დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით
01.03.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის შემუშავებული ავტორიზაციის 4-დან ერთი სტანდარტი კურიკულუმია.

მოგეხსენებათ, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი შემუშავდა, რომლის მიხედვითაც, როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებმა ავტორიზაციის პროცესი უნდა გაიარონ.

იმისათვის, რომ საბავშვო ბაღმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს, აუცილებელია, კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება.

კურიკულუმის დაგეგმვა

დაწესებულებაში უნდა მოქმედებდეს კურიკულუმის დაგეგმვის პრაქტიკა, რომლის ინდიკატორებია:

  1. პროგრამის განხორციელებისას დაწესებულება უნდა ხელმძღვანელობდეს წინასწარ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმით;
  2. დაწესებულების მიერ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმი ხელს უწყობდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი შედეგების მიღწევას;
  3. კურიკულუმი უნდა ეფუძნებოდეს თამაშს და ითვალისწინებდეს ბავშვს, როგორც აქტიურ მონაწილეს საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში;
  4. კურიკულუმი უნდა ითვალისწინებდეს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას;
  5. კურიკულუმი უნდა ითვალისწინებდეს მრავალფეროვან, ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს;
  6. კურიკულუმი გაზიარებული უნდა იყოს დაწესებულების პერსონალთან და აღსაზრდელების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.

კურიკულუმის განხორციელება

კურიკულუმის განხორციელების პროცესში საბავშვო ბაღმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სახის ინდიკატორები:

  1. საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა უნდა შეესაბამებოდეს კურიკულუმით განსაზღვრულ პერიოდულობას და ხანგრძლივობას;
  2. კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმების შემუშავება უნდა იყოს თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდებოდეს ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის მიერ;
  3. საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებს;
  4. საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  5. თამაში და თამაშის ელემენტები უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის, მათ შორის, ტრანზიციის წარმართვის ძირითადი ხერხი;
  6. დღის განმავლობაში თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს სხვადახვა ტიპის თამაშში ჩართვის საშუალება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, როგორც შენობაში, ისე მის გარეთ.

დაწესებულების საგანმანათლებლო რესურსი უნდა უზრუნველყოფდეს კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, რისთვისაც:

  1. დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  2. დაწესებულებაში უნდა მოქმედებდეს საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმი;
  3. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს კურიკულუმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით.

დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების მოწყობა უზრუნველყოფს კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, რისთვისაც, საბავშვო ბაღმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სახის ინდიკატორები:

  1. ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისად;
  2. დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსების კურიკულუმის შესაბამისად, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
  3. ჯგუფური ოთახები მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ ბავშვს ჰქონდეს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა.

დაწესებულებაში უნდა მოქმედებდეს ბავშვზე დაკვირვების და შეფასების პრაქტიკა, რისთვისაც:

  1. საგანმანათლებლო პერსონალმა თანმიმდევრულად უნდა გამოიყენოს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მრავალფეროვანი მეთოდები;
  2. შეფასება უნდა ემსახურებოდეს თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენას განვითარების ყველა სფეროში;
  3. შეფასების შედეგები გამოყენებული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის/მოდიფიცირებისთვის;
  4. ბავშვის შეფასების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის ჩართულობას.

კურიკულუმის შეფასება და განვითარება

კურიკულუმის შეფასებისა და განვითარების ინდიკატორებია:

  1. უნდა მოქმედებდეს კურიკულუმის შეფასების პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საგანმანათლებლო პროცესისა და ფიზიკური გარემოს შეფასებას, უკუკავშირს მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და საგანმანათლებლო პერსონალის თვითრეფლექსიას;
  2. დაწესებულებამ უნდა გაანალიზოს შეფასების შედეგები და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ცვლილებები კურიკულუმში.

იმის მტკიცებულებად, რომ საბავშვო ბაღში სწორად ხორციელდება კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება, დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

  • დეკლარირებული კურიკულუმი/კურიკულუმის ჩარჩო;
  • კურიკულუმის შემუშავების/შერჩევის პროცესის ამსახველი დოკუმენტები/მასალები და კურიკულუმის გაზიარების ამსახველი დოკუმენტები/მასალები;
  • აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის პორტფოლიო - დღის განრიგი, კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმები, ინდივიდუალური გეგმები, რეფლექსიური ჩანაწერები და სხვა;
  • სხვა საგანმანათლებლო პერსონალის პორტფოლიო ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ბავშვების ინდივიდუალური პორტფოლიოები;
  • კურიკულუმის შეფასების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები;
  • შეფასების შედეგებზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები;
  • ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია;
  • საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმი;
  • კურიკულუმის მიზნების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფის დოკუმენტაცია და წიგნების აღრიცხვის ჟურნალი, საბავშვო ბიბლიოთეკის აღმწერი დოკუმენტი;
  • ინვენტარის აღწერის დოკუმენტაცია, მატერიალური რესურსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - მიღება-ჩაბარების აქტები.

იხილეთ ასევე:

რა სახის მტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საბავშვო ბაღში - ახალი სტანდარტის მოთხოვნები

ბაღის აღმზრდელმა ბავშვებს, პირველ რიგში, დღის განრიგი უნდა გააცნოს - ახალი სტანდარტის დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი