ და მხოლოდ თამაშის ფორმით. თუ გვინდა, კონკრეტული ცეკვის ილეთები, რთული მოძრაობები დაისწავლონ, სასურველია, ეს არ მოხდეს 7 წლის ასაკამდე. ბავშვი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს მუსიკაში. ბაღის ასაკი ის მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს საკუთარი სხეულის ფლობას ინსტიქტურად, ძალდატანების გარეშე. მას არ უნდა დავაკარგვინოთ იმის მოტივაცია, რომ მან იმოძრაოს თავისუფლად და იხალისოს. შემდგომ, როცა სხეულიც და გონებაც უფრო მომწიფებულია, მას მეტი მოტივაციაც აქვს და მეტი უნარებიც გააჩნია იმისათვის, რომ დაეუფლოს სხვადასხვა ტექნიკებს, დაიმახსოვროს მოძრაობები თუ მათი შესრულების მანერა,  მთელი რიგი თანმიმდევრული სქემაც, ე.წ. კომპოზიციები, რაც უთუოდ განვითარების შემდეგი, მნიშვნელოვანი ეტაპია“, - ამბობს სპეციალისტი საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ მომზადებულ ვიდეოში.

იხილეთ ასევე:

„მასწავლებელი ისე უნდა ცეკვავდეს, ბავშვები ხედავდნენ, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს“ - როგორ ექცევიან პედაგოგები გერმანიაში სკოლამდელებს

„ბაღის აღმზრდელები ისე უნდა გავწვრთნათ, ეს გამოცდილება არ იყოს სტრესული - ჩვენი განათლების სისტემას და ადრეულ განათლებასაც, ფოკუსი სხვაგან აქვს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი